Thursday, November 20, 2014

მერიკო და კიდევ ბევრი რამ ეგოისტურად

მერიკო  და კიდევ ბევრი რამ ეგოისტურად

 ადამიანების უმრავლესობა ისევ ადამიანებმა გადაარჩინეს.  წყარო არ მახსოვს,  მაგრამ წავიკითხე, რომ ცნობილი ფსიქოლოგი როჯერსი საქართველოში ყოფნის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნავდა მეგობრის, მეზობლის და სუფრის ინსტიტუტს, რადგან თვითონ ეს გენიალური ადამიანი თერაპიის პროცესს განიხილავდა, როგორც უბრალო ურთიერთობას ადამიანებს შორის, სადაც შექმნილია თბილი, ბუნებრივი სიყვარულით სავსე ატმოსფერო ...
შეიძლება დღეს ემპათიის ნაკლებად გამოხატვის და მითუმეტეს ემპათიური გარემოს შექმნის დეფიციტის ეპოქაში ეს ყველაფერი ვიღაცას გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე ეს ბედნერება ნამდვილად მქონია და მაქვს. ბევრჯერ გამომიცდია საკუთარ თავზე, განგებამ ამით ძალიან გამანებივრა, რომ ჩემს გვერდით მუდმივად იდგნენ საუკეთესო მეგობრები, ინტელექტუალები, გამტანები, მოტივატორები, რომლებიც არა მარტო მეგობრები იყვნენ ჩემთვის არამედ, მენტორებიც, მრჩევლებიც და შემფასებლებიც. ვიცი სისხლის ყივილი ძალიან ძლიერია, ამისთვის ჩემი დების მაგალითიც კმარა, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შენი სისხლი არ არიან, და ამ დროს ძლიან ღვიძლები ხდებიან ...  დარდობ, ფიქრობ, გიხარია რომ კარგად არან,  მათი ღიმილი თუ სახეზე ჩრდილის დანახვაც კი გესმის .... შეიძლება კვირის განმავლობაში არც დაეკონტაქტო და ყოველ დღე გახსოვდეს ..... და შენს ლოცვებში ყოველ დილით იხსენიებდე ..... ასეთი ადამიანები რასაკვირველია ცოტაა, და მათთვის თურმე ცხოვრება ხშირად გიწყობს გამოცდებს, ზოგი უძლებს ამ გამოცდას, ზოგი კი ვერა .... იჭრება ამ გამოცდაში, ტოვებს აუდიტორიას და ჩაჭრილი გადის ...........
ცხოვრების განსაცდელი ძალიან მძიმე გამოცდაა თითოეული ადამიანისთვის ვინც ხვდება და მის ანალიზს აკეთებს, რომ ეს პრობლემა მართლაც პრო-ბლემა იყო და არა კონტრაბლემა, რადგან კონტრაბლემად თუ განვიხილეთ ჩენ მისგან ვერაფერს ვსწავლობთ ხოლო პრო-სგან ბევრს ...........
მოყვარული კულინარების კონკურსის დროს იდგა და ამზადებდა თავისთვის ღორის ხორცს ბროწეულის სოუსში, ვიღაცამ მითხრა - აი შეხედე რუსთავი 2 ში რომ გამოდის ის გოგო რა საინტერესო რაღაცას აკეთებსო, ერთი შევხედე, თავდახრილი მუშაობდა, მერე დამავიწყდა,  მხლოდ მაშინ მივაქციე ყურადღება, როდესაც მისი მომზადებული კერძი გამარჯვებულებში იყო. აქცენტი მხოლოდ მაშინ გავაკეთე, როდესაც შევამჩმე, რომ ზედმეტს არასდროს ლაპარაკობდა და ძალიან თავშეკავებული იყო, თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ არც აინტერესებდა შედეგი ........
შემდეგ იყო გამარჯვება და ერთმანეთის გაცნობა, იყო ტრენინგები და ინგლისურის, ბიოლოგიის, ბოტანიკის,  ლექციები .... ჩვენ თითქოს ერთმანეთს ვსწავლობდით ყველა და მათ შორის იყო მერი, ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციაში და თავაშეკავებული, მაგრამ პირდაპირი და პრინციპული .........
გავიგე, რომ ვენის სასტუმროში ერთ ნომერში ვიქნებოდით ... ინტერესით ველოდი ... უკვე ჩემთვის „რაღაცნაირი იყო“ აი „რაღაცნაირი“ როდესაც არ იცი რა დაარქვა ამას, რომელსაც აქვს ისეთი რაღაც, რაც მის იმიჯს და ტიპაჟს ქმნის და რაც არავის არ გავს .........
ერთად ვიარეთ მუზეუმებში, პროსპექტებზე, შოპინგებზე, ერთად მოვიგიჟიანეთ თავი, ერთად  ვათენეთ ღამეები,   ერთად გავიარეთ ტრენინგის სიძნელეები და წარმატებები...  ერთად გადავწყვიტეთ პრობლემები და ერთად შევაფასეთ ზოგიერთი იქ მყოფების უმსგავსობები ....    მე ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, რომელსაც ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე გამიჭირდებოდა ზრდასრული ადამიანების მართვა .......
უკვე საბოლოოდ მჯეროდა რომ ის იყო ადამიანი რომელზეც შეიძლებოდა დაყრდნობა და ხშირად რჩევებს ვეკითხებოდი, მისი აზრი ძალიან მაინტერესებდა,  ვსტუმრობდი, როგორც შავ ლომში ასევე შუა დღეში, ვურეკავდით რთმანეთს და გვიხაროდა ეს ურთიერთობა .....
ამიტომ ვახსენე პირობითად გამოცდა, რომელსაც ადამიანების ურთიერთობას ხშირად უწყობს ცხოვრება ...  ჩემს საინტერესო ცხოვრებაში ეს ხშირად ხდებოდა .....  სადაც მერიმ ისეთი ხასითის სიმტკიცე, სამართლიანობის უნარი, მეგობრობის და სიმართლისთვის უშიშარი ადამიანის პოზიცია გამოამჟღავნა, რომ მართალი გითხრათ ცოტა თუ გაუძლებდა ამას,  ბევრმა ჩემს ირგვლივ მყოფმა ამას ვერ გაუძლო, ძალიან ბევრმა .. ეს იმას სრულიად არ ნიშნავს, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან,  ურალოდ პიროვნულად სუსტები აღმოჩნედნენ, რასაკვირველია ზოგიერთები ....
შემთხვევითაც არ მიხსენებია როჯერსი ...  მერიკო უკვე იყო ჩემი როგორც მეგობარი, მხარდამჭერი ასევე ჩემი ფსიქოთერაპევტიც,  მან დამაკავშირა რუსთავი2ის შუადღის საოცარ ადამინებთან  ....   მას მერე თითქმის ყველა ტელევიზიაში ვიყავი,  და ასე თუ ისე ჩავიხდე ამ მენიუში ....  არსად არ  სუფევს ისეთი ატმოსფერო, როგორიც იქ... რადგან ატმოსფეროს ადამანები ქმნიან ..........
მის მიმართ უცნაური გაორებული გრძნობა მაქვს, როგორც მეგობრის ასევე რატომღაც დედაშვილური ...  არ ვიცი რატომ ...  შეიძლება ეს იმით არის განპირობებული, რომ მერიკოს დედა არ ყავს, და მე მინდა როგორც საყვარელ ადამიანს ეს სიცარიელე თითქოს შევუვსო....   გაფაციცებით ვადევნებ თვალს მის ყოველ ნაბიჯს და მკაცრი შემფასებელიც ვარ, რადგნ მინდა, რომ ყველაზე კარგი იყოს იმაში რასაც აკეთებს, ისიც მისმენს დიდი ინტერესით, უნდა რომ ჩემგან მოისმინოს შენიშვნები და ახალი წინადადებები ... ვისაუბროთ ყველაფერზე  ....... გადაცემის იდეებზე, ავკარგზე ამ მთისა და იმ ბარისაზე, ჩემებზე, პატარა „ბლატნოი“ ლეჟოზე ....  და ვინ იცის კიდევ რაზე ..... მაგრამ მთავარი არის ის სიმყუდროვის, სითბოს და კარგი განწყობის შეგრძნება, რასაც ეს ურთიერთობა გვანიჭებს.
სადაც არ უნდა მიხვიდე მასთან, ყოველთვის ცდილობს, რომ კომფორტი შეგიქმნას და გასიამოვნოს,  ეს კეთილი ადამიანები თვისებაა,  ვიცი, რომ საოცრად კეთილია, ხშირად დაუმტკიცებია სხვადასხვა ქცევებში, ქმედებაში, შეფასების დროს... ადამიანები ხომ ნიუანსებისგაც შედგებიან, თუმცა ამას ხშირად თვითონვე ვერ აფიქსირებენ ...... 
მერიკო ძალიან უშუალოა  და ხალასი,  არ აინტერესებს თავის მოჩვენება და სიყალბე, არის ის, როგორიც არის და მორჩა. მე მას ქართული გასტრონომიული კულტურის რევოლუციონერს ვეძახი ... როცა მწვანე ღომი  გააკეთა, რაც ეხლა ძალიან პოპულარულია და ბევრი მოყვარული სპეციალურად დადის შავ ლომში მის დასაგემოვნებლად, ვეუბნებოდი ფრთხილად იყავი ემანდ მეგრელებმა არ დაგისადკავონ ღომის გაუპატიურებისათვის მეთქი, მაგრამ მას არ ეშინია სიახლეების და საინტერესო რისკების ...
ძალიან კარგი ინტუიცია აქვს, ამას მოწმობს ის ჯგუფი, რომელიც შავ ლომში ყავს ... ნანას საოცარი  ხელები, რომელიც შოპენს, შუმანს და ლისტს უკრევენ და მერე შავი ლომის სამზარეულოში მერის იდეებს აცოცხლებენ და კიდევ თამუნას კომუნიკაბელურობა, რაც ყოველი კერძისადმი სტუმარს ინტერესს აღუძრავს და ქმნის ოჯხურ გარემოს.
აი ლეილაში კი სრულიად ახალგაზრდა შეფ მზარეული ყავს ილია ბენაშვილი, რომელსაც უკვე აქვს თავისი საფირმო კერძები, რაც ძალზე საინტერესო მომენტია.  მერიმ მე მისი ერთ ერთი კერძი გამასინჯა ორაგულის სალათი ფეიხოს დრესინგით და გოგრის სუპი ფორთოხლის წვენით და ჯანჯაფილით ...  გაოცებული დავრჩი ინგრედიენტების ბალანსით, სადაც იგრძნობოდა თაიგულის გემო, როდესაც გრძნობ ყველა ინგრედიენტს ცალალკე და ამავე დროს ერთობლივად .....
რატომ არის ეს მერიკოს დამსახურება?   
იმიტომ რომ ლეილაში ილიას კარტ ბლანში აქვს, რომ დანერგოს ინოვაციური, საინტერესო, ეგზოტიკური და კარგი ... რადგან მისი შეფი მერიკო, კარგად ხვდება, რომ  გამოყენებითი მატემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, რომელიც უკრავს ასევე პიანინოზე, გიტარაზე და საოცარ საქსოფონზე და ამავე დროს საოცარი კულინარია .... სულაც არ იქნება სტანდარტულად მოაზროვნე და რომ ის ნამდვილად გააჯაზებს სამზარეულოში.....  როცა მისი გაცნობა მოვინდომე ჩემს წინ მაღალი საოცრად სიმპათიური ახალგაზრდა წარსდგა ..... აი რატომ არის ეს მერიკოს დამსახურება ......
კიდევ?  კიდევ რა და ძალიან ბევრი რამ,  მერიკოს მენეჯერულ უნარებზე, საქმისადმი ერთგულ და ბიზნეს დამოკიდებულებაზე, დაუღალავ შრომისმოყვარეობაზე,  ჯანსაღ და ავთენტურ პროდუქციაზე ორიენტირებულ სამზარეულოზე, დედობაზე, მეუღლეობაზე,  მამისადმი და ახლობლებისადმი პოზიციაზე ... უამრავ რამეზე შემიძლია .... მაგრამ ეგოისტურად ვწერ .....
დალი 10.11.2014


Friday, September 12, 2014

მენეჯმენტის გაკვეთილები - ერთ ერთი - კარგია ალკოჰოლიიიი.....

ერთ ერთი
კარგია ალკოჰოლიიიი.....

ტახტზე მარცხენა მხარზე წევს, ბალიშები აქვს ჩახუტებული, ერთი შემომხედა ჩემს სალამზე და..  –ტ..................იიიიიიიიიიიიიიი დაუძახა
–აი ის წიგნი მომაწოდეთ  მუქი ლურჯი რომ დევს ჩემს მაგიდასთან....
–ათვალიერებს........ როგორც ყოველთვის ძალიან ახლოს მიაქვს თვალთან და გულმოდგინედ აკვირდება
–აი იქ  ხომ ხედავთ ყირგიზული კონიაკი დევს...
–კი ვზედავ „კრგზკონიაკ“
–წაიღეთ, დასალევად მაინც არ ვარგა, სამზარეულოში საჭმლის გასაკეთებლად გამოიყენებთ, ან ფლამბესათვის კარგია.
–ძალიან დიდი მადლობა
–ჰო..
–შეიძლება რაღაცა გითხრათ?
–მითხარით, მითხარით...
–თქვენ ხომ ამოგყავთ ყველი სახლში?
–მერე
–აი ფეხი რომ გტკივათ პოდაგრას გამო, ყველს რომ ამოიღებთ დარჩენილი შრატის ვანები გაიკეთეთ, ძვლების ტკივილის, ნერვის ანთების კარგი სამკურნალოა, დედაჩემს ბებიაჩემი უკეთებდა და მე თვითონ მაქვს ნანახი.
–რა შუაშია პოდაგრა ხომ რაღაც მოლეკულური წარმონაქმნია, თუმცა რატომაც არა ძალიან საინტერესოა.
–მოდულმა შეცვლილი პროგრამა გამოაგზავნა ..... ვუჩვენებ .....
–ვხედავ, არაფერს არ აკეთებთ, ყავა, ლანჩი..
–დაწიეთ..... კიდევ დაწიეთ...... ეხლა დაბრუნდით უკან......  –ამიხსენით რა არის Kitchen Management ? ეს ალბათ სამზარეულოს მართვას ეხება....
- ალბათ კი არა, ამიხსენით რა არის, რატომ არ კითხეთ?
–არ მივიჩნიე საჭიროდ, რადგან მენეჯმენტი, მართვაა, და თუ სამზარეულოშია, ის მომარაგებას, დასაწყობებას, ფუნქციების განწილებას, და ა.შ. შეეხება
–თქვენ ზარმაცი ხართ
–არა სულაც არა ვარ ზარმაცი,
–მაშინ დაინდეთ ხომ ის ვიღაცა, დედამოტ.... გერმანელები, ჩვენ ტყიურები ვართ და ამდენს ვერ შეგაწუხებთო?
–არა არ დამინდვია უბრალოდ ალბათ ჩემი შეცდომაა .....
–ჰო თქვენი შეცდომაა და ხშირად გაქვთ შეცდომები......   რატომ არის, რომ თქვენ ორთან შეხვედრის მერე მუდამ ცუდ ხასიათზე ვარ, რაღაცნაირად მუშაობთ......
–ეს კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლა რაღაა?
–ეს თუ როგორ მისცეს მასწავლებელმა ის ნაკრები რასაც კომპეტენცია ჰქვია, ცოდნა უნარები, დამოკიდებულებები;
–ეს  დაჭრის სწავლა რაში უნდათ?
–მასწავლებლებმა ცალსახად ყველამ  მთხოვა, რადგან, სხვადასხვა ნაჭრები, სხვადასხვა სადილებისთვის გამოიყენება, და ასევე საქონელს როგორ უდა ააცალო ნაწილები და დააფასოვონ.
–არა მაინც საჭმლის კეთების სასწავლად მიდიხართ
–არ მივდივართ საჭმლის კეთების სასწავლად. თუ მე მაგალითად „მგზავრის წერილბს“ ვასწავლი და ვცდილობ დიდაქტიკა და მეთოდიკა დავანახო მასწავლებელს,  ტექსტის გარეშე ხომ ამას ვერ გავაკეთებ, ჰოდა ამ შემთხვევაში ტექსტი საჭმელია, ის ხალხი ყველა პუნქტში აღნიშნავს, რომ ყველა ეტაპზე აქცენტი იქნება მეთოდებზე.
–რა ქენით საელჩოზე?
–შევიტანეთ საბუთები უპრობლემოდ, დავჯავშნით ბილეთებს.
–სამწუხაროდ ერთერთი მასწავლებლი ბ......ი ვერ მოდის ავადმყოფობის გამო
–რა მოუვიდა
–ზამთარში ვირუსი ჰქონდა და გაურთულდა ფილტვებში, ექიმი უკრძალავს ფრენას.
–უკვე მივწერეთ
–კიდევ კიდევ რა საკითხი გაქვთ?
–ფესტივალის მოსაწვევები
–გითხარით ეხლა არ ვაკეთებთ, მაგრამ მიჩვენეთ
–რა არის ეს ჩახუჭუჭებული, ხომ გითხარით არ გინდათ მეთქი
–გამოვბეჭდეთ....     ნახეთ...     შ....  მიაქვს და აძლევს, ეს ტექსტი შიგნით ჩაიდება...........   კითხულობს, აქ გაასწორეთ სად შედგება დააკონკრეტეთ
–კიდევ?
–კიდევ ტრიდეში იქნება ბანერი 1,5X2, კარგი.
–კიდევ?
–სულ ეს იყო
–კარგით, კარგით
–შ...     სხვა ალტერნატიულ ფართზე ხომ არ ვიფიქროთ ფესტივალისთვის?
–არა
–მადლობა კონიკისთვის
მ.....,   დ.....სი და ლ...... შემოდიან...   გ.....      ეუბნება –ჯერ არ დაგვიწერია ბატონო ....
–აბა რას შემოდიოდით, წადით, წადით და დაწერეთ  ტ ...იიიიიიიიიიიიიიი!

