„ეს არის ყველაფერი ის, რასაც ვტოვებთ ჩვენს შემდეგ, და ეს არის ყველაფერი ის, რაც მიგვაქვს თან“ – შევჩუკი დდტ
რას ვტოვებთ ჩვენს შემდეგ, და რა მიგვაქვს თან.... სიყვარული, მხოლოდ გახსენება, მხოლოდ სახელი და გვარი, რომელიც ზოგჯერ არაფერს ნიშნავს, გამოგონებები, წერილები, წიგნები, ძვირფასი ნივთები, ფული, თუ ......
ალბათ განგებამ დააკავშირა ყველა ეს ადამიანი ერთმანეთს, იმიტომ რომ არაფერი თავისით არ ხდება, იმიტომ, რომ „ანუშკამ უკვე დაღვარა ზეთი“, იმიტომ, რომ „არ გარდავა გარდაუვალი მომავალი საქმე ზენა“, იმიტომ რომ „აგურები თავისთავად არ ცვივა“ და კიდევ ბევრი რამ, რაც ჩვენზე არ არის ხშირად დამოკიდებული.
ეს „ოჯახი“ ერთად ცხოვრობს უკვე ოთხი წელია, ერთ ჭერქვეშ, ერთი სიხარულით და გაჭირვებით. მათ უკვე საკუთარი ენა აქვთ, ან ზოგჯერ სულაც არ სჭირდებათ კომუნიკაცია, ისე ესმით ერთმანეთის. ხანდახან არის უთანხმოებები, მაგრამ ამას შეძლებისდაგვარად ცივი გონებით აგვარებენ და არა ემოციურ ფონზე, შეიძლება ეს იმიტომ ხდება რომ ინტელექტუალები არიან და ერუდიცია არ აძლევს იმის საშუალებას რომ იყონ „ცუდები.“
მე ისევ მათ აუდიტორიაში ვდგავარ და ვხედავ მათ:
აი ეს „ბავშვი“ რომელსაც პირველს ვაფიქსირებ, არასოდეს არ ყოფილა თითქოს პატარა, იგი დიდი დაიბადა, თითქოს მას არასოდეს არ უთამაშია სახლობანა ან ექიმობანა, არ ანცობდა და არ გაიძვერობდა, იგი იჯდა და უსმენდა, უსმენდა თუ როგორ საუბრობდნენ დიდები, ცდილობდა რომ ყოფილოყო დიდებისნაირი და ამას ისე შეეგუა, რომ თავის ასაკს ვერ აცნობიერებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა სულ რაღაც 20 წლის. შემდეგ კი თვითიონ დაიწყო დიდებივით საუბარი, და რადგანაც თავიდანვე დიდებივით საუბრობდა უფროსებმა ჩათვალეს, რომ მას ძალიან დიდი პრეტენზიები უნდა წუყენონ, რომ მას შეცდომების უფლება არა აქვს.... და ასე შემდეგ, რასაც დიდებისგან ითხოვენ ხოლმე დიდები....... არადა თვითონ როგორები არიან ეს დიდები?...... ის უკვე დაღლილია, დაღლილი როგორც მეორე ასაკის ქალი, მან თითქოს მთელი ქალური ცხოვრებით იცხოვრა, ასევე იცხოვრა მთელი დატვირთვით და მთელი ცხოვრება მთელი მისი ატრიბუტებით შეიგრძნო. სწავლაში ძლიერმა ენებში ძლიერმა, პიროვნულად ძლიერმა თითქოს გალია და ამოწურა უკვე ყველაფერი და ინერციით მიდის, დაიღალა ო როგორ დაიღალა...... მეტად დამოუკიდებელია, შეიძლება ამის მიზეზი ის არის, რომ უკვე 14 წლის ასაკში ერთი წლით მარტო იყო გერმანიის ერთ ერთ გიმნაზიაში, იქ ისწავლა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და მასზე სრული პასუხისმგებლობის აღება. მახსოვს მისი ერთი ფრაზა, რომელიც ძალიან კარგად მეტყველებს მის ხასიათზე, „ვთვლი, რომ ვარ ლოკომოტივი და არა მასზე მიბმული ვაგონი“. ძალიან აინტერესებს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ამიტომაც გადაწყვიტა კარგად შეისწავლოს ფსიქოლოგია, რადგან, თვლის, რომ „ადამიანეური ურთიერთობები – აი საბოლოოდ ის ყველაფერი, რის გარშემოც ბრუნავს დედამიწა“.
