Friday, January 10, 2014

მენეჯმენტის გაკვეთილები პროექტი „ისწავლე დღეს ასწავლე ხვალ“ დასავლეთ საქართველოს ვარდისფერი სკოლები „ძგვიბალი“ ძროხები, „ბენდუქიძე იუდა,“ კუნაპეტივით შავი გიჟმაჟი ზღვა აღვარღვარებული სუფსა და სტუმრისათვის პატივის მიგების მეგრული წესი.

მენეჯმენტის გაკვეთილები

პროექტი „ისწავლე დღეს ასწავლე ხვალ“ დასავლეთ საქართველოს ვარდისფერი სკოლები „ძგვიბალი“ ძროხები, „ბენდუქიძე იუდა,“ კუნაპეტივით შავი გიჟმაჟი ზღვა აღვარღვარებული სუფსა და სტუმრისათვის პატივის მიგების მეგრული წესი.

პირველი დღე
ლევანი იმაზე ადრე მოვიდა ვიდრე ველოდი, ფაცხა ფუცხით ჩავიცვი, კიდევ კარგი, რომ ყველაფერი მზად მქონდა, წყალი დავლიე და გამოვქანდი, ნინო თვალების ფშვნეტით მაცილებდა და კეთილ მგზავრობას მისურვებდა.
ლევანი ჩემი სადარბაზოდან ოდნავ მოშორებით იდგა, მაგრამ სანამ მანქანამდე მივედი ქარმა კინაღამ წამიღო, გრიგალი იყო გამოცხადებული, ნამდვილად ასეა. ჩვენი ტელევიზიები მხოლოდ ამაში არ გვატყუებენ, აქედან გამომდინარე მთელს დასავლეთში ალბათ თოვს როგრც ითქვა.
ლევანის ნახევრად ხუმრობით ვეუბნები – მძღოლი მუდმივად აგივიანებს, შენ კი ადრე მოდიხარ.
–ხო, რა ვქნა რაც უფრო ადრე წავალთ მით უფრო ადრე მივალთ. მართალიცაა. ლევანი გამოცდილი მძღოლია, 16 წელია ვიცნობ, უამრავ ადგილას ვყოფილვართ უცხოელ სტუმრებთან ერთად.
დიღმის ტრასაზე ალეკო გველოდება, აი ისიც, ჩავისვით გათოშილი და გავუდექით „კუდიგორის გზას“.
ჩვენი მისია იმაში გამოიხატება, რომ დასავლეთ საქართველოს კერძოდ სამეგრელოს უმეტეს სკოლას გავაცნოთ ჩვენი უნივერსიტეტი „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და მისი ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს, გადავადებულ დაფინანსებას, ანუ დღეს სწავლობ და სწავლის დამთავრების შემდეგ იხდი, ეს რაღაცნაირ რისკებთან არის დაკავშირებული, ყოველ წელიწადს შესაძლო ფასის მომატებასთან, ინფლაციასთან, კარგი სამსახურის შოვნის რისკთან და სხვა, მაგრამ „ვინც არ რისკავს შამპანურსაც ვერ სვამს“. ასეთ შანსს სხვა სასწავლებლები ნამდვილად ვერ მოგცემენ, ამიტომაც მგონია რომ “Carpe diem” სწორედ რომ აქ უნდა გაითვალისწინო, შეიძლება მე ასე, იმიტომ ვფიქრობ, რომ მთელი ცხოვრება ყველაფერს ნისიად ვაკეთებდი და მე თვითონ ვზრუნავდი ყველაფერ ამაზე, აქ კი გთავაზობენ და ინდაურისა არ იყოს, მგონია, რომ დიდი ფიქრი არ არის საჭირო.
თოვლი და ნამქერი გორიდან რომ დაიწყო  სულ უფრო და უფრო მატულობს, ხაშურში ქარბუქია, ლევანი ამბობს
 –რა არის რა უბედურებაა ასეთი „ქარაშოტი“, ეს სიტყვა ბავშვობის მერე არ გამიგონია ალბათ დედა ენიდან ან ბუნების კარიდან მახსოვს, და ძალიან მსიამოვნებს, თან ვიხსენებ ეს ხომ метелица არის, თუ метелица ქარბუქია, რა საინტერესოა? აუცილებლად უნდა ვნახო ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა, იქნებ ქარბუქი და ქარაშოტი რელატიური სინონიმებია? ლოგიკურად ასე გმოდის, ალბათ რაღაც ნიუანსებში ექნება განსხვავებული მნიშვნელობა. მანქანა ძლივს მიღოღავს. ლევანი აშკარად ფრთხილობს – ფიქრებიდან გამოვერკვიე და ლევანის ვეუბნები –ასე როდის მივჩანჩაკდებით, დავაგვიანებთ
–რა ვქნა მირჩევნია დავაგვიანოთ, როცა მივალთ მივალთ რა, ამბობს იგი და თან საბურავებზე წუწუნებს „პაკრიშკები  ლისია“  რააა...   და ვერც წავალ უფრო ჩქარა.
ნეტა лисы როგორ არის ქართულად, პირდაპირი მნიშვნელობით კი არა აი ზუსტად იმ მნიშვნელობით, როგორითაც ლევანი ამბობს, ვიცი რომ გაცვეთილ საბურავებს ეძახიან ასე, მაგრამ ცნება, რომელიც ამას გამოხატავს ქართულად ხომ იარსებებს. ნამდვილად იარსებებს. ჩემი მობილური რეკავს, უი, მამაო ამირანი, შემთხვევით მირეკავს, (შეთხვევით არაფერი არ ხდება)  ნომერი შეეშალა, ძალიან მიხარია, რომ გზას და საქმეს მილოცავს. მე ისევ „შენ“ მახსენდები და ვნანობ, რომ არაფერი გითხარი ჩემი მივლინების შესახებ, შენზე ფიქრებში რომ ვარ,  მუდამ გრძნობ, ამიტომაც მირეკავ...  გზას შენც მილოცავ... კარგია, რადგან საშინელი გზაა ხვავრიელად თოვას კი ისევ აგრძელებს ეს დალოცვილი ბუნება.
ქარბუქი სულ უფრო ძლიერდება, რამდენიმეჯერ ლევანის მანქანა მოუცურდა და ძლივს გაასწორა, გულში ვლოცულობ,  თავს ვიკავებ, რომ ჩემი შიში და ემოცია არ გამოვხატო და ამით კიდევ უფრო არ დავძაბო ისედაც დაძაბული და განერვიულებული მძღოლი.
ალეკო და მე ვყვინთაობთ, ხანდახან მძღოლს გავხედავ, რომელიც ისევ დაძაბული გაჰყურებს გზას, ჩვენ გვძინავს ის კი მთელი გზა დაძაბული მიდის, მალე ქუთაისში შევალთ, საშინელი „ქარაშოტია“ ლამის მანქანა წაიღოს, „დვორნიკები“ ვერ ასწრებენ მინების  გასუფთავებას, ამხელა ფიფქები ცხოვრებაში არ მინახია.
ჩვენი პირველი ობიექტი ფოთის #1საჯარო სკოლაა, გველოდებიან.....
ნამდვილად არ ველოდი რომ ამ გზაზე საცობში მოვხვდებოდით. სენაკის გზაზე ავარიის შედეგად გზა გადაკეტილია, მე სკოლის დირექტორს ვურეკავ, რომ გვაგვიანდება. საბოლოოდ გზა გაიხსნა და ჩვენ სამმა ეგრეთ წოდებულმა „დამხმარე“ ტრაილერმა ჩაგვიარა, სადაც სამი დალეწილი „მიცვალებული“ მანქანა „ესვენა“.