ჩამოვდივარ და ტირილს ვიწყებ, მრცხვენია შ.....სი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, მერე კონიაკს ვსვამ ცოტა ხანში ვწყნარდები...........  კარგია ალკოჰლიიიიიიიიიიიიი..............

გასტრონომიული კულტურის ისტორია

გოჭი ქარდულად

დედაჩემს მუდმივად ყავდა ღორი, თანაც ჯიშიანი,  ერთ დედა ღორს მაშას, ეძახდა საღამოობით მაშას ცოტა თუ შეაგვიანდებოდა „მარშ დამოიი“ო რომ დაუძახებდა ღორი ძუნძულით მოდიოდა ხოლმე იქვე მდინარე ოჯოღორეს ნაპირას მდგარ საღორესთან.
ოჯახში სულ ძუძუთა გოჭს კლავდა, რომელიც განსაკუთრებულ კვებაზე იყო. მიუხედავად ამისა, მე მაინც დიდად არ მიზიდავდა შემწვარი გოჭი, მაგრამ მაშინ ხომ არ ვიცოდი ქარდულად შემწვარი გოჭი.
ალიოშა ქარდავა ჩემი მამამთილი საოცარი გურმანი იყო, მისი რეკომენდაციებით და მისი პირის გემოზე მზადდებოდა ოჯახში ყველაფერი ....  და  რასაკვირველია გოჭი, რომელიც მთელს სანათესაოში და სამეზობლოში იყო პოპულარული და მას  „ქარდულო ჭვილ თუ“ს ეძახდნენ.
პირველი და აუცილებელი რასაკვირველია თვითონ პროდუქტი იყო, ანუ გოჭი  როგორც ცხონებული ალიოშა იტყოდა „შინთალი“ ანუ გრძელტანიანი და მოზრდილი. მეორე აუცილებლობა კი „ჯამანგარი“ ანუ კარგი ხარისხის შეშა, წიფელა რცხილა და არამც და არამც თხმელა მესამე აუცილებელი და მთავარი კომპონენტი მწვანე აჯიკა და  ტყემლის კარგი წვენი.
გულღვიძლი და მთელი შიგნეულობა კარგად რომ გაირეცხებოდა  უნდა შენელებულიყო აჯიკით, ოღონდ „მწვანე“ აჯიკით, ამას  ემატებოდა ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შეიძლებოდა ჭყინტი ყველის დამატებაც. ამის შემდეგ გოჭს შიგნიდან ესმებოდა მწვანე აჯიკა და იტენებოდა შენელებული კუჭმაჭით, ამოკერვის შემდეგ გამზადებულ გოჭს აცვამდნენ  დიდ ხის წკირზე, რმელიც  რამდენიმე სიგრძის და სიდიდის იყო მანდარინების ჩეროში  ჩაფლულ მეგრულ ჯარგვალში.  ჯარგვალი საერთოდ სხვა თემაა, ამ ოჯახის გასტრონომიაში. 
გიზგიზა ცეცხლი რომ ალს მოიგდებდა,   ნაღვერდალი გოჭის მთელს პერიმეტრზე თანაბრად ნაწილდებოდა  და იწყებოდა გოჭის ტრიალი, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. 
 და აჰაჰა, უკვე შემწვარიაო რომ იტყოდი, რომელიც დანის წვერითაც მოწმდებოდა, გოჭს  სხვა პროცედურა ეწყებოდა....
ტყემლის წვენში, იხსნებოდა მწვანე აჯიკა, ემატებოდა ცოტა ძმარი და მარილი, ეს სოუსი დანის წვერით მთელ ტანზე დაცეხვილი გოჭისთვის უნდა წაგესვა. ამის შემდეგ იწყებოდა რაც იწყებოდა, წკირი ისე სწრაფად უნდა გეტრიალებინა, ისე სწრფად, რომ ცხიმი ერთი წვეთიც კი არ დაცემულიყო მიწაზე,  რადგან სწორედ ამ ცხიმსა და სოუსში იყო მთავარი „ფიშკა.“  ცხიმი და სოუსი რომ შეაშრებოდა მეორეჯერაც წაუსვამდნენ, და აი  კანი ტკაცუნს რომ დაიწყებდა ეს „ტანამო რკვანილი“ მთელი ტანით შენელებული  გოჭიც მიეყუდებოდა შესაგრილებლად ჯარგვალის კედელს.
ამის ყურება ერთი სიამოვნება იყო და ასევე დიდი ტანჯვაც, რადგნ მთელი სენსორული ორგანოები კანკალს იწყებდნენ ისე, რომ ყურებიდან და პირიდან ნერწყვი გდიოდა, სანამ ჯარგვალის კედელზე მიყუდებულ არომატიან გადარდალებულ „შინთალ თუს“ ყურებს მაინც აახევდი ან კუდს მოგლიჯავდი და დააცხრობდი კულინარიულ  სურვილებს.
შემდეგი ეტაპი გოჭის დაჭრა ანუ მეგრულად „ნწყმა“  იყო, პირველი ამოკერილი მუცელი იხსნებოდა, მთელი კუჭმაჭი თავისი დიდებულებით ცალკე ლანგარზე იდებოდა,  ხორცის ნაჭრები კი ცალკე ლანგარზე ლაგდებოდა.  დანაწევრების დროს ლანგარზე დარჩენილი  ნარჩენები და წვენი, როგორც სოუსი ისე გამოდიოდა, ან შეიძლებოდა ტყემლის წვენს ან პომიდვრის საწებელს დამატებოდა, ასეთი რამ შემდეგ ვენაში ვნახე ერთ ერთ ჰოირიგეში და რომ მივხვდი რა იყო, ძალიან გაუკვირდა ჰოირიგეს მეპატრონეს.
ასეთი იყო გოჭი ქარდულად.   ამის არდაგემოვნება და არშეყვარება იქნებოდა, რაოდენ კანიბალურიც არ უნდა იყოს?  მთელი გოჭი გაჟღენთილი იყო აჯიკის, ცხიმის, კვამლის არომატით, მთელს უბანში მისი სუნი ტრიალებდა და ბევრის ცხვირის ნესტოს გვრიდა ცრემლებს, თუმცა ქარდების კარი ყველასთვის ღია იყო.
კუჭმაჭს რასაკვირველია პირველს მიირთმევდნენ ცხელ ღომთან ერთად, მაგრამ ტკაცუნა კანის დაგემოვნება კულინარიული განცხრომა იყო, მუქი აგურისფერი, კრატუნა კანი პირში დნებოდა და მთელი არომატიების ბუკეტი პირდაპირ ჟრუანტელისმომგვრელი იყო, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ სჭირდება ამას ან ღომი ან რამე საწებელი მეთქი.
მეორე დღესაც არანაკლები იყო გაცხელებული ხორცი გაფიცხინებულ ღომთან, რასაკვირველია ისეთი არა როგორიც ჯარგვალიდან პირველ გამოსვლაზე.
რამდენი რამ დავაგემოვნე, აქაც, იქაც, შორს და ახლოსაც, მაგრამ არსად არ მინახია ასეთი ტექნოლოგია  და მიგრძვნია ის კულინარიული ტკბობა.

 დალი 12.09.2014

Monday, May 5, 2014

მარიამობა „ჩე ოხვამეში“ და მამა პიმენი

მარიამობა „ჩე ოხვამეში“ და მამა პიმენი

ჭუბურხინჯის ეკლესიაში ვარ, ვერ ვიჯერებ, დღეს მარიამობაა, 2007 წელია, ომიდან რამდენი წლი გავიდა, რამდენი ცრემლი და ვაივაება ნახა ამ მიწამ.
 ეს ეკლესია „ჩე ოხვამე“  მაშინაც იყო როცა გალში ვცხოვრობდი, მაგრამ არავინ არ დადიოდა.  როცა ჩემი და ლალი ამ სოფლის სკოლის დირექტორი გახდა, აქაურობა თავის მასწავლებლებს და მოსწავლეებს მოაწესრიგებინა, გაარემონტა.  მაშინ ეს პარტიული და კომკავშირული მუშაკისათვის თამამი გადაწყვეტილება ყველას უკვირდა ....
 ახლა აქ პარაკლისია, მარიამობის პარაკლისი.  ვერ ვაცნობიერებ, რომ ეს აქ ხდება, აფხაზეთში, გალში და პარაკლისს მამა პიმენი იხდის.  
-მამა პიმენი, მამა პიმენი, მამაპიმენი, ვიმეორებ გულში უამრავჯერ, და თან იდენტიფიკაციას ვერ ვახდენ, ეს ის რომანია?  ჩემი ბავშვობის მაგობარი, ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, ანცი ბავშვი დაუდგრომელი, ბიჭი, და გიჟი გადარეული, თავაწყვეტილი,  უშიშარი და „მოხეტიალე“.....  „საინტერესო“ და პარადოქსებით აღსავსე, რომანტიული და ინტელექტუალი, ინტელიგენტი და „მწირი“ .....  არა, ვერა და ვერ  ვაკავშირებ ერთმანეთთან... , თურმე მეტამორფოზა მართლაც შესაძლებელია .........
მამა პიმენი ვხედავ, რომ აღელვებულია, მრევლი ნელ ნელა გროვდება, თავიდანვე აღმოჩნდა, რომ კარებს ვიღაცა აწვალებდა და ბოქლომი საგულდაგულოდ ამოავსო რკინის ნატეხებით, ვიღაცა კი აშკარად უნათებდა ასანთით, რადგანაც ბლომად ეყარა ნამწვები.  კარი მაინც გააღეს, პირველი გრძნობა საოცარი იყო,  სირცხვილის და ასევე სინანულის გრძნობა.  სირცხვილის იმიტომ, რომ არ ვიცოდი თუ ამდენი რამ იყო გაკეთებული, სინანულის იმიტომ, რომ  დახმარება არ გამიწევია ამ ადამიანისათვის. მტანჯავდა  იმის შეგრძნება, რომ ამდენი რაღაცის გაკეთება სხვასაც შეეძლო და სხვა დროს, მაგრამ არავის უზრუნია, ალბათ ეს უნდა მომხდარიყო, რომ ღმერთისათვის მოგვეხმო, გაგვეცნობიერებინა ბევვრი რამ.....
მამა პიმენს ვიღაცეები კოცნიან, აი მიკროავტობუსი ჩერდება. გადმოდის ხალხი, ისინი მამაოს ეხვევიან და თან ამბობენ, რომ ღუმურიშიდან არიან, ამის გაგონება შოკში მაგდებს, რადგან ვიცი, რომ ღუმურიში მაღალმთიანი სოფელია და ძალიან შორსაა, თან ასეთ დროს მიკროავტობუსის შოვნა და თან ფულის გადახდა ძალზე ძვირი სიამოვნებაა.   ჩვენებს –ანუ ადგილობრივებს ხომ მხოლოდ დროგით და ველოსიპედით სიარულის უფლება აქვთ, ისინი–„აფხაზები„  კი უფლებამოსილი არიან მერსედესებით ჯიპებით ან ოპელებით ისრიალონ.
 ღუმურიშელების ჩამოსვლამ ყველაზე საოცრად იმოქმედა,  ბავშვებიც იყვნენ ხანშიშესულებიც და ახალგაზრდებიც. ნაბაკევიდანაც მოვიდნენ, გალიდან კი უამრავი ხალხი იყო, მამა პიმენის ბიძაშვილები, მეზობლები......  ბევრი ნაცნობი სახე, ნაცნობი, რომელსაც სადღაც შორს შერჩენოდა ძველი იერი...   ყველა ტიროდა.......
პარაკლისი დაიწყო, მე ვტირივარ, ღაპაღუპით ჩამომდის ცრემლები, ათასნაირი გრძნობა ორევა ჩემში,  პირველი რაც მაღელვებს, ეს ის არის რომ, უმრავლესობამ ზეპირად იცის ლოცვები, რაც მიკვირს, რადგანაც სამურზაყანო ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა თავისი რელიგიური განათლებით....... 
თითქოს ციდან ჩამესმის მამა პიმენის, ჩემთვის ახლობელი ნანი ნანატრი ადამიანის ხმა, რომლის ყოველ გაგონებაზე ბავშვობიდან ტანში ჟრუანტელი მივლიდა, გონს ვერ მოვდივარ, რომ ეს იგივე ხმა იყო.  ეს ხმა ახლა ოდნავ კანკალებდა, მე ხომ ვიცოდი, რომ ღელავდა,  თან განიცდიდა, არ ელოდა, რომ ეს შეშინებული და გასაცოდავებული ხალხი დაბეჩავებულები და თანაც რწმენაში ძალზე სუსტები,  გაბედავდნენ და მოვიდოდნენ....    მოვიდნენ ქართულ პარაკლისზე,  ქართველ მღვდელთან, ქართულ ეკლესიაში, მაგრამ რაც მთავარია მოვიდნენ .... ისინი მოვიდნენ.........
პატარა გოგოები მეხმარებიან, წინა ღამით მე და მამა პიმენის დედამ უამრავი რამ გავამზადეთ, ხაჭაპურები, ნამცხვრები, კანფეტები, ხილი, რომ წირვის შემდგომ ყველას ერთად გვეტრაპეზა. ეს ბედიანიდან ვიცი ყოველი წირვის მერე დედაოები ხომ ასე აკეთებდნენ მარიამობაზე ბედიანში.
ინიციატივა ავიღე, ყველაფერი გარეთ გამოგვაქვს,  ხალხს ჯერ უკვირს, ვიღაცა გარბის და იქვე სამეზობლოდან კიდევ დამატებით მოაქვს ის რაც შეუძლია, ღვინოც გაჩნდა, უამრავი საჭმელიც, მორიდებით იღებენ  მოხარშულ სიმინდსა თუ ნუცას განთქმულ ყველით გატენილ მეგრულ ხაჭაპურს. უმრავლესობა ტირის, თავიდან  მორიდებით შემდეგ კი უკვე თამამად ისმის სადღეგრძელოები
-„ღმერთმა ქნას, რომ დღევანდელი დღიდან დაიწყოს ჩვენი გათავისუფლება“
–„ამინ იყოს“
-„ღორონთს გაუგონებუდას“
ყველა ერთხმად ამბობს.
- „რა ბედნიერებაა, მამო, რომ ქართული სიტყვა გაისმა დღეს ამ „ჩე ოხვამეში“
ეს მეგრულად თეთრ სამლოცველოს ნიშნავს, ასე ეძახდნენ თურმე ამ ეკლესიას ჩვენი წინაპრები, რადგან თეთრი ქვებისგან ყოფილა აშენებული, ეხლა გარედან ბათქში აქვს, რომელიც აქა იქ ამოჭმული და ჩამონგრეულია. მაგრამ მშრომელ ხელს ირგვლივ დაუკრიალებია და მისასვლელი გზაც მოუკირწყლავთ...... 
პატარა მორიდებულ ბავშვებს ძალით ვაძლევ ტკბილეულს და საზამთროს, ვიცი რომ ღუმურიშიდან ჩამოსულ ხალხს ეშიებათ, შემდეგ  გოგოებს ვავალებ, რომ ლანგარზე დადონ ყველაფერი და ჩამოუარონ ყველას, რასაც  სიხარულით აკეთებენ, მეგრელებს ხომ, სტუმრის პატივისცემა სასიცოცხლო საქმედ მიაჩნიათ......
ვიღცა ქოშინით მოვარდა, ყველას სახე შეეცვალა ჯადოსნური სიტყვები „აფხაზები მოვიდნენ“ მეხის გავარდნსავით გაისმა, ყველას ზარავს ეს სიტყვა.  მამა პიმენს სახე შეეცვალა, მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ახლა მასზე იყო დამოკიდებული ბევრი რამ.  „მალემსრბოლი“ ამბობს, რომ სოფლის გამგებელი დგას მანქანით მოსახვევთან და იხმობს მამაოს,  „თუ ხალხს უნდა რომ  მე თვითონ არ მოვიდე, მამაო თავად უნდა მეახლოს“.  მამო მშვიდად ეუბნება მრევლს
–არ ინერვიულოთ ღვთის მადლით ყველაფერი კარგად იქნება, მე ეხლა მივალ და დაველაპარაკები...
უკან რამოდენიმე კაცი მიჰყვება.... ირგვლივ ჩურჩული ისმის – აბა ხალხო ვის ჰყავს „თავისი აფხაზი“ ან ნაცნობი ან ნათესავი აფხზი, დარეკეთ ჩვენს მამოს არაფერი დაუშავონ, ზოგი რეკავს ზოგი ამბობს გაეროში წავიდეთ.  
-რა გაერო რის გაერო, მოეთრევიან, დააფიქსირებენ და არაფერსაც არ იზამენ... გრძელდება „ბჭობა ჩურჩულით.“   
-მოდი ჯერ დაველოდოთ თვითონ მამო რა იტყვის, და მერე დავრეკოთ ვინმე ნათესავ აფხაზებთან,  აზრს გამოთქვემს მეორე ფრთა.
 ბჭობა კარგა ხანს გაგრძელდა, ამასობაში „მაცნემაც“ ამბავი მოიტანა, საქმეს ურჩევენო მამოს ისე, რომ მანქანიდან არც გადმოვიდნენო,  მამო კი მშვიდად ეუბნებაო, რომ რაც არ უნდა მოხდეს ეს მისი ეკლესიაა, მისი სამშობლო მიწაა და ის მაინც გადაიხდის პარაკლისს, ის მაინც ილოცებს, ის მაინც არ წავა სანამ აქ ხალხი იქნება, რადგან დღეს დედა ღვთისმშობლის დღეა....   ამაზე ჯერ გაბრაზებულა „ბატონი სოფლის გამგებელი“ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი უთქვამს „ხო ლოცვას ვერავინ დაგიშლით, მაგრამ აქ ხალხის შეგროვება, ერთად დგომა და სხვა ამბები ცუდია, თანაც შენ მამაო, ეს ყველაფერი ჯერ  აფხაზეთის მამოებთან უნდა მოგეგვარებინა და მერე დაგეწყოო ლოცვა.  „მაცნე“ აღელვებული ყვებოდა თუ როგორ მშვიდად პასუხობდა მამა პიმენი, რომ მას უკვე აქვს კურთხევა თავისი წინამძღვრისაგან, რომელსაც ის ემორჩილება და არავითარი აფხაზი მამოების ნებართვა ამისათვის არ სჭირდება......
წუთები საუკუნეებად იქცნენ, ხალხი გარინდებული ელოდებოდა როგორ წარიმართებოდა სიტუაცია. თითქოს არავინ სუნთქავდა, მხოლოდ „ჩე ოხვამე“ იდგა საუკუნეებგამოვლილი და ვინ იცის რას წინასარმეტყველებდა, ჩვენ ადამიანებს, ჩვენი ცოდვების სიმრავლისგან გონებადახშულებს და სმენადახშულებს არ გვესმოდა მისი .........
აი მამა პიმენიც გამოჩნდა... ირგვლივ სამარისებური სიჩუმეა, ისევ მამა პიმენი არღვევს ძარღვებში სისხლგაყინული ადამიანების დაძაბულობას
 –ყველაფერი კარგადაა ხალხო, ღმერთი ჩვენთანაა, თუ ერთად ვილოცებთ ვერავინ მოგვერევა, ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ, ......  დედა ღვთისმშობელი გვფარავდეს, ის არასოდეს მიგვატოვებს..............
ქვითინი გრძელდება, „ჩე ოხვამე“ ისევ ისე დგას და უამრავ რამეს ამბობს, ღვთისმშობელმა შეგვაძლებინოს, რომ გავიგოთ რას გვეუბნება.....


ღომის „ფილოსოფია“

მეგრელისთვის ღომი ძირითადი საჭმელია. ის განიხილება ლამის რიტუალურ კერძად.   მისი მომზადების ეტაპები საინტერესო და მრავალფეროვანი იყო ძველ სამეგრელოში.  ახალმა ეპოქამ, რასაკვირველია, ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ  მეგრელისთვის წარმოუდგენელია მეგრული სადილი, სადღესასწაულო თუ სამგლოვიარო, მიცვალებულის მოსახსენიებელი სუფრა მის გარეშე. მეგრული  სამზარეულოს მშვენება „ჯურჯანი“ (მეგრული კუჭმაჭი), კუპატი, მეგრული ხარჩო და ,,გებჟალია“ ღომის გარეშე თითქოს არაფერს ნიშნავს.  ღომს „ღუმუს“  ან „ღომუს“ ეძახიან სამეგრელოში.
ყველაფერი სიმინდით იწყება. წყლის სანაპიროზე მოყვანილი და სამჯერ გამარგლული სიმინდი კარგია, კარგად გამომშრალი და ნალიაში გაშლილად შენახული-  უკეთესი, წყლის წისქვილში დაფქული ღერღილი კი საუკეთესოა ღომისთვის.
ძველ სამეგრელოში ზამთრის პირზე მთელი ოჯახი სიმინდს ხელით დაფშვნიდა,  ამას „კაკალუა“ ანუ დამარცვლა ჰქვია.  მერე ე.წ.  ,,ბუყუნში“ (16 კილოიანი საწყაო) ინახავდა, რომელიც მუხის ხისგან („ჭყონიშ ჯა“) უნდა ყოფილიყო გამოთლილი. აქედან მოდის გამოთქმა „ბუყუნჯგურა კოჩი“ ანუ ისეთი კაცი, ბუყუნს რომ ჰგავს, მოჭრილი ტანისა და გოდორა.  ბუყუნიდან წისქვილში წასაღებად სიმინდს განსაკუთრებულად ამზადებდნენ,   მუჭა-მუჭა არჩევდნენ და ისე ყრიდნენ გაქათქათებულ ტომარაში, რომელიც სპეციალურად საღომე სიმინდისთვის იყო განკუთვნილი.  მეწისქვილისთვის შენ უნდა აგეხსნა, შენს ოჯახს როგორი ღერღილი უყვარდა: მსხვილად დაფქული თუ უფრო წვრილი, საელარჯო ფქვილს შედარებით წვრილად ფქვავდნენ. მაგრამ იმ ტომარაში, სადაც სიმინდი ეყარა, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიყრებოდა ფქვილი, მისთვის განსაკუთრებულად გატკიცინებული, როგორც ბებიაჩემი იტყოდა, „ქათანა“ ტომარა იყო გამოყოფილი. ამის შემდგომი ეტაპი იყო მისი გაცრა,  აუცილებლად იმავე დღეს, რადგან ღერღილი ცალკე ინახებოდა და ფქვილი ცალკე.  წისქვილიდან მოტანილი ფქვილი თუ ტომარაში დიდხანს დარჩებოდა, ის მაგრდებოდა და ერთმანეთს მიეკვრებოდა, ასევე მალე იღებდა ნესტისა და ობის გემოს, ამიტომ, როგორც იტყოდნენ,  გაცრისას „ჰავაშ გშალუაფა“- „ჰაერს უნდა გაევლო“ ღერღილსა და ფქვილს შორის.
მეგრელი დიასახლისი ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა, აუცილებლად თავზე წაიკრავდა  თეთრ თავსაფარს, ტანსაცმელს გაბერტყავდა და ხელახლა ჩაიცვამდა.  ან საერთოდ სპეციალური თეთრი კაბა ჰქონდა ფქვილისთვის. საცერი, რომლითაც ის ცრიდა, სპეციალურად საღომე ფქვილისთვის იყო განკუთვნილი. მოწესრიგებული დიასახლისი ამ საცერს სხვა დანიშნულებისთვის არასდროს იყენებდა. გაცრის დროს ჩენჩოს ცალკე ინახავდნენ საქონლისთვის.    არსებობს ასეთი ლეგენდაც,  მეგრელმა ცის კარები ნახა გახსნილი,  იცოდა, რომ რასაც ინატრებდა, აუსრულდებოდა და რა ინატრა, თუ იცით? – სიმინდის ჩენჩო და დო.  როცა დასცინეს, უპასუხა:
  -დასაცინი თქვენ თვითონ ხართ
 -  ჩენჩო თუ გაქვს, ე.ი. სიმინდი გაქვს, ღომი გაქვს, მჭადი გაქვს, საქონლისა და ფრინველის საჭმელი გაქვს, ფუჩეჩი გაქვს, სიმინდის გამხმარი ჩალა  გაქვს, რომელსაც მეგრულად „ჭა“-ს ეძახიან, სიმინდის ტაროს გული - „გუნგა“ გაქვს,  ე.ი.სითბო გაქვს, რადგან კარგად იწვის.  რაც შეეხება დოს, დო რისგან რჩება?  ე. ი. ძროხა გყავს, ყველი ამოყვანილია, ნადუღი მოხდილია, კარაქი, ჭვიშტარი და ელარჯი გაქვს.
ასე რომ, ტყუილად კი არ უნატრია მეგრელს დო და სიმინდის ჩენჩო.
ღომის მომზადება რიტუალივით იწყებოდა. დიასახლისი თმას ივარცხნიდა, ტანსაცმელს იბერტყავდა, თავზე წაიკრავდა თეთრ თავშალს და იწყებდა ღერღილის რეცხვას. ღერღილის პირველი წყალი ღომის რძით არის სავსე, ამიტომ მას სპეციალურ საცერში ატარებდნენ,  რომ სწორედ ის დაესხათ მოსახარშად, ღომს რომ თავისი გემო არ დაეკარგა.  რამდენჯერმე რეცხავდნენ ღერღილს, რომ  სიმინდის შავი წერტილები თან არ გაჰყოლოდა. შემდეგ სპეციალურ „კარდილაში“ ანუ, როგორც სამურზაყანოში იტყოდნენ, „ჩუან“-ში ყრიდნენ. ღომის „ჩუანი“_ ქვაბი აუცილებლად მხოლოდ ღომისთვის იყო განკუთვნილი, არავითარ შემხვევაში სხვა დანიშნულება არ უნდა ჰქონოდა და სქელძირიანი უნდა ყოფილიყო. თითქოს მასში სხვა კერძის მომზადება ღომის წარწყმედას ნიშნავდა.
  ღერღილი თავდახურულ „ჩუანში“ იხარშებოდა.  ღომისთვის მეგრელს შეშაც კი ცალკე ჰქონდა: „ჯამანგარი“ ანუ  რცხილა, წიფელა ან მუხა, რადგან მათ კარგი ნაღვერდალი აქვთ,  რომელზეც ჩაზელის შემდგომ ღომი კარგად იშუშება. ჩაზელა იმდენჯერ უნდა, რამდენჯერაც შეძლებდა დიასახლისი, რომელიც ღომის ქვაბს თავშლის გარეშე არ უახლოვდებოდა. დიასახლისის ერთ-ერთი სალანძღავი  იყო, თუ იტყოდნენ  – „ეს ისეთი ქალია, ღომს  თმაგაჩეჩილი რომ ზელსო“.  რაც უფრო ხშირად ჩაზელდი,  მით უფრო ხარისხიანი და კარგი  ღომი გამოდიოდა.
            როგორ უნდა მიხვდე, როდის ჩაზილო?
როდესაც ერთგვაროფან ფაფად იქცევა, ირგვლივ კი ხმელი სარტყელი ექნება.
 როგორ უნდა მიხვდე, რომ უკვე მზად არის ამოსაღებად?
როდესაც ღომს ღომის ქერქის,  „ნახვაწა“-ს  რომ ეძახიან, იმის სუნი აუვა,  მაშინ არის უკვე ამოსაღებად მზად.  მას სპეციალური „ჩოგნით“  ზელენ.  სამურზაყანოში ამ ჩოგანს „ხვარჩინ“-ს ეძახდნენ.  ღომის ამოღებისას მას ასველებენ, რომ ლამაზად დადონ თეფშზე. როგორც კი დიასახლისი ღომის ამოღებას დაასრულებდა, იმავ წამს რეცხავდა „ხვარჩინს“, სანამ ღომი შეახმებოდა. ჩოგნის  გასარეცხად დატოვება ღომისა და ოჯახის შეურაცხყოფას ნიშნავდა. დიდ ქორწილებში ჩასაზელად ხვარჩინის მაგივრობას დიდი სუთი _ „კრზა“ ასრულებდა, მაგრამ ამოღება და თეფშზე დადება მაინც „ხვარჩინით„ ხდებოდა.  ერთ ჩოგან ღომზე აუცილებლად მეორე უნდა დადებულიყო, განსაკუთრებით, თუ ის სტუმრისთვის იყო განკუთვნილი, რადგან მხოლოდ ერთი ჩოგანი ღომის დადება თეფშზე საკურთხის დროს ხდებოდა  მიცვალებულებისთვის.
თუ ოჯახი სადილობდა,  დიასახლისს აუცილებლად ერთი თეფშით ზედმეტი უნდა გამოსვლოდა, ე.წ. შემოსწრებულისთვის, რადგან, თუ იტყოდნენ, „მათ სახლში ზუსტად იმდენი ღომი ამოდის „ჩუანიდან,“ რამდენიც არიანო,_“ ნიშნავდა, რომ ოჯახი „წკუნწკი“ანუ  ძუნწი, არასტუმართმოყვარე იყო. აქ სიღარიბე არაფერ შუაში იყო. ამიტომაც დიასახლისი ღერღილის ჩაყრის დროს სტუმრის „თიას“_  ულუფას, ითვალისწინებდა, ანუ ორი მუჭა ღერღილით ზედმეტს ყრიდა.
ამოღების შემდეგ კარგი დიასახლისი „ჯამანგარის“ ნაღვერდალს გაშლიდა და ზედ გადმოაპირქვავებდა „ჩუანს“, რომ სადილისთვის დაეყოლებინა ღომის ქერქი - „ნახვაწა“.  ხშირად ,,ნახვაწას“ სულუგუნს ატანდნენ. თვითონ ნახვაწაზე ამბობდნენ, რომ მონელებას უწყობს ხელსო.
ღომს არა მხოლოდ ყუათიან და კარგად მოსანელებელ სარიტუალო საჭმელად განიხილავდა მეგრელი, არამედ - როგორც სამკურნალო საშუალებასაც. მისი პირველი ქაფი – „ღუმუში ბჟა“ ანუ  ღომის რძე, მეძუძური დედებისთვის რძის მოსაყვანად უებარი საშუალება იყო.   ნაბახუსევზე კი მეგრელი კაცები ამ  „ღუმუში ბჟას“ ქონდარს ჩაუმატებდნენ და ქაფქაფად მიირთმევდნენ. მას „ქონდარამ ტიბუს“ ეძახდნენ  („ტიბუ“ თბილს ნიშნავს).
ღომთან დაკავშირებით მეგრულ ენაში უამრავი იდიომური გამოთქმა არსებობს. მეღუმურგილე, ღუმჯგურა კოჩი, ცალფა ღუმუ ქიგემგაფუდას, და ა.შ.
ღომი არაფრით არ არის შენელებული, თითქოსდა მოსამზადებლად მარტივია  და მეგრელიც  უწყინარ, მაგრამ არაფრისმაქნის, გაფლაშულ კაცს „ღუმჯგურა კოჩ“-ს  (ღომივით კაცი) ეძახის, უფორმო და უმარილო ქალს „ღუმჯგურა ცირას ეძახის“, უსაქმურს კი „მეღუმურგილეს“ ანუ ცივი ღომის მაძიებელს.
ღომთან დაკავშირებით ბევრი მეგრული ანეგდოტიც არსებობს, მაგრამ ის მაინც რიტუალთან, ოჯახურ ტრადიციებთან, სტუმარმასპინძლობის მეგრულ წესთან არის მჭიდროდ დაკავშირებული და ბევრი მოყვარული დღესაც ჰყავს.