სკოლა ფოთის ცენტრში აკაკის ქუჩაზეა, ჩვენ შენობაში შევდივართ, ძალიან კარგად გარემონტებული უზარმაზარი ვარდისფერი სკოლაა, შემდეგ კიდევ ბევრგან შემხვდა ვარდისფერი სკოლა. დირექტორს ვურეკავ და ვარკვევთ თუ რომელ ფლიგელში ვართ მე და ალეკო, ვხედავ მობილურიან ახალგაზრდა ქალბატონს და ვეუბნები აი მგონი კორიდორის ბოლოში თქვენ გხედავთ მეთქი...
პირდაპირ დირექტორის კაბინეტში ცხელი ყავა, სანუკვარი სითხე, რომელზეც მთელი გზა ვოცნებობ.... მანამდე ნინო დვალიშვილს ვხედავ, რომელიც მართლაც, რომ ძლივს ვიცანი, როგორი, ჭრიჭინა გოგონა მახსოვს, ის ჩემი უფროსი დის ლალის კურსელი იყო, ახლა #3 საჯაროს დირექტორია, როგორც ეძახიან ხოლმე. დირექტორების ატესტაციის პირველ ათეულში მოხვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ სკოლის არჩევის უფლება თავად ჰქონდა და ის სკოლა აირჩია, სადაც თვითონ წლების განმავლობაში ასწავლიდა.... ეხლა კი #1საჯაროში დაგვხვდა.
პრეზენტაციაც დაიწყო, 85 დან 90 მდე მოსწავლეა და სამი მასწავლებელი, ალეკომ დიდი ენთუზიაზმით დაიწყო, მაგრამ ორივეს არ გვესიამოვნა, რომ დირექტორი გავიდა და არ დაინტერესდა პრეზენტაციით.  დირექტრისა როგორც გავიგე პირველი ათეულის პირველი იყო დირექტორების კონკურსში, მაღალი ჯმუხი აღნაგობის ახალგაზრდა დაახლოებით 30 დან 34 წლამდე,  ქერად შეღებილი ცოცხივით თმებითა და ღია  ლურჯი თვალებით, საქმიანი იერითა და მტკიცე თავის თავში დაჯერებული ნაბიჯებით.
აუდიტორია დუნე იყო, თითქოს ვიღაცას ჰყავდა დაშინებული, თუ არ მოხვალ ასე და ისე გიზამო, ერთი სული ჰქონდათ როდის დამთავრდებოდა, ზოგი ანგლობდა კიდევაც, ორად ორი მოსწავლე იყო, რომელსაც რაღაცა აინტერესებდა და შეკითხვას სვამდა, ალეკო ყველა ღონეს ხმარობდა, რომ აუდიტორია ჩაეთრია დისკუსიაში, მეც ჩავერთე და ვცდილობდი დამეინტერესებინა დასაქმებულთა სტატისტიკის მოშველიებით, ჩვენი ინფრასტრუქტურის  შესახებ, ლექციების შესახებ და სხვა რამ ინფორმაციით, მაგრამ შენც არ მომიკვდე „იძულებითი დაჯდომა“ იყო.   ჩემდა გასაოცრად ყველამ გამოიჩინა ინტერესი ბუკლეტების მიმართ, შემდეგ კი ასეთი ტიპის შეკითხვები გაჩნდა: „ტერიტორიულად სად არის?  რა ღირს ერთი საგანი მაგისტრატურაში?–სხვაგან 700 ლარი ღირს. მეტი შეკითხვა არ ყოფილა. ალეკოს შეკითხვაზე თავიდან, თუ რა იცოდნენ ამ უნივერსიტეტის შესახებ ვიღაცამ შავი ზღვის უნივერსიტეტი ახსენა...
გამომშვიდობებისას დირექტორმა ისევ შემოგვთავაზა ყავა და ტკბილეული, ჩვენ თავაზიანი უარითა და მომავლის იმედით დავტოვეთ #1 ვარდისფერი საჯარო და მისი ქერათმიანი დირექტრისა.
უკვე #5 საჯაროში ვართ, ესეც ვარდისფერი სკოლაა, შევდივართ დირექტორის კაბინეტში, შავებში ჩაცმული ორმოცდაათიოდე წლის „საბჭოთა დირექტრისამ“ როგორც კი დაგვინახა წარბები მაღლა აზიდა და გაკვირვებულმა შემოგვხედა, ავუხსენით რაშიც იყო საქმე, „–აი აი მოვიდა“ გვითხრა მან, მის მოადგილეზე, რომელსაც მე ვეკონტაქტებოდი, რადგანაც რესურს ცენტრში დირექტორზე მითხრეს, რომ ის არ არის ადგილზე და მის მოვალეობებს ბატონი გია ასრულებს, „ბატონი გია“ ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი, რომელიც უფრო ჩემი ბავშვოვბის შთაბეჭდილებიდან მეურნეობის ბრიგადირს ჰგავს, საქმიანი იერით გვესალმება და გვეუბნება, რომ კლუბში გველოდებიან, თან დაკუჭული ნაცრისფერი პალტოს სახელოებს, რომელიც რატომღაც აკაპიწებული აქვს ისწორებს და გვეუბნება
„–კარგია რომ ასეთი შემოთავაზება არის, მაგრამ სად არის გარანტია, რომ სამსახურს იშოვი? აი რამდენიმე ჩვენმა ბავშვმა დაამთავრა ბიზნეს სკოლა და ძლივს სამსახური იშოვეს, მეც მინდა რომ ჩემმა შვილმა კარგ უმაღლესში ისწავლოს, მაგრამ ამის ფუფუნებას ვერ მივცემ ჩემს თავს.“
„საბჭოთა დირექტრისა“ გვეკითხება „–თქვენ ალბათ აკრედიტაცია გექნებათ ხომ?“ და თან ისეთ სახეს ღებულობს აშკარად ჰგონია  ჩამჭრელი შეკითხვა დაგვისვა, ალეკო და მე ისევ თავიდან ვუხსნით ყველაფერს და ბოლოს მივედით იქამდე, რომ ეს უნივერსიტეტი არ არის მარტო ბიზნესის სკოლა იესემი და რომ ის ოთხ უმაღლეს სკოლას მოიაზრებს, და, რომ ის ცოდნის ფონდის საკუთრებაა, და, რომ ცოდნის ფონდი არის არაკომერციული და, რომ ის დააფუძნა კახა ბენდუქიძემ და რომ.........  ჯადოსნური გვარის გაგონებაზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა,   „–აააა, მაშინ კარგია, ესე იგი ფინანსები მართლა არის, ჰოდა წავიდეთ დარბზი გელოდებათ...“
„სკოლის კლუბი“ მეორე ფლიგელშია, ჩვენ ტალახიან ეზოს ვჭრით და მეორე სართულზე ავდივართ, მართლაც გველოდება დარბაზი ასმოცამდე ბავშვით, მაგრამ ძლიან აქტიური და ინტერესიანი. იყვნენ ისეთები, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ ბიზნეს სკოლის და აზია აფრიკის ინსტიტუტის შესახებ, ასევე მაგისტრატურით დაინტერესებული პირები, მაშობლები, და თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი მშობელიც კი, რომლის შვილმა შარშან ჩააბარა და მხოლოდ იმიტომ არ ჩაწერა იესემი, რომ ვერ გადაიხდიდა სწავლის საფასურს. „–ნეტა შარშან ყოფილიყო ეს პროექტი ყველანაირ რისკზე წავიდოდი... ისე გვინდოდა თქვენი სასწავლებელი ეჰ...“
ძალიან ცოცხალი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, მრავალფეროვანი შეკითხვებით: „მუშაობას როგორ და როდის ვიწყებ, უნივერსიტეტი გვეხმარება თუ ჩვენ ვზრუნავთ მხოლოდ? როცა გადახდას ვიწყებ საპროცენტო განაკვეთი არ ემატება ამ თანხას? თუ მუშაობა ვერ დავიწყე, როდის ვიწყებ გადახდას? დავუშვათ ამ პროექტში ვარ და მესამე კურსზე შევძელი რომ ყველაფერი გადავიხადო, მაქვს ამის უფლება? რა სახით მიმდინარეობს ლექციები? რომელია უნივერსიტეტის სამუშაო ენა?  ვინც რუსულს აბარებს როგორც უცხო ენას რატომ არა აქვს შანსი?“
ბროშურები აქაც ყველას აინტერესებს.  ჩვენ ვემშვიდობებით ბავშვებს და ვჩაკვირობთ გადავიდეთ „საბჭოთა დირექტრისას ფლიგელში“ და დავემშვიდობოთ თუ არა, ბოლოს მივდივართ, ისევ ვჭრით ტალახიან ეზოს, ბატონი „სასწავლო ნაწილი საბჭოთა ბრიგადირი“ ისევ საქმიანი იერით გვხვდება თან ვიღაცას ელაპარაკება მობილურზე.... „ხო ეს ზემოდან იყო შეთანხმებული, მისი აზრი აინტერესებთ და უნდა ჩაწერონ“ თან ჩვენ გვიღიმის, მერე ისევ იესემზე იწყებს საუბარს და  ჩვენს რამდენიმე ფოთელ სტუდენტს ასახელებს, თითქოს იმის კომპენსირებას ცდილობს, რომ პრეზენტაციას არ დაესწრო არც ის და არც „საბჭოთა დირექტრისა,“ რომელთაც თავაზიანად ვთხოვეთ, ხომ არ მოუსმენდნენ ამ საინტერესო პროექტის შესახებ ინფორმაციას.