დალი ცატავა 4 აპრილი 2011 წელი




სიმინდის ღომის მეგრული რეცეპტი
ღომი
მასალად საჭიროა:   6–7 ულუფისთვის.
1 კგ ღერღილი
500 გრამი  ფქვილი
1,5 ლ წყალი
მომზადების წესი:
ღერღილი მოათავსეთ სქელძირიან ქვაბში (ცეპტერის ქვაბი საუკეთესოა), დაასხით წყალი, კარგად მოურიეთ  და გაატარეთ წვრილ საცერში, წყალი ჩააბრუნეთ და ისევ საცერში გაწურეთ.  შეეცადეთ, რომ ერთი და იმავე წყლით რეცხოთ, რომ სიმინდის გემო არ დაკარგოს.
მანამდე უნდა რეცხოთ, სანამ ღერღილს სუფთა წყალი არ გაუვა და არ მოშორდება შავი წერტილები  ჩენჩოსთან ერთად.
დაასხით ორჯერ მეტი წყალი ვიდრე ღერღილია. ხარშეთ დიდხანს, სანამ ერთგვაროვან მასად არ გადაიქცევა და გამხმარი სარტყელი არ მოედება. ხშირად მოურიეთ.
ჩაყარეთ ფქვილი ნელ-ნელა და ჩოგნით ურიეთ. თუ თხელი ღომი გიყვართ, მითითებულ 500 გრამზე ნაკლები ფქვილი შეიძლება ჩააზილოთ, მაგრამ ეს ღერღილზეც არის დამოკიდებული, რამდენად გაფუვდება  ხარშვის  დროს.  ჩაზელისას  მაღალ  ცეცხლზე შედგით და გამუდმებით წრიულად ურიეთ.  5–10 წუთის მერე ცეცხლს დაუწიეთ და გააჩერეთ 10–15 წუთი, ხშირად ჩაზილეთ,  რამდენჯერაც არ დაგეზარებათ. როდესაც ღომს „ნახვაწას“  ანუ ღომის გამხმარი ქერქის სუნი აუვა და აღარ ექნება ნედლი ფქვილის სუნი, ის ამოსაღებად მზადაა.
დაასველეთ ჩოგანი და ისე ამოიღეთ თეფშზე დასადებად. შეგიძლიათ გვერდები შეულამაზოთ ისევ სველი ჩოგნით.

                                

Sunday, April 13, 2014

მშობლები, შვილები, შვილიშვილები ......

მშობლები, შვილები,  შვილიშვილები ......

არ ვიცი რატომ გამახსენდა მამაჩემის გარდაცვალების მომენტთან დაკავშირებული ეს დეტალი...    ზერელედ ვუყურებდი ამ დეტალს და არასდროს გამიცნობიერებია ეს ნაბიჯი.
- როგორ დაურეკე, არ მოგერიდა?  -აი შეხედეთ ამ ბავშვმა რაიკომის მდივანს დაურეკა და პირადად ელაპარაკა ..
 მაშინ ისეთ სტრესში ვიყავი რომ ეს არაფრად მიმაჩნდა იმ უბედურებასთან შედარებით რაც თავს დაგვატყდა.  თან დეტალურად მახსოვს რას ვეუბნებოდი ...
-მერი დეიდა მე ჟორას გოგო ვარ
-ჰო შვილო, ვიცი ვისი გოგოც ხარ
-თქვენ პირველადი ინფორმაცია გექნებათ აუცილებლად და იმიტომ გირეკავთ, მითხარით სიმართლე.
-კი ახლახან ველაპარაკე თბილისს და კარგი არაფერია
-მე წასვლას ვაპირებ და მინდა ვიცოდე მამაჩემი რა მდგომარეობაშია
-არ ვიცი, შვილო, არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი რა გითხრა
აქ უკვე წყდება მოგონებების ჯაჭვი, მხოლოდ ემოციები მახსოვს, რომ ტელეფონი დავახეთქე და მტკიცედ გადავწყვიტე მეც წავსულიყავი „მამას სანახავად“   ვერც ვუშვებდი, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.
            დღევანდელი გადასახედიდან მიხარია, რომ მაშინ ეს შევძელი.  ადამიანებს ჩვეულებრივად აღვიქვამდი, სულაც არ მადარდებდა მისი „ჩინი“.  შეიძლება ეს იმიტომაც იყო ასე, რომ ბაბუაჩემი მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყო ყოველთვის, ასე იყო მამაჩემი, მაგრამ ისინი სრულიად უბრალო, წესიერი  ადამიანები იყვნენ და ჩვენც ამას გვასწავლიდნენ. როცა ვხედავდი, რომ ვიღაცა მათ ელაქუცებოდა ან მოწიწებით ელაპარაკებოდა, ძალიან ვღიზიანდებოდი. ხშირად ვფიქრობდი, რომ იქნება მართლაც გულწრფელია ეს ადამიანი რა გინდა მეთქი. შირად ბაბუაჩემთან ან მამაცემთან მოსაუბრეს თვალებში ვუყურებდი და ვფიქრობდი „აი ეს კარგი ბიძიაა, რადგან არ შეუძლია მოკლას კაცი....  აი ეს ცუდი ბიძიაა, რადგნ მას შეუძლია მოკლას კაცი...“ არ ვიცი საიდან მომდიოდა ეს აზრები, ვინ მიგზავნიდა ამ ინფორმაციას, მაგრამ ბევრმა გაამართლა.   ცხოვრებამ მალე მაჩვენა, რომ ის ადამიანები,  ვინც მამას ჯგუფებად ემეგობრებოდნენ, სულ რამდენიმე კინკილღა შეგვრჩება ბოლოს.....
            თვისება, რომ   ჩემთვის ჩინი და რანგი არაფერს წარმოადგენს, ოჯახიდან მომყვება და ამან თავისი დადებითი და უარყოფითი როლი ითამაშა ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე.... დადებითი იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანებს მათი პიროვნული, ადამიანური და მორალური თვისებებიდან ვაფასებდი და უარყოფითი იმ თვალსაზრისით, რომ ამ ეპოქაში და ამ  გაშანშალებული „თანასწორუფლებიანობისა და დემოკრეტიის გაფურჩქვნ-აყვავების“ გარემოში რანგირება „მოსული პონტია.“
იქ სადღაც პროვინციაში მე ამაზე პროტესტი მქონდა. იმიტომ, რომ თვალნათლივ ვხედავდი ამას ჩემი ოჯახის წევრების მაგალითზე. მამაჩემი ერთი ლაღი, უბოროტო, კეთილშობილი ადამიანი იყო. ძალიან ერუდირებული,  განათლებული და სხარტი გონების. მისი გამონათქვამები ანეგდოტებად დაჰქონდათ. თუმცა თანამდებობის პირი იყო, ყოველთვის თავმდაბალი და ყველასთან გულალალი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
ბაბუა ზვიადი კაცი იყო, დისციპლინირებული, მომთხოვნი, მაგრამ ძალიან გულკეთილი და გულჩვილი. ყველა საჭირბოროტო საქმის გადამჭრელი, როგორც სამეზობლოში ასევე  სანათესაოში. რაიონში ბევრ საქმე სიცოცხლის ბოლომდე ეკითხებოდნენ. იგი უშიშარი და გამბედავი ადამიანი იყო, იარაღი სულ სასთუმალთან ედო. ბებიაჩემი იტყოდა, რომ აფრენილ შაურიანს ხვრიტავდა მაუზერით,  მაგრამ სახლში თავის შვილიშვილებთან „ცხენობანას“ რომ თამაშობდა და დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნიც რომ მაგან გვასწავლა, ალბათ ბევრი ვერც წარმოიდგენდა.  დღევანდელი გადასახედიდან ცოტა უცნაურად მეჩვენება რომ ასეთი წესიერი ადამიანიები რატომ იყვნენ ეს ჩემი წინაპრები.  მაშინ ხომ აღმასკომებს, რაიკომის მდივნებს, პროკურორებს, მოსამართლეებს, ქალაქის მერებს, რომელ თანამდებობებზეც ჩემები ყოფილან, ბევრი ფული ჰქონდათ, მათი ოჯახებს კი არაფერი არ აკლდათ. ხშირად მიკითხავს ბაბუასთვის, რატომ არის ბევრი ფულის ქონა ცუდი მეთქი. ამაზე ირონიით ჩაიცინებდა და მეტყოდა  -იცი რატომ ბაბუ?  იმიტომ რომ ბევრი ფული რომ  გქონდეს ჩვენს დროში, აუცილებლად უნდა მოიპარო, სხვანაირად ვერ გექნება,  ისეა ეს ჩევნი სახელმწიფო მოწყობილი.
ამ შეკითხვით მამაჩემისთვისაც მიმიმართავს ის ხუმრობანარევ პასუხს მაძლევდა ხოლმე,  მაგრმ შინაარსით დახლოებით ისეთს როგორსაც ბაბუა ....  -იცი ქურდობა არ ვიცი როგორ ჩავიდინო,  ბაბუაშენმა არ მასწავლა.   როცა ვკითხე -შეიძლება გარედან ჩანს, რომ ჩვენ ბევრი ფული არ გვაქვს, მაგრამ ვინ დაგვიჯერებს, რომ მართლა ასე პატიოსნად ვცხოვრობთ? ყველას გონია, რომ ვინც რაიკომში თანამდებობის პირია ყველა იპარავს, ასე რომ ჯობს მართლა გვქონდეს.   მაშინ თავისი საფირონისფერი თვალები ეშმაკურად ააკვესა და ღიმილით ასეთი შეკითხვა დამისვა - აბა შენ თუ მეტყვი ჩვენს რაიონში კიდევ რომელ თანამდებობის პირს იცნობენ ყველაზე პატიოსან, წესიერ ადამიანად?  აი თუნდაც ერთი დამისახელე და უკვე საკმარისი იქნება  - მე უცებ დავფიქრდი და ვუთხარი - კი, ლადო ეთერიას მეთქი ..... ჩაეცინა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა - აი, ხომ ხედავ, რომ იცი და გჯერა, ასე სჯერათ ჩვენი ოჯახის შესახებ ....
და მე ახლა მამაჩემზე უფროსი ასაკის ვარ ის ახლაც 44 წლისაა, რომ გარდაიცვალა მე 16 წლის ვიყავი. ცა ჩამოინგრა, მაშინ ჩემთვის, მიწა, მზე და ცა ერთმანეთში აიზილა იმ საშინელ თქეშში, რომელიც მისი ჩამოსვენების ღამეს მოვიდა და ჩვენს ეზოში ჩამწკრივებული მსხლის ხეებს მეხი დასცა და დაწვა... ისე დაიწვა ალბათ დედაჩემის ახალგაზრდული სიყვარულით აღსავსე გული....  დედაჩემი 77 წლისა გარდაიცვალა თბილისში და დაგვიბარა, რომ აქ დაგვეკრძალა, რადგან ჩვენთან ახლოს უნდოდა ყოფილიყო. გაიმეტა თავისი „ჟორიკი“,   „Боже мой как я его люблю, он был моим кумиром“ ჩუმად ჩაილაპარაკა მომაკვდავმა ....
უნებლიედ გამახსენდა დღეს ეს სატელეფონო ზარი მერი დეიდასთან...  ჩემი ბავშვობა, ის ტრაგიკული დღე, უმამობა, მისი მინაწერები წიგნების გვერდზე და წიგნების ბოლოს, რომელთა გარჩევა მასთან ერთად ვერ მოვასწარი. სწორედ მისი და დედას მაგალითებიდან ვისწავლე ტექსტის გარჩევის ტექნიკა ალბათ.  მერე როცა „სწავლის სწავლის“ სახელმძღვანელოს ვაკეთებდი და კითხვის ტექნიკებზე ვწერდი, სულ ჩემი მშობლების ხელნაწერები მედგა თვალწინ. ჩვენი უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჩვენს სახლთან< ცვენს ოდაბადესთან ერთად ხომ დაიწვა.... 
მახსოვს მეცხრე კლასში ვიყავი და ანა კარენინას ვკითხულობდი, დედაჩემი რა თქმა უნდა დაინტერესდა, ცოტა ხნის მერე მოვიდა და რუსული ვარიანტი მომცა „моя дочь каренину должна читать на русском.“ „Ты мне потом расскажещь почему тебе нравится Анна?“  დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია.   ამ почему-თი ძალიან ბევრ რაღაცას რომ მასწავლიდა მხოლოდ გვიან გავაცნობიერე ........
ბოლო             ფურცლებს რომ ვკითხულობდი ვქვითინებდი, ბაბუაჩემი მეორე სართულზე ამომივარდა მითხარი ვინ გაწყენინა და რატომ ტირიხარო, ვუთხარი არავინ, ანა შემეცოდა მეთქი ... ჩაეცინა და უსიტყვოდ  გავიდა...
მერე როცა პედაგოგიკაში სადოქტოროს ვწერდი კვლევისას წაკითხული მასალები ბავშვის აღზრდის, გარემოს, მშობლების, მასწავლებლების როლის, ურთიერთობების შესახებ და ვინ იცის კიდევ რის შესახებ,   ყოველთვის მებადებოდა აზრი ყველაფერი დამეწერა ჩვენი და ჩვენი მშობლების დამოკიდებულებებზე, ბებიაზე, რომელიც მუდმივად ანდაზებით გველაპარაკებოდა.. მახსოვს იყო ასეთი გაზეთი „სოფლის ცხოვრება“ ბოლო გვერდზე რუბრიკა ჰქონდა „იცი თუ არა რომ...“  საინტერესო და უცნაური ამბები იწერებოდა, აიღებდა და ხმამაღლა გვიკითხავდა ..... თუ არ მოვუსმენდით თავისთვის ჩაილაპარაკებდა „ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“ და მაინც აგრძელებდა დაწყებულის წაკითხვას...
მშობლებთან ურთიერთობის აღწერაზე დიდ დისერტაციას ვერავინ დაწერს.  ყველაფერი იქედან იწყება, ამას განსაკუთრებით მონიტორინგის ასაკში გრძნობ, როცა ხშირად იხედები უკან. კარგი იქნება, რომ ბევრმა ადამიანმა იფიქროს ამაზე და აქედან შეიმეცნოს თავისი თავი და თავისი შვილები, მათთან დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების შედეგები...
იქნება იმიტომაც გამახსენდა დღეს ის ივნისის ტრგიკული დღე და დანგრეული სტერეოტიპი, რომ რაიკომის მდივნისთვის პირდაპირ დარეკვა ბავშვისთვის ცოტა არ იყოს თამამი თუ არა „თავხედი“ თემა იყო.  


დალი 13.04.2014 ბზობა

Friday, January 10, 2014

მენეჯმენტის გაკვეთილები პროექტი „ისწავლე დღეს ასწავლე ხვალ“ დასავლეთ საქართველოს ვარდისფერი სკოლები „ძგვიბალი“ ძროხები, „ბენდუქიძე იუდა,“ კუნაპეტივით შავი გიჟმაჟი ზღვა აღვარღვარებული სუფსა და სტუმრისათვის პატივის მიგების მეგრული წესი.

მენეჯმენტის გაკვეთილები

პროექტი „ისწავლე დღეს ასწავლე ხვალ“ დასავლეთ საქართველოს ვარდისფერი სკოლები „ძგვიბალი“ ძროხები, „ბენდუქიძე იუდა,“ კუნაპეტივით შავი გიჟმაჟი ზღვა აღვარღვარებული სუფსა და სტუმრისათვის პატივის მიგების მეგრული წესი.

პირველი დღე
ლევანი იმაზე ადრე მოვიდა ვიდრე ველოდი, ფაცხა ფუცხით ჩავიცვი, კიდევ კარგი, რომ ყველაფერი მზად მქონდა, წყალი დავლიე და გამოვქანდი, ნინო თვალების ფშვნეტით მაცილებდა და კეთილ მგზავრობას მისურვებდა.
ლევანი ჩემი სადარბაზოდან ოდნავ მოშორებით იდგა, მაგრამ სანამ მანქანამდე მივედი ქარმა კინაღამ წამიღო, გრიგალი იყო გამოცხადებული, ნამდვილად ასეა. ჩვენი ტელევიზიები მხოლოდ ამაში არ გვატყუებენ, აქედან გამომდინარე მთელს დასავლეთში ალბათ თოვს როგრც ითქვა.
ლევანის ნახევრად ხუმრობით ვეუბნები – მძღოლი მუდმივად აგივიანებს, შენ კი ადრე მოდიხარ.
–ხო, რა ვქნა რაც უფრო ადრე წავალთ მით უფრო ადრე მივალთ. მართალიცაა. ლევანი გამოცდილი მძღოლია, 16 წელია ვიცნობ, უამრავ ადგილას ვყოფილვართ უცხოელ სტუმრებთან ერთად.
დიღმის ტრასაზე ალეკო გველოდება, აი ისიც, ჩავისვით გათოშილი და გავუდექით „კუდიგორის გზას“.
ჩვენი მისია იმაში გამოიხატება, რომ დასავლეთ საქართველოს კერძოდ სამეგრელოს უმეტეს სკოლას გავაცნოთ ჩვენი უნივერსიტეტი „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და მისი ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, გადავადებულ დაფინანსებას, ანუ დღეს სწავლობ და სწავლის დამთავრების შემდეგ იხდი, ეს რაღაცნაირ რისკებთან არის დაკავშირებული, ყოველ წელიწადს შესაძლო ფასის მომატებასთან, ინფლაციასთან, კარგი სამსახურის შოვნის რისკთან და სხვა, მაგრამ „ვინც არ რისკავს შამპანურსაც ვერ სვამს“. ასეთ შანსს სხვა სასწავლებლები ნამდვილად ვერ მოგცემენ, ამიტომაც მგონია რომ “Carpe diem” სწორედ რომ აქ უნდა გაითვალისწინო, შეიძლება მე ასე, იმიტომ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ყველაფერს ნისიად ვაკეთებდი და მე თვითონ ვზრუნავდი ყველაფერ ამაზე, აქ კი გთავაზობენ და ინდაურისა არ იყოს, მგონია, რომ დიდი ფიქრი არ არის საჭირო.
თოვლი და ნამქერი გორიდან რომ დაიწყო  სულ უფრო და უფრო მატულობს, ხაშურში ქარბუქია, ლევანი ამბობს
 –რა არის რა უბედურებაა ასეთი „ქარაშოტი“, ეს სიტყვა ბავშვობის მერე არ გამიგონია ალბათ დედა ენიდან ან ბუნების კარიდან მახსოვს, და ძალიან მსიამოვნებს, თან ვიხსენებ ეს ხომ метелица არის, თუ метелица ქარბუქია, რა საინტერესოა? აუცილებლად უნდა ვნახო ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა, იქნებ ქარბუქი და ქარაშოტი რელატიური სინონიმებია? ლოგიკურად ასე გმოდის, ალბათ რაღაც ნიუანსებში ექნება განსხვავებული მნიშვნელობა. მანქანა ძლივს მიღოღავს. ლევანი აშკარად ფრთხილობს – ფიქრებიდან გამოვერკვიე და ლევანის ვეუბნები –ასე როდის მივჩანჩაკდებით, დავაგვიანებთ
–რა ვქნა მირჩევნია დავაგვიანოთ, როცა მივალთ მივალთ რა, ამბობს იგი და თან საბურავებზე წუწუნებს „პაკრიშკები  ლისია“  რააა...   და ვერც წავალ უფრო ჩქარა.
ნეტა лисы როგორ არის ქართულად, პირდაპირი მნიშვნელობით კი არა აი ზუსტად იმ მნიშვნელობით, როგორითაც ლევანი ამბობს, ვიცი რომ გაცვეთილ საბურავებს ეძახიან ასე, მაგრამ ცნება, რომელიც ამას გამოხატავს ქართულად ხომ იარსებებს. ნამდვილად იარსებებს. ჩემი მობილური რეკავს, უი, მამაო ამირანი, შემთხვევით მირეკავს, (შეთხვევით არაფერი არ ხდება)  ნომერი შეეშალა, ძალიან მიხარია, რომ გზას და საქმეს მილოცავს. მე ისევ „შენ“ მახსენდები და ვნანობ, რომ არაფერი გითხარი ჩემი მივლინების შესახებ, შენზე ფიქრებში რომ ვარ,  მუდამ გრძნობ, ამიტომაც მირეკავ...  გზას შენც მილოცავ... კარგია, რადგან საშინელი გზაა ხვავრიელად თოვას კი ისევ აგრძელებს ეს დალოცვილი ბუნება.
ქარბუქი სულ უფრო ძლიერდება, რამდენიმეჯერ ლევანის მანქანა მოუცურდა და ძლივს გაასწორა, გულში ვლოცულობ,  თავს ვიკავებ, რომ ჩემი შიში და ემოცია არ გამოვხატო და ამით კიდევ უფრო არ დავძაბო ისედაც დაძაბული და განერვიულებული მძღოლი.
ალეკო და მე ვყვინთაობთ, ხანდახან მძღოლს გავხედავ, რომელიც ისევ დაძაბული გაჰყურებს გზას, ჩვენ გვძინავს ის კი მთელი გზა დაძაბული მიდის, მალე ქუთაისში შევალთ, საშინელი „ქარაშოტია“ ლამის მანქანა წაიღოს, „დვორნიკები“ ვერ ასწრებენ მინების  გასუფთავებას, ამხელა ფიფქები ცხოვრებაში არ მინახია.
ჩვენი პირველი ობიექტი ფოთის #1საჯარო სკოლაა, გველოდებიან.....
ნამდვილად არ ველოდი რომ ამ გზაზე საცობში მოვხვდებოდით. სენაკის გზაზე ავარიის შედეგად გზა გადაკეტილია, მე სკოლის დირექტორს ვურეკავ, რომ გვაგვიანდება. საბოლოოდ გზა გაიხსნა და ჩვენ სამმა ეგრეთ წოდებულმა „დამხმარე“ ტრაილერმა ჩაგვიარა, სადაც სამი დალეწილი „მიცვალებული“ მანქანა „ესვენა“.
სკოლა ფოთის ცენტრში აკაკის ქუჩაზეა, ჩვენ შენობაში შევდივართ, ძალიან კარგად გარემონტებული უზარმაზარი ვარდისფერი სკოლაა, შემდეგ კიდევ ბევრგან შემხვდა ვარდისფერი სკოლა. დირექტორს ვურეკავ და ვარკვევთ თუ რომელ ფლიგელში ვართ მე და ალეკო, ვხედავ მობილურიან ახალგაზრდა ქალბატონს და ვეუბნები აი მგონი კორიდორის ბოლოში თქვენ გხედავთ მეთქი...
პირდაპირ დირექტორის კაბინეტში ცხელი ყავა, სანუკვარი სითხე, რომელზეც მთელი გზა ვოცნებობ.... მანამდე ნინო დვალიშვილს ვხედავ, რომელიც მართლაც, რომ ძლივს ვიცანი, როგორი, ჭრიჭინა გოგონა მახსოვს, ის ჩემი უფროსი დის ლალის კურსელი იყო, ახლა #3 საჯაროს დირექტორია, როგორც ეძახიან ხოლმე. დირექტორების ატესტაციის პირველ ათეულში მოხვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის არჩევის უფლება თავად ჰქონდა და ის სკოლა აირჩია, სადაც თვითონ წლების განმავლობაში ასწავლიდა.... ეხლა კი #1საჯაროში დაგვხვდა.
პრეზენტაციაც დაიწყო, 85 დან 90 მდე მოსწავლეა და სამი მასწავლებელი, ალეკომ დიდი ენთუზიაზმით დაიწყო, მაგრამ ორივეს არ გვესიამოვნა, რომ დირექტორი გავიდა და არ დაინტერესდა პრეზენტაციით.  დირექტრისა როგორც გავიგე პირველი ათეულის პირველი იყო დირექტორების კონკურსში, მაღალი ჯმუხი აღნაგობის ახალგაზრდა დაახლოებით 30 დან 34 წლამდე,  ქერად შეღებილი ცოცხივით თმებითა და ღია  ლურჯი თვალებით, საქმიანი იერითა და მტკიცე თავის თავში დაჯერებული ნაბიჯებით.
აუდიტორია დუნე იყო, თითქოს ვიღაცას ჰყავდა დაშინებული, თუ არ მოხვალ ასე და ისე გიზამო, ერთი სული ჰქონდათ როდის დამთავრდებოდა, ზოგი ანგლობდა კიდევაც, ორად ორი მოსწავლე იყო, რომელსაც რაღაცა აინტერესებდა და შეკითხვას სვამდა, ალეკო ყველა ღონეს ხმარობდა, რომ აუდიტორია ჩაეთრია დისკუსიაში, მეც ჩავერთე და ვცდილობდი დამეინტერესებინა დასაქმებულთა სტატისტიკის მოშველიებით, ჩვენი ინფრასტრუქტურის  შესახებ, ლექციების შესახებ და სხვა რამ ინფორმაციით, მაგრამ შენც არ მომიკვდე „იძულებითი დაჯდომა“ იყო.   ჩემდა გასაოცრად ყველამ გამოიჩინა ინტერესი ბუკლეტების მიმართ, შემდეგ კი ასეთი ტიპის შეკითხვები გაჩნდა: „ტერიტორიულად სად არის?  რა ღირს ერთი საგანი მაგისტრატურაში?–სხვაგან 700 ლარი ღირს. მეტი შეკითხვა არ ყოფილა. ალეკოს შეკითხვაზე თავიდან, თუ რა იცოდნენ ამ უნივერსიტეტის შესახებ ვიღაცამ შავი ზღვის უნივერსიტეტი ახსენა...
გამომშვიდობებისას დირექტორმა ისევ შემოგვთავაზა ყავა და ტკბილეული, ჩვენ თავაზიანი უარითა და მომავლის იმედით დავტოვეთ #1 ვარდისფერი საჯარო და მისი ქერათმიანი დირექტრისა.
უკვე #5 საჯაროში ვართ, ესეც ვარდისფერი სკოლაა, შევდივართ დირექტორის კაბინეტში, შავებში ჩაცმული ორმოცდაათიოდე წლის „საბჭოთა დირექტრისამ“ როგორც კი დაგვინახა წარბები მაღლა აზიდა და გაკვირვებულმა შემოგვხედა, ავუხსენით რაშიც იყო საქმე, „–აი აი მოვიდა“ გვითხრა მან, მის მოადგილეზე, რომელსაც მე ვეკონტაქტებოდი, რადგანაც რესურს ცენტრში დირექტორზე მითხრეს, რომ ის არ არის ადგილზე და მის მოვალეობებს ბატონი გია ასრულებს, „ბატონი გია“ ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელიც უფრო ჩემი ბავშვოვბის შთაბეჭდილებიდან მეურნეობის ბრიგადირს ჰგავს, საქმიანი იერით გვესალმება და გვეუბნება, რომ კლუბში გველოდებიან, თან დაკუჭული ნაცრისფერი პალტოს სახელოებს, რომელიც რატომღაც აკაპიწებული აქვს ისწორებს და გვეუბნება
„–კარგია რომ ასეთი შემოთავაზება არის, მაგრამ სად არის გარანტია, რომ სამსახურს იშოვი? აი რამდენიმე ჩვენმა ბავშვმა დაამთავრა ბიზნეს სკოლა და ძლივს სამსახური იშოვეს, მეც მინდა რომ ჩემმა შვილმა კარგ უმაღლესში ისწავლოს, მაგრამ ამის ფუფუნებას ვერ მივცემ ჩემს თავს.“
„საბჭოთა დირექტრისა“ გვეკითხება „–თქვენ ალბათ აკრედიტაცია გექნებათ ხომ?“ და თან ისეთ სახეს ღებულობს აშკარად ჰგონია  ჩამჭრელი შეკითხვა დაგვისვა, ალეკო და მე ისევ თავიდან ვუხსნით ყველაფერს და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ეს უნივერსიტეტი არ არის მარტო ბიზნესის სკოლა იესემი და რომ ის ოთხ უმაღლეს სკოლას მოიაზრებს, და, რომ ის ცოდნის ფონდის საკუთრებაა, და, რომ ცოდნის ფონდი არის არაკომერციული და, რომ ის დააფუძნა კახა ბენდუქიძემ და რომ.........  ჯადოსნური გვარის გაგონებაზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა,   „–აააა, მაშინ კარგია, ესე იგი ფინანსები მართლა არის, ჰოდა წავიდეთ დარბზი გელოდებათ...“
„სკოლის კლუბი“ მეორე ფლიგელშია, ჩვენ ტალახიან ეზოს ვჭრით და მეორე სართულზე ავდივართ, მართლაც გველოდება დარბაზი ასმოცამდე ბავშვით, მაგრამ ძლიან აქტიური და ინტერესიანი. იყვნენ ისეთები, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ ბიზნეს სკოლის და აზია აფრიკის ინსტიტუტის შესახებ, ასევე მაგისტრატურით დაინტერესებული პირები, მაშობლები, და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი მშობელიც კი, რომლის შვილმა შარშან ჩააბარა და მხოლოდ იმიტომ არ ჩაწერა იესემი, რომ ვერ გადაიხდიდა სწავლის საფასურს. „–ნეტა შარშან ყოფილიყო ეს პროექტი ყველანაირ რისკზე წავიდოდი... ისე გვინდოდა თქვენი სასწავლებელი ეჰ...“
ძალიან ცოცხალი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მრავალფეროვანი შეკითხვებით: „მუშაობას როგორ და როდის ვიწყებ, უნივერსიტეტი გვეხმარება თუ ჩვენ ვზრუნავთ მხოლოდ? როცა გადახდას ვიწყებ საპროცენტო განაკვეთი არ ემატება ამ თანხას? თუ მუშაობა ვერ დავიწყე, როდის ვიწყებ გადახდას? დავუშვათ ამ პროექტში ვარ და მესამე კურსზე შევძელი რომ ყველაფერი გადავიხადო, მაქვს ამის უფლება? რა სახით მიმდინარეობს ლექციები? რომელია უნივერსიტეტის სამუშაო ენა?  ვინც რუსულს აბარებს როგორც უცხო ენას რატომ არა აქვს შანსი?“
ბროშურები აქაც ყველას აინტერესებს.  ჩვენ ვემშვიდობებით ბავშვებს და ვჩაკვირობთ გადავიდეთ „საბჭოთა დირექტრისას ფლიგელში“ და დავემშვიდობოთ თუ არა, ბოლოს მივდივართ, ისევ ვჭრით ტალახიან ეზოს, ბატონი „სასწავლო ნაწილი საბჭოთა ბრიგადირი“ ისევ საქმიანი იერით გვხვდება თან ვიღაცას ელაპარაკება მობილურზე.... „ხო ეს ზემოდან იყო შეთანხმებული, მისი აზრი აინტერესებთ და უნდა ჩაწერონ“ თან ჩვენ გვიღიმის, მერე ისევ იესემზე იწყებს საუბარს და  ჩვენს რამდენიმე ფოთელ სტუდენტს ასახელებს, თითქოს იმის კომპენსირებას ცდილობს, რომ პრეზენტაციას არ დაესწრო არც ის და არც „საბჭოთა დირექტრისა,“ რომელთაც თავაზიანად ვთხოვეთ, ხომ არ მოუსმენდნენ ამ საინტერესო პროექტის შესახებ ინფორმაციას.
ვემშვიდობებით #5 ვარდისფერ საჯაროს და ნინო დვალიშვილიც მირეკავს, ის რესტორანში გვეპატიჟება თბილისიდან რაიონში ჩამოსულ სტუმრებს, ეს ხომ ჩვენი კულტურის ნაწილია და კარგი ნაწილი....
მყუდრო რესტორანი–ბარი „ბარონი“ და ფოთის კეფალი, ოღონდ შავთვალება, წითელთვალებაც არის, მაგრამ შავთვალებას არაფერი ჯობს, ნინო ცდილობს რომ მაქსიმალურად გვასიამოვნოს.... ერთმანეთის მოსიყვარულება, ბავშვობის გახსენება, პოლიტიკა, საგანმანათლებლო რეფორმა, აგვისტოს ომი და ფოთი, ახალი თაობის პრობლემები და განსხვავებული ხედვები, რამდენიმე სადღეგრძელო და ისევ გამომშვიდობება.
ქარბუქი თან გვდევს, ვხედავთ აბობოქრებულ, მართლაც რომ კუნაპეტივით შავ ზღვას, რომელიც გაგიჟებული იქოჩრავს ტალღებს, აღვარღვარებულ მდინარე სუფსას, რომელიც შავ ზღვას ეკონება და ურეკის ერთ ერთ სასტუმროში მოვდივართ, სადაც გვთავაზობენ ლუქსს ყველანაირი კომფორტით – რასაკვირველია ქართულად, რადგანაც როცა დავლაგდით, არც სითბო არის და არც ცხელი წყალი.  სამაგიეროდ არის გამოსავალის პოვნის უნარი.....  თბილი პლედი და ფერადი ტელევიზორი, ჩემი ლეპტოპი..  და შავი ზღვის გაგიჟებული დრტვინვა, შფოთვა, ღრიალი, შხუილი, როცა თავის შეყვარებულს უბრაზდება და როცა სრულიად განსხვავებულები არიან, როცა ის შავია მისი შეყვარებული ცა კი ქათქათა, და არ არიან ერთ სულ და ერთ ხორც – როცა ცა არის ზღვა და ზღვა არის ცა, როცა ვერ გაარჩევ რომელი რომელია, მანამდე კი შორია.... ალბათ გაზაფული მაინც მოვა..........