ვემშვიდობებით #5 ვარდისფერ საჯაროს და ნინო დვალიშვილიც მირეკავს, ის რესტორანში გვეპატიჟება თბილისიდან რაიონში ჩამოსულ სტუმრებს, ეს ხომ ჩვენი კულტურის ნაწილია და კარგი ნაწილი....
მყუდრო რესტორანი–ბარი „ბარონი“ და ფოთის კეფალი, ოღონდ შავთვალება, წითელთვალებაც არის, მაგრამ შავთვალებას არაფერი ჯობს, ნინო ცდილობს რომ მაქსიმალურად გვასიამოვნოს.... ერთმანეთის მოსიყვარულება, ბავშვობის გახსენება, პოლიტიკა, საგანმანათლებლო რეფორმა, აგვისტოს ომი და ფოთი, ახალი თაობის პრობლემები და განსხვავებული ხედვები, რამდენიმე სადღეგრძელო და ისევ გამომშვიდობება.
ქარბუქი თან გვდევს, ვხედავთ აბობოქრებულ, მართლაც რომ კუნაპეტივით შავ ზღვას, რომელიც გაგიჟებული იქოჩრავს ტალღებს, აღვარღვარებულ მდინარე სუფსას, რომელიც შავ ზღვას ეკონება და ურეკის ერთ ერთ სასტუმროში მოვდივართ, სადაც გვთავაზობენ ლუქსს ყველანაირი კომფორტით – რასაკვირველია ქართულად, რადგანაც როცა დავლაგდით, არც სითბო არის და არც ცხელი წყალი.  სამაგიეროდ არის გამოსავალის პოვნის უნარი.....  თბილი პლედი და ფერადი ტელევიზორი, ჩემი ლეპტოპი..  და შავი ზღვის გაგიჟებული დრტვინვა, შფოთვა, ღრიალი, შხუილი, როცა თავის შეყვარებულს უბრაზდება და როცა სრულიად განსხვავებულები არიან, როცა ის შავია მისი შეყვარებული ცა კი ქათქათა, და არ არიან ერთ სულ და ერთ ხორც – როცა ცა არის ზღვა და ზღვა არის ცა, როცა ვერ გაარჩევ რომელი რომელია, მანამდე კი შორია.... ალბათ გაზაფული მაინც მოვა..........

მეორე დღე
ზღვა აღარ ღრიალებს, რამ ჩააჩუმა.... ყრუდ ისმის ხმა.... ალბათ მოთოვა, ამ ფიქრებში ვდგები, ოთახში სითბოა, ზღვას გავხედე, გაწმენდილიყო, სამაგიეროდ თოვლის საფარი ალბათ თხუთმეტ სანტიმეტრს მაინც აღწევდა, რომ არა ზღვა თავი ზამთრის კურორტზე მეგონებოდა.  ჰორიზონტს გავხედე, ნათელი იყო, წყალიც აღარ იყო ისეთი შავი და კუნაპეტი როგორც გუშინ..... დამთავრდა „ქარაშოტი“ გავიფიქრე.......
მთელს სასტუმროში მგონი მარტო ჩვენა ვართ, კარგი საუზმის შემდეგ გზას გავუდექით, ლევანი მიღოღავს და თან ამბობს, –რა სასწაულია კაცო, ეს „ქარაშოტი“ ჩვენ ხომ არ დაგვდევს თან?
დღეს ოზურგეთში მივდივართ, ხვავრიელად თოვს, ალეკო ამბობს, რომ „თქეში თოვლი მოდის“, მე მყუდროდ მივიყუჟე,  ლევანის ვთხოვე გათბობის მომატება თუ შეიძლება მეთქი, ცივა.... ლიხს აქეთ ხომ ნესტია...
ოზურგეთში შევდივართ, თოვლი მატულობს, ცენტრში აშკარად გამოხატავენ უცხო მანქანისადმი ინტერესს და გაკვირვებას, თუ ვის მოუვიდა აზრად ასეთ ამინდში სტუმრობა. გამგეობასთან ვჩერდებით, ალეკოს ჯგუფელი ტოკო გვეუბნება, რომ დიდთოვლობაა და სკოლებშიც არავინ იქნება  „–მე ორი დღეა ჩემთან სოფელში არ ავსულვარ, მანქანაც ერთ ერთ ქუჩაზე სადაც გავიჩხირე იქვე დავტოვე, ველოდები როდის გადაიღებს“ ამბობს ტოკო.
ჩვენ ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის #2 ვარდისფერ საჯაროში შევდივართ, დირექტორი ალბათ ჩემხელა, ქალია. მაღალყელიან  ზამთრის „ბუგებში“ ჩატანებული ტვიდის შარვლით, მელაკუდას ქურქით და კამკამა ლურჯი თვალებით, ის წუხს, რომ სკოლაში არავინ არ არის, იმ რამდენიმე მასწავლებლის გარდა, ვინც ახლოს ცხოვრობს, რადგან ტრანსპორტი არ მოძრაობს.