მეორე დღე
ზღვა აღარ ღრიალებს, რამ ჩააჩუმა.... ყრუდ ისმის ხმა.... ალბათ მოთოვა, ამ ფიქრებში ვდგები, ოთახში სითბოა, ზღვას გავხედე, გაწმენდილიყო, სამაგიეროდ თოვლის საფარი ალბათ თხუთმეტ სანტიმეტრს მაინც აღწევდა, რომ არა ზღვა თავი ზამთრის კურორტზე მეგონებოდა.  ჰორიზონტს გავხედე, ნათელი იყო, წყალიც აღარ იყო ისეთი შავი და კუნაპეტი როგორც გუშინ..... დამთავრდა „ქარაშოტი“ გავიფიქრე.......
მთელს სასტუმროში მგონი მარტო ჩვენა ვართ, კარგი საუზმის შემდეგ გზას გავუდექით, ლევანი მიღოღავს და თან ამბობს, –რა სასწაულია კაცო, ეს „ქარაშოტი“ ჩვენ ხომ არ დაგვდევს თან?
დღეს ოზურგეთში მივდივართ, ხვავრიელად თოვს, ალეკო ამბობს, რომ „თქეში თოვლი მოდის“, მე მყუდროდ მივიყუჟე,  ლევანის ვთხოვე გათბობის მომატება თუ შეიძლება მეთქი, ცივა.... ლიხს აქეთ ხომ ნესტია...
ოზურგეთში შევდივართ, თოვლი მატულობს, ცენტრში აშკარად გამოხატავენ უცხო მანქანისადმი ინტერესს და გაკვირვებას, თუ ვის მოუვიდა აზრად ასეთ ამინდში სტუმრობა. გამგეობასთან ვჩერდებით, ალეკოს ჯგუფელი ტოკო გვეუბნება, რომ დიდთოვლობაა და სკოლებშიც არავინ იქნება  „–მე ორი დღეა ჩემთან სოფელში არ ავსულვარ, მანქანაც ერთ ერთ ქუჩაზე სადაც გავიჩხირე იქვე დავტოვე, ველოდები როდის გადაიღებს“ ამბობს ტოკო.
ჩვენ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის #2 ვარდისფერ საჯაროში შევდივართ, დირექტორი ალბათ ჩემხელა, ქალია. მაღალყელიან  ზამთრის „ბუგებში“ ჩატანებული ტვიდის შარვლით, მელაკუდას ქურქით და კამკამა ლურჯი თვალებით, ის წუხს, რომ სკოლაში არავინ არ არის, იმ რამდენიმე მასწავლებლის გარდა, ვინც ახლოს ცხოვრობს, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობს.
„–მე ახლა ყველა სკოლაში გადავრეკავ და საცა ვინმე არის მეთორმეტე კლასელი მოვიდნენ აქანა, გათბობა არსად არ არის, მხოლოდ ჩემს სკოლაშია, ასევე ახლო სოფლიდან მოდიან კიდევ ვიცი და დაველოდოთ.“ გვეუბნება გურული კილოთი დირექტორი. ჭაში ჩავარდნილის არაკისა არ იყოს, მეტი რა გზა გვაქვს. მანამდე სკოლას გვაცნობს. ვარდისფერი სკოლა შიგნით „გაღვირინებულია,“ ამიტომაც ირგვლივ მოვლილ და აშკარად ნალოლიავებ ყვავილებს, რომელიც უზარმაზარ კორიდორშია ჩამწკრივებული არც ეტყობათ რომ გარეთ ასეთი საშინელი ყინვა და თოვლია. ალეკო ტექნიკის დამონტაჟებას შეუდგა და თან ტოკოსთან ერთად ჯიპაში გატარებულ დღეებს იგონებს. ლამაზი აუდიტორია ახალი სასკოლო ავეჯითა და ასევე ოთახის ყურდაცქვეტილი ყვავილებით ელოდება გათოშილ ბავშვებს, კედელზე ლამაზი პლაკატია გაკრული „ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონია, მოვეფეროთ, ვაპატიოთ ერთმანეთს“ ... დირექტორი ყავაზე გვეპატიჟება, ალეკო არ სვამს ჩემდა გასაკვირად ყავას, არასოდეს დამილევიაო...
ქალბატონი დირექტორი ჩივის „–ბავშვებს როგორ მოსთხოვ რამეს, როცა კომპიუტერული კლასი მაქვს ინტერნეტით, რომელიც ჩემი ბრძანებით არასდროს არ იკეტება, რომ ვისაც უნდა ყველას ჰქონდეს ინფორმაციის მიღების საშუალება,  მყავს ორი მასწავლებელი, რომელიც კომპიუტერებს ასწავლის და ვერა და ვერ მოვახერხე, რომ ყველა მასწავლებელმა იცოდეს კომპიუტერის მოხმარება, მიიღოს მზა გაკვეთილები ინტერნეტიდან, ახალი ინფორმაციები, არ აინტერესებთ. კი, მესმის  ყველას აქვს პრობლემა, მაგრამ თუ მასწავლებელი ხარ, ჯერ შენს განათლებაზე უნდა იფიქრო და მერე სხვას მიაწოდო. მე ფინანსისტი ვარ და არასოდეს არ მიფიქრია მასწავლებლობაზე, მაგრამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და რომ გავიმარჯვე ვიფიქრე რატომაც არა მეთქი, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, ისეთი რთული და ჩავარდნილი ყოფილა სკოლა“.... საუბარს მორიდებით გვაწყვეტინებს ხანდაზმული ქალბატონი
–„პატივცემულო დირექტორო“ დათოს უნდა თქვენთან ლაპარაკი...
 – ვერ ხედავ რომ სტუმრები მყავს, მერე მოვიდეს...“
 იყო ცოტა არ იყოს უკმეხი პასუხი ..... ისევ მე მიბრუნდება „...მაგრამ კარგი ყველგან და ყოველთვის გამოერევა, აი მაგალითად თქვენი კურსდამთავრებული დიმა შავიშვილი ხომ ჩვენი სკოლელია...“  მე ვუდასტურებ, რომ დიმა ნამდვილად არა მხოლოდ კარგი სტუდენტი არამედ, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და არის, და რომ ჩვენი მეგობრობა დღესაც გრძელდება.
ოციოდე ბავშვი მოგროვდა, პრეზენტაცია დაიწყო, გვესწრება დირექტორი და ადგილობრივი ტელევიზიაც, ეს პირველი შემთხვევაა როცა დირექტორიც დიდი ინტერესს იჩენს ამ პროექტისადმი.   მე და ალეკო ვენაცვლებით ერთმანეთს, მაგრამ ძირითადად ის ლაპარაკობს, აუდიტორია აქტიურია, ტოკოც გვეხმარება ამაში, შეკითხვებიც წამოვიდა: კითხვაზე თქვენ უკვე ალბათ მოფიქრებული გაქვთ სად უნდა ჩააბაროთ პასუხი იყო –„კი როგორ არა სახელმწიფო უნივერსიტეტში“, რატომ? „რატომ და ყველაზე პრესტიჟული და კარგია“.  როცა ვეკითხებით თუ რას ნიშნავს ეს? გვპასუხობენ – „არ ვიცი“.....  მოსწონთ სლაიდები, განსაკუთრებით სასამართლო დარბაზი და ის სლაიდი სადაც ყველა სტუდენტს თავისი ლეპტოპი აქვს, რადგან აქა იქ შორისდებულები ისმის, „ვააა“, „აუჰ,“ „მაგარია“, „ეს საკუთარია არა“?... და ა.შ. მაგრამ შორისდებულების ბუმი მაშინ იწყება როცა ალეკო ბოლოს და ბოლოს მერამდენე შეკითხვის შემდგომ ამბობს, თუ რამდენია სწავლის საფასური, თან იქვე აკლებს გრანტს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკვე აზრი დაკარგა ყველაფერმა იმან, რაც აქამდე ვილაპარაკეთ...   აქედან კარგად ჩანს თუ როგორი ეკონომიური სიტუაციაა რეგიონში.
საბოლოოდ შეკითხვები წამოვიდა. ერთი ბიჭუნა ამბობს, –„რამდენად შესაძლებელია, რომ დაემატოს ამ უნივერსიტეტს სხვა სპეციალობები, მაგალითად სამედიცინო, რადგან მე მინდა სამედიცინოზე სწავლა და ვისურვებდი მედიცინა ასეთ უნივერსიტეტში მესწავლა“.  –„მე კი გერმანული ვიცი და ამ დროს თქვენთან მინდა ჩაბარება, რამდენად შესაძლებელია, რომ ჩავაბარო ის ენა, რომელიც ვიცი და ჩარიცხვის შემდგომ ვისწავლო გაძლიერებულად ინგლისური“? ჟურნალისტი კი გვეკითხება, „რატომ არა გაქვთ ჟურნალისტიკა“? „თუ სამსახური ვერ ვიშოვე და დამთავრების პირველსავე წელს ვერ დავიწყე გადახდა მაშინ რა ხდება“? „ჩემი სწავლის მეოთხე წელსაც იგივე იქნება საფასური რაც ჩარიცხვის წელს იყო? ასე ბევრი უნივერსიტეტი აკეთებს“? „თუ სხვაგან ჩავირიცხე როგორ შეიძლება თქვენს უნივერსიტეტში გადასვლა“?
ჩვენ ვემშვიდობებით დუმბაძის სახელობის #2 ვარდისფერ საჯაროს და მივდივართ სადილზე.  ალეკო ამბობს, რომ ზაფხულში აქ პრაქტიკებზე იყვნენ და იცის სადაც აჭმევენ კარგად....
მალე ჩყოროწყუს გზას ვადგევართ....   სამეგრელოს კოხტა გაწიკწიკებული ეზოები. ჩხოროწყუ მთიანი სამეგრელოა, არასოდეს არ ვყოფილვარ, უბრალოდ ვიცი, რომ ლუგელას ხეობაა ამ მხარეს და ისიც ვიცი, რომ ამ ხეობას „სამოთხეს დედამიწაზე“ ეძახიან, სრიალა გზაა, მედიკოს ჩემი რძლის ნათქვამი გამახსენდა, რომელიც ათი წელი არ ყოფილა საქართველოში და საახალწლოდ ეწვია წალენჯიხას, –„თბილისიდან კვერცხი რომ დააგორო სამეგრელოში ისე ჩაგორდება რომ ბზარი არ ექნებაო.“  ალეკო მეგზურობას გვიწევს, ლევანი ისევ ყურადღებით გაჰყურებს გზას, წინ მთებით შემოჯარული სამეგრელოა, ჭიშკართან მეგრული „ძგვიბალი“ ძროხები მორჩილად ელოდებიან თავიანთ პატრონს. მეგრული ძროხა ჩიაა და პატარა თავი აქვს, იშვიათია ათლიტრიანი მეგრული ძროხა,  მას საცოდავი გამოხედვა აქვს და რადიკალურად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ძროხებისაგან, სამაგიეროდ მაღალცხიმიანია.
წინ „დროგი“  მიდის მედროგეს ტომრები უწყვია, თითქოს ჩალას ჰგავს, მაგრამ ცხენი ისეთი ჯაგლაგი და გაუბედურებულია გული მოგიკვდება, ალბათ ასეთი იყო პლატონ სამანიშვილის ჯაგლაგი, ვფიქრობ ჩემთვის და მიკვირს რატომ არ გადაასწრო ლევანმა, თითქოს ისიც ამ ცხენის საცოდაობას აკვირდებაო....
ალეკოს ბაბუას სახლში ვართ, აქ ახლა მისი შთამომავალი და ალეკოს ბიძა მერაბი ცხოვრობს, მისი ახალგაზრდა მეუღლე ეკათი, რომელიც მასზე 15 წლითაა უმცროსი, ისინი დიდი მოწიწებითა და სითბოთი გვეგებებიან, მათ ორი შვილი ჰყავთ, რვა წლის რატი და ხუთი წლის მარი, პატარა „დანდალა“ გოგონა, რომელმაც უკვე წერაც იცის, კითხვაც, ასამდე დათვლაც და კომპიუტერიც. მეგრულ წესზე, როცა იცი რომ სტუმარი მოდის სუფრა წინასწარაა გაშლილი,  ყველაფერია გარდა ცხელი ღომისა, რომელიც გაღუღუნებულ სვანურ ფეჩზე დგას და შიშინებს, ფეჩს ზემოთ ღორის შაშხი კიდია, როგორ ვნანობ, რომ ოზურგეთში ვისადილე...
ალეკოს ბიძა წუხს, რომ არაფერს არ მივირთმევთ, ლევანს ღომში ყველის „ჩამარხვას“ ვამუღამებინებ, მასპინძლებს ძალიან უხარიათ რომ ჩვენ ასეთი კარგი მისიით ვართ ჩამოსულები და თავის შვილებს ეუბნებიან, რომ კარგად უნდა ისწავლონ, მაგრამ ბატონი მერაბი ამბობს, რომ ვინც ისწავლის არავინ ბრუნდება სოფელში და დაცარიელდა ირგვლივ ყველაფერი, –„აი ჩემს გარშემო ხუთი ოჯახი ცარიელია, სახლები გამოკეტილია, იმიტომ რომ ყველა თბილისში წავიდა. ვინც აქ არის იმასაც არ უნდა მუშაობა, ურჩევნიათ ერთჯერადი დახმარება აიღონ, მერე იშიმშილონ და არ იუშაონ, ისე მიწები კი უნდათ, მაგრამ მუშაობა ეზარებათ, არადა მიწას მუშაობა უყვარს, ისე ცარიელი დაუმუშავებელი მიწები აქვთ, როგორც თვითონ ამბობს „დიხა წუმუტაკ“ და ამისი არ რცხვენიათ“...  ბაბუაჩემის ნათქვამი მახსენდება –„თუ გინდა რომ კარგი და ყოჩაღი მეზობელი გყავდეს, რასაც გთხოვს ყველაფერი არ მისცეო“.



მესამე დღე
დილით ადრე ჩხოროწყუს სკოლაში ვართ, მანამდე  „ელ მოლს“ ვათვალიერებ, უზარმაზარი ტერიტორია აქვს რაიონის გამგებელს, მოვლილი თხილნარი, ხეხილის ბაღი, რაღაცას აშენებს, სავარაუდოდ გარაჟს ან მარანს, საიდანღაც მდინარის ჩხრიალიც ისმის, წინ კი კავკასიონს მზის ათინათი ადგას თავზე...
სკოლაში მივდივართ ეს ჩხოროწყუს #2 საჯაროა, დირექტორი ჭიშკართან გვეგებება და მეგრული მოწიწებითა და თავაზიანობით გვართმევს ხელს, ბატონი მერაბი ეუბნება, რომ ალეკო მისი ძმისშვილია  თვითონ კი მიდის, დაბნეულმა სკოლის დირექტორმა არ იცის ის გააცილოს თუ ჩვენთან დარჩეს, ბოლოს სტუმრებს ირჩევს და გვეუბნება, რომ სკოლის კლუბში გველოდებიან.
დერეფანში ყველა გვესალმება, ეს სამეგრელოში სტუმრისადმი პატივის მიგების ერთ ერთი წესია სხვა საუცხოო წესებს შორის.  თუმცა სამეგრელოში დაბადებულ და გაზრდილ ალეკოზე, რომელსაც აქ რატომღაც საშას ეძახიან ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. კლუბში 120–130 კაცია, მათ შორის მასწავლებლები, რესურს ცენტრის წარმომადგენლები და ჩხოროწყუს ლტოლვილთა გიმნაზია, ტელევიზია და კოპწია საგულდაგულოდ თვალებდახატული მეგრელი „რცხიმალი“ ჟურნალისტი გოგონა. ქალები ერთმანეთს ეჩურჩულებიან „ტიტე შელიშ მოთა ოფე თე ბოში“ (ტიტეს შვილიშვილი ყოფილს ეს ბიჭი) აქ ვიცი, რომ ალეკოსთან შანსი არა მაქვს, ის მთელი არსებით ცდილობს რომ მაქსიმუმი გააკეთოს, აქ იციან იესემი, იციან აზია აფრიკის სკოლა, მაგრამ ისევ შავი ზღვის უნივერსიტეტს ახსენებს ვიღაცა... როგორც კი პირველი სლაიდები გავიდა, მაშინათვე დაიწყო საფასურზე საუბარი -„აუჰ გვითხარით რა ღირს სწავლა, კარგია ეს ყველაფერი, საფასური რა არის“? – ალეკო ეუბნება, რომ სწორედ ამის გამო ვართ აქ, რომ სწორედ ამას ეხება პროექტი „ისწავლე დღეს ასწავლე ხვალ“ და რომ ამაზე დაწვრილებით ისაუბრებს, მაგრამ როგორც კი იმ თემას უახლოვდება ისევ მეორდება იგივე კითხვა, ის აუდიტორიას ანდობს შეაფასონ –„როგორ ფიქრობთ რამდენია ასეთი დონის უნივერსიტეტში საფასური“? ათასით იწყება, ვიღაცა ორი ათასს ამბობს, უმრავლესობა ორი ათასზე ჯერდება, მაგრამ ალეკოს და ალბათ ჩემი სახის მეტყველებიდან გამომდინარე გაუბედავად ამბობენ სამი ათას ხუთასს, ეს მათთვის ისეთი დიდი თანხაა, რომ რეალურად ვერც აფასებენ სიტუაციას, მე ძალიან კარგად მესმის რატომაც..... „გვითხარით რამდენია რაა“? ჩვენ ვეუბნებით საფასურს და იქვე ვაკლებთ გრანტს, მაგრამ შორისდებულები არ წყდება, „ოხ“, „აუჰ“, „მუ ამბე რე ჩქიმ ცოდა“,(რა ამბავია ჩემი ცოდვა)  „დიდუჰ“,  „ჯგირ ირფელ თაშ რე სქან გოლუაფირო“ (ყველაფერი კარგი ასეა შენ შემოგევლე).  მეც ვუდასტურებ, რომ დიახ კარგი ყოველთვის ასეა, და სწორედ კარგ უნივერსიტეტში კარგებს რომ ჰქონდეთ სწავლის შანსი ყველანაირი ოჯახებიდან, ამიტომაც სთავაზობენ მათ დაფინანსების ასეთ ფორმას, რომ თუ თვითონ დაიფინანსებს მსწავლელი თავის თავს, ის არჩევანსაც თვითონ გააკეთებს და ბეჯითადაც ისწავლის....
შეკითხვების სერიაც დაიწყო...  „რატომ არა გაქვთ ფიზიკა, ბიოლოგია ან ქიმიის ფაკულტეტები“? „მხოლოდ ინგლისურია ჩასაბარებელი“? „დაუშვათ ჩემი დამთავრების მერე საფასური რომ გაძვირდება მე უფრო ძვირი რატომ უნდა გადავუხადო სხვას“? „თუ ამ პროექტში ჩავერთე და მესამე კურსზე ყოფნის დროს გამომიჩნდა საშუალება რომ გადახდა დავიწყო, მაქვს თუ არა უფლება გადავიხადო“? „რატომ არა გაქვთ აბიტურიენტებისათვის მოსამზადებელი კურსები“? „როგორ? მე შემიძლია თქვენს უნივერსიტეტში ახლავე მოვიდე და ყველაფერი დავათვალიერო“? „ვინ უდგას სათავეში მათემატიკის სკოლას“? ...ეს სავარაუდოდ მათემატიკის მასწავლებელია. „მაქსიმუმ რამდენი ქულა უნდა მქონდეს მათემატიკაში, რომ ბიზნეს სკოლაში ჩავირიცხო“? „თუ ვერ გადავიხდი რას მიზამენ“?  „დავუშვათ პატიოსანი ადამიანი ვარ, მაგრამ გავხდი ავად, ან რაღაც დამემართა და ვერ გადავიხადე, უნივერსიტეტი ხომ ამით დაზარალდება“?   „რატომ გაქვთ გარანტია, რომ ისეთ სამსახურებს ვიშოვით, რომ გადახდას დავიწყებთ უმტკივნეულოდ“?
ჩვენ უკვე სენაკში ვაგვიანებთ, მაგრამ დისკუსია არ წყდება, ბოლოს ყველაზე ჭარმაგი მოხუცი დგება, მას გაქათქათებული თეთრი პერანგი აცვია, ნაცრისფერ გაქუცულ პალტოს ერთი ნაოჭიც არ ეტყობა, თითქოს არც დამჯდარა პალტოიანად, საგულდაგულოდ გადავარცხნილი თმები თოვლისფრად უქათქათებს, იგი ცოტა არ იყოს ღელავს –„თქვენც იცით ალბათ, როგორი სიტუაციაა ეკონომიურად, გარემო სახარბიელო არ არის ჩემო ბატონო, ირგვლივ ზვიგენები და ურჩხულები არიან და ფული წყვეტს ყველაფერს, მაგრამ მე რასაც ეხლა ვისმენ, შემიძლია ასე დავახასიათო –ეს არის გზის მითითება, როგორ მიიღო ხარისხიანი სწავლა, მე მადლობას ვუხდი თქვენს უნივერსიტეტს, რომ არა მარტო ზვიგენების და ურჩხულების შვილებს შეუძლიათ ასეთ უნივერსიტეტებში სწავლა, არამედ პატიოსანი ინტელიგენტი ოჯახების შვილებს, რომლებიც უფრო მონდომებულები და ჭკვიანები არიან და რომლებიც უსახსრობის გამო მეორეხარისხოვან სასწავლებლებში სწავლობენ, ოღონდ კი დიპლომი ქონდეთ. ამის ინიციატორს აშკარად ნაფიქრი აქვს ამაზე და მე ჩემდათავად მადლობას ვუხდი მას“.  
დარბაზში ტაშმა იქუხა, ეს ბატონი წლების განმავლობაში თურმე სკოლის დირექტორი ყოფილა.
ბოლო შეკითხვა პირადად ალეკოს მისამართით იყო – „თქვენ ცოლიანი ხართ“?  აქა იქ კომენტარები მოყვა შეკითხვას   - დიდუ მუსრე ოკითხნან? ონჯღორე ვაუჩქუნო?
ბუკლეტები აქაც დაიტაცეს დარჩენილებს მანქანიდანაც მივეცი დამატებით, კორესპონდენტი სასიძოს პირში მიკროფონს ჩრის –„შენი ჭირიმე მერაბისთან ნუ შემიქმნი პრობლემებს მოდი და ჩაგწერ“....
სენაკისკენ მივქრივართ როგორც იქნა ლევანი აჩქარდა, სენაკის #1 საჯაროს დირექტორს ვურეკავ და ვეუბნები, რომ ცოტა გვაგვიანდება, „ვუი, შეიცხადა მთელი ხმით დირექტორმა,  ისედაც ძლივს ვაკავებთ ხალხს, გაკვეთილები უმთავრდებათ“.  
ზუსტად 15 წუთს ვაგვიანებთ, სენაკში ჩხოროწყუსაგან განსხვავებით თოვლია და საშინლად ყინავს  #1 საჯაროში #4, #7 საჯაროს ბავშვებს ვხვდებით, სკოლის ჭუჭყიან ბნელ ტალანებში, დირექტორი მიგვიძღვის, რომელსაც კარგად რომ დააკვირდე ვერფრით ჯდება სკოლის დირექტორის იმიჯში......
სკოლის კლუბში ისე ყინავს როგორც ეზოში. დაახლოებით 95  მოსწავლეა და რამდენიმე მასწავლებელი... ხმაურია, მასწავლებლები ამაოდ ცდილობენ წესრიგი დაამყარონ
-„ასათაიანი უნდა გაგიპო ეგ თავი, როდემდე იბოდიალებ აქ, დაეგდე სადმე და მორჩი.“
ბიჭების ჯგუფიდან კი ვიღაცა გამოსავალს სთავაზობს ე.წ. „ბოდიალას“
-„გოგო მოდი აქ ადგილი თუ არა გაქვს, აგერ დამაჯექი და აჩუ აჩუს გათამაშებ“.
-შეეშვი არ უნდა აჩუ აჩუს თამაში.... ხა, ხა, ხა...
დირექტორი ისევ ცხარობს - არ დაწყნარდებით თქვე გასაწყვეტებო....
ჩვენ პრეზენტაციას ვიწყებთ, უკვე ორივე ვგრძნობთ, რომ ბოლომდე თუ გავატანეთ უდიდეს გმირობას ჩავდივართ, ხმაც კი გაგვეყინა... კლიპზე ყველა ხალისობს, თან მოსწონთ, რომ ექსკლუზიურად უყურებენ, მანამ სანამ ეთერში გავა, რობოტების ნახვამ და სენსორულმა მაგიდამ აქ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია, „მართლა თქვენთან არის“? ერთი ბიჭი ძალიან აქტიურობს, –„იცით პირდაპირ ფასზე გადადით, აქ ფასია გადამწყვეტი“, –„შენ უკვე გადაწყვიტე?“ ვეკითხები –„დიახ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიურზე, გაქვთ ფსიქოლოგიური?“ „ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ჩავწერე და სოხუმის უნივერსიტეტი, რობაქიძეშიც ასწავლიან, მაგრამ მე ვერ ჩავწერ 6 ათასი ღირს“.
ვინ დგას ამის უკან? ვინ აფინანსებს? მართლა ყველას ექნება კომოიუტერი? ისე ჯადოსნური გვარის ხსენება... თუმცა აქ რეაქცია სხვა იყო „უი მართლა ბენდუქიძე იუდა? აუ ბენდუქიძე იუდა....“ მასწავლებლები ამაოდ ცდილობან დააწყნარონ ამ სიტყვების ავტორი და ჩუმ წყევლას აყოლებენ თან. რასაც მე და ალეკო „არ ვიმჩნევთ.“
აქ კარგად იციან იესემი და აზია აფრიკის ინსტიტუტი.  ჩვენს შეკითხვაზე ერთ ერთი აქტიური გოგონასადმი თუ რომელ ენას მიანიჭებდა უპირატესობას მან თქვა, რომ არაბულს. „მომავალი ფსიქოლოგი“ არ ცხრება, „სხვაგან რომ ჩავაბარო და თქვენთან გადმოვიდე როგორ არის შესაძლებელი“? შემდეგ უკვე სხვებიც აქტიურდებიან –„ორი უცხო ენა რომ ჩავაბარო რუსული და გერმანული მაინც არ შემიძლია თქვენთან მოხვედრა?“ „რატომ გაქვთ გარანტია, რომ სამსახურს ვიშოვით და გადახდას დაიწყებთ?“ „თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ასეთი მაღალი ხარისხის განათლების შემდეგ კურსდამთავრებულის აზროვნება ისეთი იქნება, რომ ის მზად არის გადაიხადოს, მაგრამ ექნება თუ არა მას საშუალება ჰქონდეს მინიმუმ 1500 ლარიანი სამსახური? ამას როგორ უზრუნველყოფთ?“
ნელნელა გაიკრიფნენ,  მხოლოდ ერთი პატარა ბიჭუნა დარჩა მის მეგობართან ერთად, „მე XII კლასელი ვარ, მაგრამ მინდა წინასწარ თადარიგი დავიჭირო, რომ კომპიუტერებზე ჩავაბარო, რამდენიმე პროგრამა ვიცი და ვცდილობ კიდევ ვისწავლო, მანამ სანამ ჩავაბარებ, ეს იმიტომ, რომ იქ მომზადებული მოვიდე, როგორც მესმის ეს პროგრამისტების სკოლა არ არის, უფრო მაღალი რანგის სპეციალისტებზეა საუბარი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. იცით მე უკვე დავამუღამე როგორ გავტეხო ადნაკლასნიკები, ასევე ვცდილობ კარგად ვისწავლო მათემატიკა, ძალიან მინდა წინასწარ შევხვდე ლექტორებს და ვნახო თქვენი უნივერსიტეტი“
ალეკო  გარბის, მე დირექტორთან სამივლინებო ფორმალობებს ვაგვარებ, ის მემშვიდობება და მითითებს თუ საითკენ წავიდე, ჩაბნელებულ კორიდორს მივუყვები და სკოლის სულ სხვა მხარეს გავდივარ, წრეს ვარტყამ და ვპოულობ ჩვენს მანქანას –ლევანს ეღიმება –„რაა,  გაიყინეთ ხომ, რას გავხართ ორივე, ალეკო შენ გეძებს“, ამასობაში ისიც გამოჩნდა და ჩვენ დავიძარით სენაკის #2 საჯაროსკენ.
#2 საჯარო კეთილმოწყობილი სკოლაა, ისიც ვარდისფერი, მგონი სკოლებისთვის გამოყოფილი საღებავის ამბავია. მასწავლებლები სულ ახალგაზრდები არიან, დირექტორს ერთ ერთ კაბინეტში შევყავართ, სადაც ორმოცამდე მოსწავლეა რამდენიმე პედაგოგთან ერთად, რომელათაც დიდი ინტერესი ახატიათ სახეზე, საამურად თბილა, ვაიტბორდზე ასოციოგრამაა  – ერუდიტი, ბალავარი, ძიება, ლაზარე, ათინათი –უნივერსიტეტის და ჩვენი თავის წარდგენის მერე   დაფაზე დაწერილ სიტყვებთან მივდივარ  და ვიწყებ....
ჩვენი  უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც  თქვენ ქმნით ისეთ მყარ სამომავლო ბალავარს, რომელზედაც შეგიძლიათ ნებიმიერი სიძლიერის ცოდნა დააშენოთ, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გიყალიბებთ მუდმივი ძიების, განვითარების უნარ–ჩვევებს, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ ერუდიტი, მრავალმხრივ განათლებული ადამიანი, ეს არის უნივერსიტეტი  სადაც სწავლა მიდის იმ ენაზე რომელზეც ლაზარე  მეტყველებს.... თქვენ თავისუფალი არჩევანის წინაშე დგახართ იმისათვის, რომ ყოველივე ამის შემდგომ თავზე გამარჯვების ათინათი დაგადგეთ თქვენს კარიერულ წინსვლაში......
 მე და ალეკო ისევ მონაცვლეობით ვლაპარაკობთ, აუდიტორია გასუსულია, მაგრამ შიგა და შიგ კითხულობენ „კი მარა გვითხარით რა ღირს სწავლა? იესემი იციან „ეს ხომ კუპრეიშვილისა და შოთა ჭანტურიას უნივერსიტეტია?  ის ძვირიანია, ეხლა რა ღირს?“ კლიპზე და რობოტებზე აქაც ხალისობენ. მაგრამ ეჭვი ეპარებათ, იმაში, რომ რობოტექნიკასთან ნამდვილად ექნებათ შეხება, ჩვენ ვპატიჟებთ მათ ოთხდღიან გაცნობით პროგრამაზე, ღია კარის დღეებზე, ოლიმპიადებზე და ვპირდებით, რომ ამას ყველაფერს ნახავენ. ასევე მოსწონთ მაინორი? „ე.ი. ორ სპეციალობას დავეუფლები ფაქტიურად“? სამართლის სკოლა დიდ ინტერესს იწვევს, „პარლამენტშიც შეგვეძლება კანონების მიღებას დავესწროთ?“  „როგორ ეწყობა დასაქმების ფორუმი?“  „რა განგასხვავებთ თქვენ კავკასიის ბიზნეს სკოლისაგან? „თუ ჩავიჭრები ვიხდი თუ არა გადაბარების საფასურს“? „უცხოეთში სწავლის გაგრძელების რა შანსი მაქვს“?  „რას ვდებ „ზალოგში“ რომ მაფინანსებენ“? „თუ ცუდი სტუდენტი გამოვდექი, და გავირიცხე“? „როგორ დამასაქმებთ“? „თუ ფული ვიშოვე მეოთხე კურსზე, რატომ ვუცადო გადახდას კიდევ ოთხი წელი, მაქვს ამის უფლება“? „მე გერმანულს ვსწავლობ ბიზნეს სკოლაში მინდა ჩაბარება, რატომ არა მაქვს უფლება“?
სანამ ტექნიკას ვალაგებდით, რამდენიმე ბავშვი დარჩა, მათ უფრო ინფრასტრუქტურა აინტრესებდათ რატომღაც, „მართლა ყველგან იჭერს ინტერნეტი?“, „ყველას აქვს ლეპტოპი“? და ყველას აქვს შანსი რომ ასე იაფად შეიძინოს?.“
მხოლოდ ამ სკოლაში არ ყოფილა „შორისდებულები“ საფასურთან დაკავშირებით, ჩვენ ვემშვიდობებით მათ,  ქრიალ ქრიქლით ჩავუვლით ტერენტი გრანელის სახლ მუზეუმს და და გზას ზუმისაკენ ვაგრძელებთ, სადაც ალეკოს დეიდა გველოდება..........