„–მე ახლა ყველა სკოლაში გადავრეკავ და საცა ვინმე არის მეთორმეტე კლასელი მოვიდნენ აქანა, გათბობა არსად არ არის, მხოლოდ ჩემს სკოლაშია, ასევე ახლო სოფლიდან მოდიან კიდევ ვიცი და დაველოდოთ.“ გვეუბნება გურული კილოთი დირექტორი. ჭაში ჩავარდნილის არაკისა არ იყოს, მეტი რა გზა გვაქვს. მანამდე სკოლას გვაცნობს. ვარდისფერი სკოლა შიგნით „გაღვირინებულია,“ ამიტომაც ირგვლივ მოვლილ და აშკარად ნალოლიავებ ყვავილებს, რომელიც უზარმაზარ კორიდორშია ჩამწკრივებული არც ეტყობათ რომ გარეთ ასეთი საშინელი ყინვა და თოვლია. ალეკო ტექნიკის დამონტაჟებას შეუდგა და თან ტოკოსთან ერთად ჯიპაში გატარებულ დღეებს იგონებს. ლამაზი აუდიტორია ახალი სასკოლო ავეჯითა და ასევე ოთახის ყურდაცქვეტილი ყვავილებით ელოდება გათოშილ ბავშვებს, კედელზე ლამაზი პლაკატია გაკრული „ეს ცხოვრება უსასრულო ნუ გგონია, მოვეფეროთ, ვაპატიოთ ერთმანეთს“ ... დირექტორი ყავაზე გვეპატიჟება, ალეკო არ სვამს ჩემდა გასაკვირად ყავას, არასოდეს დამილევიაო...
ქალბატონი დირექტორი ჩივის „–ბავშვებს როგორ მოსთხოვ რამეს, როცა კომპიუტერული კლასი მაქვს ინტერნეტით, რომელიც ჩემი ბრძანებით არასდროს არ იკეტება, რომ ვისაც უნდა ყველას ჰქონდეს ინფორმაციის მიღების საშუალება,  მყავს ორი მასწავლებელი, რომელიც კომპიუტერებს ასწავლის და ვერა და ვერ მოვახერხე, რომ ყველა მასწავლებელმა იცოდეს კომპიუტერის მოხმარება, მიიღოს მზა გაკვეთილები ინტერნეტიდან, ახალი ინფორმაციები, არ აინტერესებთ. კი, მესმის  ყველას აქვს პრობლემა, მაგრამ თუ მასწავლებელი ხარ, ჯერ შენს განათლებაზე უნდა იფიქრო და მერე სხვას მიაწოდო. მე ფინანსისტი ვარ და არასოდეს არ მიფიქრია მასწავლებლობაზე, მაგრამ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და რომ გავიმარჯვე ვიფიქრე რატომაც არა მეთქი, მაგრამ გაოგნებული დავრჩი, ისეთი რთული და ჩავარდნილი ყოფილა სკოლა“.... საუბარს მორიდებით გვაწყვეტინებს ხანდაზმული ქალბატონი
–„პატივცემულო დირექტორო“ დათოს უნდა თქვენთან ლაპარაკი...
 – ვერ ხედავ რომ სტუმრები მყავს, მერე მოვიდეს...“
 იყო ცოტა არ იყოს უკმეხი პასუხი ..... ისევ მე მიბრუნდება „...მაგრამ კარგი ყველგან და ყოველთვის გამოერევა, აი მაგალითად თქვენი კურსდამთავრებული დიმა შავიშვილი ხომ ჩვენი სკოლელია...“  მე ვუდასტურებ, რომ დიმა ნამდვილად არა მხოლოდ კარგი სტუდენტი არამედ, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და არის, და რომ ჩვენი მეგობრობა დღესაც გრძელდება.
ოციოდე ბავშვი მოგროვდა, პრეზენტაცია დაიწყო, გვესწრება დირექტორი და ადგილობრივი ტელევიზიაც, ეს პირველი შემთხვევაა როცა დირექტორიც დიდი ინტერესს იჩენს ამ პროექტისადმი.   მე და ალეკო ვენაცვლებით ერთმანეთს, მაგრამ ძირითადად ის ლაპარაკობს, აუდიტორია აქტიურია, ტოკოც გვეხმარება ამაში, შეკითხვებიც წამოვიდა: კითხვაზე თქვენ უკვე ალბათ მოფიქრებული გაქვთ სად უნდა ჩააბაროთ პასუხი იყო –„კი როგორ არა სახელმწიფო უნივერსიტეტში“, რატომ? „რატომ და ყველაზე პრესტიჟული და კარგია“.  როცა ვეკითხებით თუ რას ნიშნავს ეს? გვპასუხობენ – „არ ვიცი“.....  მოსწონთ სლაიდები, განსაკუთრებით სასამართლო დარბაზი და ის სლაიდი სადაც ყველა სტუდენტს თავისი ლეპტოპი აქვს, რადგან აქა იქ შორისდებულები ისმის, „ვააა“, „აუჰ,“ „მაგარია“, „ეს საკუთარია არა“?... და ა.შ. მაგრამ შორისდებულების ბუმი მაშინ იწყება როცა ალეკო ბოლოს და ბოლოს მერამდენე შეკითხვის შემდგომ ამბობს, თუ რამდენია სწავლის საფასური, თან იქვე აკლებს გრანტს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკვე აზრი დაკარგა ყველაფერმა იმან, რაც აქამდე ვილაპარაკეთ...   აქედან კარგად ჩანს თუ როგორი ეკონომიური სიტუაციაა რეგიონში.
საბოლოოდ შეკითხვები წამოვიდა. ერთი ბიჭუნა ამბობს, –„რამდენად შესაძლებელია, რომ დაემატოს ამ უნივერსიტეტს სხვა სპეციალობები, მაგალითად სამედიცინო, რადგან მე მინდა სამედიცინოზე სწავლა და ვისურვებდი მედიცინა ასეთ უნივერსიტეტში მესწავლა“.  –„მე კი გერმანული ვიცი და ამ დროს თქვენთან მინდა ჩაბარება, რამდენად შესაძლებელია, რომ ჩავაბარო ის ენა, რომელიც ვიცი და ჩარიცხვის შემდგომ ვისწავლო გაძლიერებულად ინგლისური“? ჟურნალისტი კი გვეკითხება, „რატომ არა გაქვთ ჟურნალისტიკა“? „თუ სამსახური ვერ ვიშოვე და დამთავრების პირველსავე წელს ვერ დავიწყე გადახდა მაშინ რა ხდება“? „ჩემი სწავლის მეოთხე წელსაც იგივე იქნება საფასური რაც ჩარიცხვის წელს იყო? ასე ბევრი უნივერსიტეტი აკეთებს“? „თუ სხვაგან ჩავირიცხე როგორ შეიძლება თქვენს უნივერსიტეტში გადასვლა“?
ჩვენ ვემშვიდობებით დუმბაძის სახელობის #2 ვარდისფერ საჯაროს და მივდივართ სადილზე.  ალეკო ამბობს, რომ ზაფხულში აქ პრაქტიკებზე იყვნენ და იცის სადაც აჭმევენ კარგად....
მალე ჩყოროწყუს გზას ვადგევართ....   სამეგრელოს კოხტა გაწიკწიკებული ეზოები. ჩხოროწყუ მთიანი სამეგრელოა, არასოდეს არ ვყოფილვარ, უბრალოდ ვიცი, რომ ლუგელას ხეობაა ამ მხარეს და ისიც ვიცი, რომ ამ ხეობას „სამოთხეს დედამიწაზე“ ეძახიან, სრიალა გზაა, მედიკოს ჩემი რძლის ნათქვამი გამახსენდა, რომელიც ათი წელი არ ყოფილა საქართველოში და საახალწლოდ ეწვია წალენჯიხას, –„თბილისიდან კვერცხი რომ დააგორო სამეგრელოში ისე ჩაგორდება რომ ბზარი არ ექნებაო.“  ალეკო მეგზურობას გვიწევს, ლევანი ისევ ყურადღებით გაჰყურებს გზას, წინ მთებით შემოჯარული სამეგრელოა, ჭიშკართან მეგრული „ძგვიბალი“ ძროხები მორჩილად ელოდებიან თავიანთ პატრონს. მეგრული ძროხა ჩიაა და პატარა თავი აქვს, იშვიათია ათლიტრიანი მეგრული ძროხა,  მას საცოდავი გამოხედვა აქვს და რადიკალურად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ძროხებისაგან, სამაგიეროდ მაღალცხიმიანია.