          ზუმი ჩხოროწყუს რაიონია, კიდევ უფრო მაღლა ვიდრე ჩხოროწყუ, ირგვლივ ჩამოთოვილი მთებია, საამურად ანათებს მზე, რომელსაც უკვე ძალა აქვს, ხვალ დათბება და არც ზუგდიდში და არც სენაკში არ იქნება ყინვა, ხარბად ვაკვირდები მეგრულ კოპწია ეზოებს, ყველა სახლს გვერდით პატარა „საბზადი“ უდგას, ფაქტიურად მეგრელები „საბზადში“ ცხოვრობენ, დიდი სახლი „სასუმარო“ა, ზოგი დიასახლისი ალბათ ისე მოკვდება, რომ არასოდეს არ დაიძინებს „სასუმარო“ სახლში. ზოგიერთი “პროგრესულად“ მოაზროვნე მეგრელი დიდ სახლს ამიტომაც დაცინვით „საკუბოვე“ სახლს ეძახის, რადგან მასპინძელი აქ მხოლოდ მიცვალების შემთხვევაში ათევს ღამეს. საბზადში აუცილებლად არის ბუხარი ან შეშის ფეჩი, „კუშეტკა“ თავისი მუთაქებით და მეგრული მჟავის – „დაძმარებულის“ სუნი, რომელიც სულუგუნის, ღორის შაშხისა და კუპატის სუნშია არეული. მიუხედავად ამისა, სულაც არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, პირიქით ყველა სენსორულ ორგანოს გიღიზიანებს და კულინარიული ტკბობის წარმოდგენაზე  კბილებიდანაც და ყურებიდანაც კი ნერწყვი მოგდის.
ზუმის გზა გადათხრილია, ჩვენ შემოვლით მივდივართ, ხობის წყალს კამკამი გაუდის, ალბათ კალმახები ცხოვრობენ, ვფიქრობ ჩემთვის.  საშინელი გზაა, მერაბი ალეკოს ბიძა ამბობდა გუშინ, რომ ეს გზა მისახედია და რომ გაზაფხულისთვის აუცილებლად ექნებათ ზუმელებს კარგი და „რიკინა“ „ოსარსალაია“ გზა.......
ეზოში შევდივართ, ალეკოს ორი დეიდა გვეგებება, ნინო, რომელიც სპეციალურად ობუჯიდან ჩამოვიდა მის ხელში გაზრდილი დისშვილის სანახავად და ლეილა, რომელიც დინჯად გვეპატიჟება.  ნინოს პატარა შვილი ჰყავს და თავის დროზე ტექნოლოგიური აქვს დამთავრებული თბილისში, იგი საფირონისფერთვალება ხმელი ქალია, მხიარული და ენაწყლიანი. ლეილას ტიპიური კოლხის იერი აქვს,  კამეჩის რძეში რომ ბროწეულის წვენი გაურიო ისეთი ფერის კანი, მაღალი, ქერა, ისრიმისფერი თვალებით, ზუსტად თვალებისფერი თბილი სვიტერი აცვია და გრძნობს რომ ძალიან უხდება, მას თავის დროზე უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და მაღალ თანამდებობებზეც უმუშავია.
სუფრა გაწყობილია, ღომი ჩაზელილია, ხაჭაპურების მთელი გორა აწყვია დიდ სვანურ ფეჩთან ახლოს, რომლის გვერდით ვედროთი თხილის ნაჭუჭი დგას, სწორედ ამიტომაც არის ასეთი საოცარი სითბო. აქვე ოჯახის ახლობლებიც ტრიალებენ, ერთს ცხელი პური გამოაქვს ღუმელიდან, მეორე ღომს ზილავს, ღომის სიკარგე ხომ იმით იზომება თუ რამდენი ათასჯერ ჩაზილავ.
ლევანი მეკითხება, „–როგორ უნდა მიხვდე, რომ ღომი მზადაა“?
 –„აი ღომს რომ ღომის ქერქის ანუ “ნახვაწას“ სუნი აუვა, მაშინ უკვე მზადაა ანუ ფქვილის სუნი არ უნდა ჰქონდეს“ ვუკონკრეტებ მე. თან ვუხსნი თუ როგორ შეიძლება ღომის სპეციალური ქვაბიდან „ჩუანიდან“ ღომის ქერქი ქუდივით ამოიღო და ყველთან ერთად ახრატუნო. საუცხოო სუფრაა, ბაჟე, წიწილი, ჭყინტი პიტნიანი ყველი, სულუგუნი, შაშხი, და ვინ იცი კიდევ რა.   მშობლიურობის შეგრძნებაა, ჩემი ბავშვობა, ჟენია ბებიას სამზარეულო, ბებიას ნათესაობა ოტობაიაში და მათი „საბზადი“ს სუნი და გემო მახსენდება. ლეილას ზუსტად ისეთი ხაჭაპური აქვს როგორიც ჰქონდა ბებიაჩემს, მთლიანად მაწვნით მოზელილი, ზევიდანაც ყველით სავსე, რომ ვერ გაარჩევ სად არის ცომი და სად ყველი. ის გზაზე გვეწუწუნება და თან დასძენს „კარგია რომ მერაბი მოდის ერთი ნახოს როგორი გზაა ზუმში იქნებ უფრო ჩქარა გაგვიკეთოს“, მერაბი მალე შემოგვიერთდა თავის მძღოლთან ერთად, ალეკო თამადობს, მაგრამ ვერ სვამს, ვერც მე და ლევანი ვსვამთ, ლეილას ანუ ლეს როგორც ალეკო ეძახის შემოაქვს და შემოაქვს ხან მოხარშული გოგრა „კოპეშია“, ხანაც მოხალული თხილი, ხანაც ფელამუში..........
მათ უზარმაზარი ძველებური სახლი აქვთ  ძალიან დიდი ეზოთი, ჭიშკარი სადღაც შორს მოჩანს, მარჯვნივ და მარცხნივ თხილნარით. ლეილა მიყვება, რომ ამ სახლში ზუგდიდიდან მარტვილში მიმავლი მიურატები ჩერდებოდნენ. მაშინ ეს დიდი პატივი იყო, ამიტომაც, ლეილა ამბობს, რომ მის სიძეს, ანუ ალეკოს მამას ახალი სახლის აშენების სურვილი მამაჩემმა სასტიკად გააპროტესტაო, „მიურატები ჩერდებოდნენ და შენ რაა, ვერ გაჩერდებიო ასეთ წაბლის სახლში.“ მართლაც საოცარი სახლია, როგორც იტყვიან „ოღიორაია“ წაბლის ოდა, მეორე სართულზე უზარმაზარი მისაღები ოთახია, რომელიც წაბლის ხისგან გაკეთებული ხსნადი კედლით არის გადატიხრული, და რომელსაც ხის უზადო ხელოსნის მიერ შესრულებული ჩუქურთმები გაჰყვება.  აქ ჩემთვის საწოლია  გაშლილი, რომელსაც „სასუმარო“ თეთრეული  აკრავს, მის საოცრად ციმციმა თეთრ ფერს თვალს ვერ გაუსწორებ, როგორც კი საბანი გადავხადე გავოცდი, თავიდან ბოლომდე თბილი ბოთლები ელაგა საწოლში......
„სტუმრის პატივისცემა ხომ უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი სამეგრელოში.... დღესაც გრძელდება...
            წინ ზუგდიდი გველოდება....... ზუგდიდი ხომ ცალკე თემაა..... განსაკუთრებული თემა.....