წინ „დროგი“  მიდის მედროგეს ტომრები უწყვია, თითქოს ჩალას ჰგავს, მაგრამ ცხენი ისეთი ჯაგლაგი და გაუბედურებულია გული მოგიკვდება, ალბათ ასეთი იყო პლატონ სამანიშვილის ჯაგლაგი, ვფიქრობ ჩემთვის და მიკვირს რატომ არ გადაასწრო ლევანმა, თითქოს ისიც ამ ცხენის საცოდაობას აკვირდებაო....
ალეკოს ბაბუას სახლში ვართ, აქ ახლა მისი შთამომავალი და ალეკოს ბიძა მერაბი ცხოვრობს, მისი ახალგაზრდა მეუღლე ეკათი, რომელიც მასზე 15 წლითაა უმცროსი, ისინი დიდი მოწიწებითა და სითბოთი გვეგებებიან, მათ ორი შვილი ჰყავთ, რვა წლის რატი და ხუთი წლის მარი, პატარა „დანდალა“ გოგონა, რომელმაც უკვე წერაც იცის, კითხვაც, ასამდე დათვლაც და კომპიუტერიც. მეგრულ წესზე, როცა იცი რომ სტუმარი მოდის სუფრა წინასწარაა გაშლილი,  ყველაფერია გარდა ცხელი ღომისა, რომელიც გაღუღუნებულ სვანურ ფეჩზე დგას და შიშინებს, ფეჩს ზემოთ ღორის შაშხი კიდია, როგორ ვნანობ, რომ ოზურგეთში ვისადილე...
ალეკოს ბიძა წუხს, რომ არაფერს არ მივირთმევთ, ლევანს ღომში ყველის „ჩამარხვას“ ვამუღამებინებ, მასპინძლებს ძალიან უხარიათ რომ ჩვენ ასეთი კარგი მისიით ვართ ჩამოსულები და თავის შვილებს ეუბნებიან, რომ კარგად უნდა ისწავლონ, მაგრამ ბატონი მერაბი ამბობს, რომ ვინც ისწავლის არავინ ბრუნდება სოფელში და დაცარიელდა ირგვლივ ყველაფერი, –„აი ჩემს გარშემო ხუთი ოჯახი ცარიელია, სახლები გამოკეტილია, იმიტომ რომ ყველა თბილისში წავიდა. ვინც აქ არის იმასაც არ უნდა მუშაობა, ურჩევნიათ ერთჯერადი დახმარება აიღონ, მერე იშიმშილონ და არ იუშაონ, ისე მიწები კი უნდათ, მაგრამ მუშაობა ეზარებათ, არადა მიწას მუშაობა უყვარს, ისე ცარიელი დაუმუშავებელი მიწები აქვთ, როგორც თვითონ ამბობს „დიხა წუმუტაკ“ და ამისი არ რცხვენიათ“...  ბაბუაჩემის ნათქვამი მახსენდება –„თუ გინდა რომ კარგი და ყოჩაღი მეზობელი გყავდეს, რასაც გთხოვს ყველაფერი არ მისცეო“.



მესამე დღე
დილით ადრე ჩხოროწყუს სკოლაში ვართ, მანამდე  „ელ მოლს“ ვათვალიერებ, უზარმაზარი ტერიტორია აქვს რაიონის გამგებელს, მოვლილი თხილნარი, ხეხილის ბაღი, რაღაცას აშენებს, სავარაუდოდ გარაჟს ან მარანს, საიდანღაც მდინარის ჩხრიალიც ისმის, წინ კი კავკასიონს მზის ათინათი ადგას თავზე...
სკოლაში მივდივართ ეს ჩხოროწყუს #2 საჯაროა, დირექტორი ჭიშკართან გვეგებება და მეგრული მოწიწებითა და თავაზიანობით გვართმევს ხელს, ბატონი მერაბი ეუბნება, რომ ალეკო მისი ძმისშვილია  თვითონ კი მიდის, დაბნეულმა სკოლის დირექტორმა არ იცის ის გააცილოს თუ ჩვენთან დარჩეს, ბოლოს სტუმრებს ირჩევს და გვეუბნება, რომ სკოლის კლუბში გველოდებიან.
დერეფანში ყველა გვესალმება, ეს სამეგრელოში სტუმრისადმი პატივის მიგების ერთ ერთი წესია სხვა საუცხოო წესებს შორის.  თუმცა სამეგრელოში დაბადებულ და გაზრდილ ალეკოზე, რომელსაც აქ რატომღაც საშას ეძახიან ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. კლუბში 120–130 კაცია, მათ შორის მასწავლებლები, რესურს ცენტრის წარმომადგენლები და ჩხოროწყუს ლტოლვილთა გიმნაზია, ტელევიზია და კოპწია საგულდაგულოდ თვალებდახატული მეგრელი „რცხიმალი“ ჟურნალისტი გოგონა. ქალები ერთმანეთს ეჩურჩულებიან „ტიტე შელიშ მოთა ოფე თე ბოში“ (ტიტეს შვილიშვილი ყოფილს ეს ბიჭი) აქ ვიცი, რომ ალეკოსთან შანსი არა მაქვს, ის მთელი არსებით ცდილობს რომ მაქსიმუმი გააკეთოს, აქ იციან იესემი, იციან აზია აფრიკის სკოლა, მაგრამ ისევ შავი ზღვის უნივერსიტეტს ახსენებს ვიღაცა... როგორც კი პირველი სლაიდები გავიდა, მაშინათვე დაიწყო საფასურზე საუბარი -„აუჰ გვითხარით რა ღირს სწავლა, კარგია ეს ყველაფერი, საფასური რა არის“? – ალეკო ეუბნება, რომ სწორედ ამის გამო ვართ აქ, რომ სწორედ ამას ეხება პროექტი „ისწავლე დღეს ასწავლე ხვალ“ და რომ ამაზე დაწვრილებით ისაუბრებს, მაგრამ როგორც კი იმ თემას უახლოვდება ისევ მეორდება იგივე კითხვა, ის აუდიტორიას ანდობს შეაფასონ –„როგორ ფიქრობთ რამდენია ასეთი დონის უნივერსიტეტში საფასური“? ათასით იწყება, ვიღაცა ორი ათასს ამბობს, უმრავლესობა ორი ათასზე ჯერდება, მაგრამ ალეკოს და ალბათ ჩემი სახის მეტყველებიდან გამომდინარე გაუბედავად ამბობენ სამი ათას ხუთასს, ეს მათთვის ისეთი დიდი თანხაა, რომ რეალურად ვერც აფასებენ სიტუაციას, მე ძალიან კარგად მესმის რატომაც..... „გვითხარით რამდენია რაა“? ჩვენ ვეუბნებით საფასურს და იქვე ვაკლებთ გრანტს, მაგრამ შორისდებულები არ წყდება, „ოხ“, „აუჰ“, „მუ ამბე რე ჩქიმ ცოდა“,(რა ამბავია ჩემი ცოდვა)  „დიდუჰ“,  „ჯგირ ირფელ თაშ რე სქან გოლუაფირო“ (ყველაფერი კარგი ასეა შენ შემოგევლე).  მეც ვუდასტურებ, რომ დიახ კარგი ყოველთვის ასეა, და სწორედ კარგ უნივერსიტეტში კარგებს რომ ჰქონდეთ სწავლის შანსი ყველანაირი ოჯახებიდან, ამიტომაც სთავაზობენ მათ დაფინანსების ასეთ ფორმას, რომ თუ თვითონ დაიფინანსებს მსწავლელი თავის თავს, ის არჩევანსაც თვითონ გააკეთებს და ბეჯითადაც ისწავლის....
შეკითხვების სერიაც დაიწყო...  „რატომ არა გაქვთ ფიზიკა, ბიოლოგია ან ქიმიის ფაკულტეტები“? „მხოლოდ ინგლისურია ჩასაბარებელი“? „დაუშვათ ჩემი დამთავრების მერე საფასური რომ გაძვირდება მე უფრო ძვირი რატომ უნდა გადავუხადო სხვას“? „თუ ამ პროექტში ჩავერთე და მესამე კურსზე ყოფნის დროს გამომიჩნდა საშუალება რომ გადახდა დავიწყო, მაქვს თუ არა უფლება გადავიხადო“? „რატომ არა გაქვთ აბიტურიენტებისათვის მოსამზადებელი კურსები“? „როგორ? მე შემიძლია თქვენს უნივერსიტეტში ახლავე მოვიდე და ყველაფერი დავათვალიერო“? „ვინ უდგას სათავეში მათემატიკის სკოლას“? ...ეს სავარაუდოდ მათემატიკის მასწავლებელია. „მაქსიმუმ რამდენი ქულა უნდა მქონდეს მათემატიკაში, რომ ბიზნეს სკოლაში ჩავირიცხო“? „თუ ვერ გადავიხდი რას მიზამენ“?  „დავუშვათ პატიოსანი ადამიანი ვარ, მაგრამ გავხდი ავად, ან რაღაც დამემართა და ვერ გადავიხადე, უნივერსიტეტი ხომ ამით დაზარალდება“?   „რატომ გაქვთ გარანტია, რომ ისეთ სამსახურებს ვიშოვით, რომ გადახდას დავიწყებთ უმტკივნეულოდ“?
ჩვენ უკვე სენაკში ვაგვიანებთ, მაგრამ დისკუსია არ წყდება, ბოლოს ყველაზე ჭარმაგი მოხუცი დგება, მას გაქათქათებული თეთრი პერანგი აცვია, ნაცრისფერ გაქუცულ პალტოს ერთი ნაოჭიც არ ეტყობა, თითქოს არც დამჯდარა პალტოიანად, საგულდაგულოდ გადავარცხნილი თმები თოვლისფრად უქათქათებს, იგი ცოტა არ იყოს ღელავს –„თქვენც იცით ალბათ, როგორი სიტუაციაა ეკონომიურად, გარემო სახარბიელო არ არის ჩემო ბატონო, ირგვლივ ზვიგენები და ურჩხულები არიან და ფული წყვეტს ყველაფერს, მაგრამ მე რასაც ეხლა ვისმენ, შემიძლია ასე დავახასიათო –ეს არის გზის მითითება, როგორ მიიღო ხარისხიანი სწავლა, მე მადლობას ვუხდი თქვენს უნივერსიტეტს, რომ არა მარტო ზვიგენების და ურჩხულების შვილებს შეუძლიათ ასეთ უნივერსიტეტებში სწავლა, არამედ პატიოსანი ინტელიგენტი ოჯახების შვილებს, რომლებიც უფრო მონდომებულები და ჭკვიანები არიან და რომლებიც უსახსრობის გამო მეორეხარისხოვან სასწავლებლებში სწავლობენ, ოღონდ კი დიპლომი ქონდეთ. ამის ინიციატორს აშკარად ნაფიქრი აქვს ამაზე და მე ჩემდათავად მადლობას ვუხდი მას“.  
დარბაზში ტაშმა იქუხა, ეს ბატონი წლების განმავლობაში თურმე სკოლის დირექტორი ყოფილა.
ბოლო შეკითხვა პირადად ალეკოს მისამართით იყო – „თქვენ ცოლიანი ხართ“?  აქა იქ კომენტარები მოყვა შეკითხვას   - დიდუ მუსრე ოკითხნან? ონჯღორე ვაუჩქუნო?
ბუკლეტები აქაც დაიტაცეს დარჩენილებს მანქანიდანაც მივეცი დამატებით, კორესპონდენტი სასიძოს პირში მიკროფონს ჩრის –„შენი ჭირიმე მერაბისთან ნუ შემიქმნი პრობლემებს მოდი და ჩაგწერ“....
სენაკისკენ მივქრივართ როგორც იქნა ლევანი აჩქარდა, სენაკის #1 საჯაროს დირექტორს ვურეკავ და ვეუბნები, რომ ცოტა გვაგვიანდება, „ვუი, შეიცხადა მთელი ხმით დირექტორმა,  ისედაც ძლივს ვაკავებთ ხალხს, გაკვეთილები უმთავრდებათ“.  
ზუსტად 15 წუთს ვაგვიანებთ, სენაკში ჩხოროწყუსაგან განსხვავებით თოვლია და საშინლად ყინავს  #1 საჯაროში #4, #7 საჯაროს ბავშვებს ვხვდებით, სკოლის ჭუჭყიან ბნელ ტალანებში, დირექტორი მიგვიძღვის, რომელსაც კარგად რომ დააკვირდე ვერფრით ჯდება სკოლის დირექტორის იმიჯში......
სკოლის კლუბში ისე ყინავს როგორც ეზოში. დაახლოებით 95  მოსწავლეა და რამდენიმე მასწავლებელი... ხმაურია, მასწავლებლები ამაოდ ცდილობენ წესრიგი დაამყარონ
-„ასათაიანი უნდა გაგიპო ეგ თავი, როდემდე იბოდიალებ აქ, დაეგდე სადმე და მორჩი.“
ბიჭების ჯგუფიდან კი ვიღაცა გამოსავალს სთავაზობს ე.წ. „ბოდიალას“
-„გოგო მოდი აქ ადგილი თუ არა გაქვს, აგერ დამაჯექი და აჩუ აჩუს გათამაშებ“.
-შეეშვი არ უნდა აჩუ აჩუს თამაში.... ხა, ხა, ხა...
დირექტორი ისევ ცხარობს - არ დაწყნარდებით თქვე გასაწყვეტებო....
ჩვენ პრეზენტაციას ვიწყებთ, უკვე ორივე ვგრძნობთ, რომ ბოლომდე თუ გავატანეთ უდიდეს გმირობას ჩავდივართ, ხმაც კი გაგვეყინა... კლიპზე ყველა ხალისობს, თან მოსწონთ, რომ ექსკლუზიურად უყურებენ, მანამ სანამ ეთერში გავა, რობოტების ნახვამ და სენსორულმა მაგიდამ აქ განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია, „მართლა თქვენთან არის“? ერთი ბიჭი ძალიან აქტიურობს, –„იცით პირდაპირ ფასზე გადადით, აქ ფასია გადამწყვეტი“, –„შენ უკვე გადაწყვიტე?“ ვეკითხები –„დიახ უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიურზე, გაქვთ ფსიქოლოგიური?“ „ჭავჭავაძის უნივერსიტეტი ჩავწერე და სოხუმის უნივერსიტეტი, რობაქიძეშიც ასწავლიან, მაგრამ მე ვერ ჩავწერ 6 ათასი ღირს“.
ვინ დგას ამის უკან? ვინ აფინანსებს? მართლა ყველას ექნება კომოიუტერი? ისე ჯადოსნური გვარის ხსენება... თუმცა აქ რეაქცია სხვა იყო „უი მართლა ბენდუქიძე იუდა? აუ ბენდუქიძე იუდა....“ მასწავლებლები ამაოდ ცდილობან დააწყნარონ ამ სიტყვების ავტორი და ჩუმ წყევლას აყოლებენ თან. რასაც მე და ალეკო „არ ვიმჩნევთ.“
აქ კარგად იციან იესემი და აზია აფრიკის ინსტიტუტი.  ჩვენს შეკითხვაზე ერთ ერთი აქტიური გოგონასადმი თუ რომელ ენას მიანიჭებდა უპირატესობას მან თქვა, რომ არაბულს. „მომავალი ფსიქოლოგი“ არ ცხრება, „სხვაგან რომ ჩავაბარო და თქვენთან გადმოვიდე როგორ არის შესაძლებელი“? შემდეგ უკვე სხვებიც აქტიურდებიან –„ორი უცხო ენა რომ ჩავაბარო რუსული და გერმანული მაინც არ შემიძლია თქვენთან მოხვედრა?“ „რატომ გაქვთ გარანტია, რომ სამსახურს ვიშოვით და გადახდას დაიწყებთ?“ „თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ასეთი მაღალი ხარისხის განათლების შემდეგ კურსდამთავრებულის აზროვნება ისეთი იქნება, რომ ის მზად არის გადაიხადოს, მაგრამ ექნება თუ არა მას საშუალება ჰქონდეს მინიმუმ 1500 ლარიანი სამსახური? ამას როგორ უზრუნველყოფთ?“
ნელნელა გაიკრიფნენ,  მხოლოდ ერთი პატარა ბიჭუნა დარჩა მის მეგობართან ერთად, „მე XII კლასელი ვარ, მაგრამ მინდა წინასწარ თადარიგი დავიჭირო, რომ კომპიუტერებზე ჩავაბარო, რამდენიმე პროგრამა ვიცი და ვცდილობ კიდევ ვისწავლო, მანამ სანამ ჩავაბარებ, ეს იმიტომ, რომ იქ მომზადებული მოვიდე, როგორც მესმის ეს პროგრამისტების სკოლა არ არის, უფრო მაღალი რანგის სპეციალისტებზეა საუბარი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. იცით მე უკვე დავამუღამე როგორ გავტეხო ადნაკლასნიკები, ასევე ვცდილობ კარგად ვისწავლო მათემატიკა, ძალიან მინდა წინასწარ შევხვდე ლექტორებს და ვნახო თქვენი უნივერსიტეტი“
ალეკო  გარბის, მე დირექტორთან სამივლინებო ფორმალობებს ვაგვარებ, ის მემშვიდობება და მითითებს თუ საითკენ წავიდე, ჩაბნელებულ კორიდორს მივუყვები და სკოლის სულ სხვა მხარეს გავდივარ, წრეს ვარტყამ და ვპოულობ ჩვენს მანქანას –ლევანს ეღიმება –„რაა,  გაიყინეთ ხომ, რას გავხართ ორივე, ალეკო შენ გეძებს“, ამასობაში ისიც გამოჩნდა და ჩვენ დავიძარით სენაკის #2 საჯაროსკენ.
#2 საჯარო კეთილმოწყობილი სკოლაა, ისიც ვარდისფერი, მგონი სკოლებისთვის გამოყოფილი საღებავის ამბავია. მასწავლებლები სულ ახალგაზრდები არიან, დირექტორს ერთ ერთ კაბინეტში შევყავართ, სადაც ორმოცამდე მოსწავლეა რამდენიმე პედაგოგთან ერთად, რომელათაც დიდი ინტერესი ახატიათ სახეზე, საამურად თბილა, ვაიტბორდზე ასოციოგრამაა  – ერუდიტი, ბალავარი, ძიება, ლაზარე, ათინათი –უნივერსიტეტის და ჩვენი თავის წარდგენის მერე   დაფაზე დაწერილ სიტყვებთან მივდივარ  და ვიწყებ....
ჩვენი  უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც  თქვენ ქმნით ისეთ მყარ სამომავლო ბალავარს, რომელზედაც შეგიძლიათ ნებიმიერი სიძლიერის ცოდნა დააშენოთ, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც გიყალიბებთ მუდმივი ძიების, განვითარების უნარ–ჩვევებს, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გახდეთ ერუდიტი, მრავალმხრივ განათლებული ადამიანი, ეს არის უნივერსიტეტი  სადაც სწავლა მიდის იმ ენაზე რომელზეც ლაზარე  მეტყველებს.... თქვენ თავისუფალი არჩევანის წინაშე დგახართ იმისათვის, რომ ყოველივე ამის შემდგომ თავზე გამარჯვების ათინათი დაგადგეთ თქვენს კარიერულ წინსვლაში......
 მე და ალეკო ისევ მონაცვლეობით ვლაპარაკობთ, აუდიტორია გასუსულია, მაგრამ შიგა და შიგ კითხულობენ „კი მარა გვითხარით რა ღირს სწავლა? იესემი იციან „ეს ხომ კუპრეიშვილისა და შოთა ჭანტურიას უნივერსიტეტია?  ის ძვირიანია, ეხლა რა ღირს?“ კლიპზე და რობოტებზე აქაც ხალისობენ. მაგრამ ეჭვი ეპარებათ, იმაში, რომ რობოტექნიკასთან ნამდვილად ექნებათ შეხება, ჩვენ ვპატიჟებთ მათ ოთხდღიან გაცნობით პროგრამაზე, ღია კარის დღეებზე, ოლიმპიადებზე და ვპირდებით, რომ ამას ყველაფერს ნახავენ. ასევე მოსწონთ მაინორი? „ე.ი. ორ სპეციალობას დავეუფლები ფაქტიურად“? სამართლის სკოლა დიდ ინტერესს იწვევს, „პარლამენტშიც შეგვეძლება კანონების მიღებას დავესწროთ?“  „როგორ ეწყობა დასაქმების ფორუმი?“  „რა განგასხვავებთ თქვენ კავკასიის ბიზნეს სკოლისაგან? „თუ ჩავიჭრები ვიხდი თუ არა გადაბარების საფასურს“? „უცხოეთში სწავლის გაგრძელების რა შანსი მაქვს“?  „რას ვდებ „ზალოგში“ რომ მაფინანსებენ“? „თუ ცუდი სტუდენტი გამოვდექი, და გავირიცხე“? „როგორ დამასაქმებთ“? „თუ ფული ვიშოვე მეოთხე კურსზე, რატომ ვუცადო გადახდას კიდევ ოთხი წელი, მაქვს ამის უფლება“? „მე გერმანულს ვსწავლობ ბიზნეს სკოლაში მინდა ჩაბარება, რატომ არა მაქვს უფლება“?
სანამ ტექნიკას ვალაგებდით, რამდენიმე ბავშვი დარჩა, მათ უფრო ინფრასტრუქტურა აინტრესებდათ რატომღაც, „მართლა ყველგან იჭერს ინტერნეტი?“, „ყველას აქვს ლეპტოპი“? და ყველას აქვს შანსი რომ ასე იაფად შეიძინოს?.“
მხოლოდ ამ სკოლაში არ ყოფილა „შორისდებულები“ საფასურთან დაკავშირებით, ჩვენ ვემშვიდობებით მათ,  ქრიალ ქრიქლით ჩავუვლით ტერენტი გრანელის სახლ მუზეუმს და და გზას ზუმისაკენ ვაგრძელებთ, სადაც ალეკოს დეიდა გველოდება..........

          ზუმი ჩხოროწყუს რაიონია, კიდევ უფრო მაღლა ვიდრე ჩხოროწყუ, ირგვლივ ჩამოთოვილი მთებია, საამურად ანათებს მზე, რომელსაც უკვე ძალა აქვს, ხვალ დათბება და არც ზუგდიდში და არც სენაკში არ იქნება ყინვა, ხარბად ვაკვირდები მეგრულ კოპწია ეზოებს, ყველა სახლს გვერდით პატარა „საბზადი“ უდგას, ფაქტიურად მეგრელები „საბზადში“ ცხოვრობენ, დიდი სახლი „სასუმარო“ა, ზოგი დიასახლისი ალბათ ისე მოკვდება, რომ არასოდეს არ დაიძინებს „სასუმარო“ სახლში. ზოგიერთი “პროგრესულად“ მოაზროვნე მეგრელი დიდ სახლს ამიტომაც დაცინვით „საკუბოვე“ სახლს ეძახის, რადგან მასპინძელი აქ მხოლოდ მიცვალების შემთხვევაში ათევს ღამეს. საბზადში აუცილებლად არის ბუხარი ან შეშის ფეჩი, „კუშეტკა“ თავისი მუთაქებით და მეგრული მჟავის – „დაძმარებულის“ სუნი, რომელიც სულუგუნის, ღორის შაშხისა და კუპატის სუნშია არეული. მიუხედავად ამისა, სულაც არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას, პირიქით ყველა სენსორულ ორგანოს გიღიზიანებს და კულინარიული ტკბობის წარმოდგენაზე  კბილებიდანაც და ყურებიდანაც კი ნერწყვი მოგდის.
ზუმის გზა გადათხრილია, ჩვენ შემოვლით მივდივართ, ხობის წყალს კამკამი გაუდის, ალბათ კალმახები ცხოვრობენ, ვფიქრობ ჩემთვის.  საშინელი გზაა, მერაბი ალეკოს ბიძა ამბობდა გუშინ, რომ ეს გზა მისახედია და რომ გაზაფხულისთვის აუცილებლად ექნებათ ზუმელებს კარგი და „რიკინა“ „ოსარსალაია“ გზა.......
ეზოში შევდივართ, ალეკოს ორი დეიდა გვეგებება, ნინო, რომელიც სპეციალურად ობუჯიდან ჩამოვიდა მის ხელში გაზრდილი დისშვილის სანახავად და ლეილა, რომელიც დინჯად გვეპატიჟება.  ნინოს პატარა შვილი ჰყავს და თავის დროზე ტექნოლოგიური აქვს დამთავრებული თბილისში, იგი საფირონისფერთვალება ხმელი ქალია, მხიარული და ენაწყლიანი. ლეილას ტიპიური კოლხის იერი აქვს,  კამეჩის რძეში რომ ბროწეულის წვენი გაურიო ისეთი ფერის კანი, მაღალი, ქერა, ისრიმისფერი თვალებით, ზუსტად თვალებისფერი თბილი სვიტერი აცვია და გრძნობს რომ ძალიან უხდება, მას თავის დროზე უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და მაღალ თანამდებობებზეც უმუშავია.
სუფრა გაწყობილია, ღომი ჩაზელილია, ხაჭაპურების მთელი გორა აწყვია დიდ სვანურ ფეჩთან ახლოს, რომლის გვერდით ვედროთი თხილის ნაჭუჭი დგას, სწორედ ამიტომაც არის ასეთი საოცარი სითბო. აქვე ოჯახის ახლობლებიც ტრიალებენ, ერთს ცხელი პური გამოაქვს ღუმელიდან, მეორე ღომს ზილავს, ღომის სიკარგე ხომ იმით იზომება თუ რამდენი ათასჯერ ჩაზილავ.
ლევანი მეკითხება, „–როგორ უნდა მიხვდე, რომ ღომი მზადაა“?
 –„აი ღომს რომ ღომის ქერქის ანუ “ნახვაწას“ სუნი აუვა, მაშინ უკვე მზადაა ანუ ფქვილის სუნი არ უნდა ჰქონდეს“ ვუკონკრეტებ მე. თან ვუხსნი თუ როგორ შეიძლება ღომის სპეციალური ქვაბიდან „ჩუანიდან“ ღომის ქერქი ქუდივით ამოიღო და ყველთან ერთად ახრატუნო. საუცხოო სუფრაა, ბაჟე, წიწილი, ჭყინტი პიტნიანი ყველი, სულუგუნი, შაშხი, და ვინ იცი კიდევ რა.   მშობლიურობის შეგრძნებაა, ჩემი ბავშვობა, ჟენია ბებიას სამზარეულო, ბებიას ნათესაობა ოტობაიაში და მათი „საბზადი“ს სუნი და გემო მახსენდება. ლეილას ზუსტად ისეთი ხაჭაპური აქვს როგორიც ჰქონდა ბებიაჩემს, მთლიანად მაწვნით მოზელილი, ზევიდანაც ყველით სავსე, რომ ვერ გაარჩევ სად არის ცომი და სად ყველი. ის გზაზე გვეწუწუნება და თან დასძენს „კარგია რომ მერაბი მოდის ერთი ნახოს როგორი გზაა ზუმში იქნებ უფრო ჩქარა გაგვიკეთოს“, მერაბი მალე შემოგვიერთდა თავის მძღოლთან ერთად, ალეკო თამადობს, მაგრამ ვერ სვამს, ვერც მე და ლევანი ვსვამთ, ლეილას ანუ ლეს როგორც ალეკო ეძახის შემოაქვს და შემოაქვს ხან მოხარშული გოგრა „კოპეშია“, ხანაც მოხალული თხილი, ხანაც ფელამუში..........
მათ უზარმაზარი ძველებური სახლი აქვთ  ძალიან დიდი ეზოთი, ჭიშკარი სადღაც შორს მოჩანს, მარჯვნივ და მარცხნივ თხილნარით. ლეილა მიყვება, რომ ამ სახლში ზუგდიდიდან მარტვილში მიმავლი მიურატები ჩერდებოდნენ. მაშინ ეს დიდი პატივი იყო, ამიტომაც, ლეილა ამბობს, რომ მის სიძეს, ანუ ალეკოს მამას ახალი სახლის აშენების სურვილი მამაჩემმა სასტიკად გააპროტესტაო, „მიურატები ჩერდებოდნენ და შენ რაა, ვერ გაჩერდებიო ასეთ წაბლის სახლში.“ მართლაც საოცარი სახლია, როგორც იტყვიან „ოღიორაია“ წაბლის ოდა, მეორე სართულზე უზარმაზარი მისაღები ოთახია, რომელიც წაბლის ხისგან გაკეთებული ხსნადი კედლით არის გადატიხრული, და რომელსაც ხის უზადო ხელოსნის მიერ შესრულებული ჩუქურთმები გაჰყვება.  აქ ჩემთვის საწოლია  გაშლილი, რომელსაც „სასუმარო“ თეთრეული  აკრავს, მის საოცრად ციმციმა თეთრ ფერს თვალს ვერ გაუსწორებ, როგორც კი საბანი გადავხადე გავოცდი, თავიდან ბოლომდე თბილი ბოთლები ელაგა საწოლში......
„სტუმრის პატივისცემა ხომ უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი სამეგრელოში.... დღესაც გრძელდება...
            წინ ზუგდიდი გველოდება....... ზუგდიდი ხომ ცალკე თემაა..... განსაკუთრებული თემა.....
           

            

No comments:

Post a Comment