ეს ბიჭიც ამ „ოჯახის“ წევრია, იგი „დიდი“ის გვერდით ზის ყოველთვის ნახევარწრის თავში, ანუ აუდიტორიაში რომ შედიხარ მარცხნიდან პირველ მერხზე, ისინი მეგობრობენ, შეიძლება გულითადადაც ან უბრალოდ ღია და მართალი ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან, და ეს სწორიც იქნება, რადგანაც ორივე მართალი და ღია ბუნების ადამიანია, მაგრამ მისგან განსხვავებით ეს ბიჭი ოდნავ ბავშვურია, ჯერ კიდევ აქვს შერჩენილი რაღაცა ბავშვური წერტილი, ზოგიერთ ადამანს სიცოცხლის ბოლომდე შერჩება ხოლმე ეს რაღაც ბავშვური სხივი, რომელიც მას უფრო სანდოს და თითქოსდა სუფთას ხდის. მე ის მისაღები გამოცდებიდან მახსოვს, როცა გერმანულის ტესტში გაპარულ საინტერესო შეცდომას აკრიტიკებდა, რის გამოც მას ქულა აკლდებოდა და ამ მშვენიერი შანსის გამოყენებით ქულაც აიწია და იქ მყოფების სიმპატიაც დაიმსახურა. ასე მოხვდა ამ „ოჯახში“. იგი ალბათ არ იქნებოდა ისეთი დინჯი, როგორიც ჩანს ახლა აქ, ამ „სახლში“ თანაცხოვრების დროს, თითქოსდა მოუწესრიგებელია და ამ დროს ყველაფერს ასწრებს, თითქოსდა უემოციო და დინჯია და ამ დროს საოცრად ემოციური, მგრძნობიარე და აზარტულია, თითქოსდა ქაოტურია და ამ ქაოსში მუდმივად შეუძლია წესრიგის პოვნა და ამაში დარწმუნებული უშიშარია..... შეიძლება იმიტომაც თქვა, რომ „გაგიჟებით უყვერს როცა ფინანსებზე წერს რამეს, ან გათვლებს აკეთებს“. მას საოცრად თაფლისფერი და ლამაზი თვალები აქვს, რომელიც იმდენად მეტყველია, რომ ზოგჯერ საუბარი არ სჭირდება, ასევე აქვს ძალიან კეთილი ღიმილი, არ შიძლება თვალებმა და კეთილმა ღიმილმა მოგატყუოს........... მას მთლი ჯგუფი ენდობა... და თუ ჩაიჭრება მიუტევებენ, იმიტომ, რომ უბრალოდ შეცდომა ადამიანურია და მასაც აუცილებლად უნდა მოსვლოდა, იმიტომაც, რომ ძალიან უყვართ. ამ თანაცხოვრებში ჯგუფში მას ყოველთვის ბოლო გადამწყვეტი ხმა აქვს.... მართლაც ყველა დისკუსიის დროს, დიდხანს არაფერს ამბობს, საბოლოოდ კი ისეთ რამეს იტყვის, რომ ყველას გადაჩრდილავს, ქარიზმატული ადამიანია, რა გინდა .... ხშირად მიჰყვებიან ....
ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც მუდმივად „დიდ“თან ერთად დადის, თავისი სიმპატიურობით გამოირჩევა, მან ეს ძალიან კარგად იცის, ელვის პრესლის ადარებდნენ გოგოები და ბევრს ალბათ ღამეებიც უთენებია მასზე ფიქრში, მაგრამ თავის ოჯახში ანუ აქ, ამ „სახლში“ სადაც ის ამ ადამიანებთან ერთად ცხოვრობს ამით არ სარგებლობს, ის და „დიდი“ ბავშვობის მეგობრები არიან, განუყრელი მეგობრები, ის პრაგმატულად უყურებს ცხოვრებას და შედარებით მარტივად, ვიდრე სხვები მის გვერდით, იცის რა არის კარგი და რა არის ცუდი, რასაკვირველია შეძლებისდაგვერად, და ცდილობს იცხოვროს კარგად, ძალიან თანამედროვეა და ამ დროს ძალიან ტრადიციული, ამის ყველაფრის ერთმანეთთან შერწყმა კარგად გამოსდის, მიუხედავად იმისა, ნებიერაა „ყოველთვის შეუძლია დააფიქსიროს გაჭირვებაში მყოფი და შეეცადოს მის დახმარებას“..... ვიღაც ვიღაცეების შეფასებაში ძალიან მოზომილია, რაც კიდევ უფრო ღირსეულს ხდის მას ჩემს თვალში. თუ საჭიროა იუზრდელებს კიდეც, თუ საჭიროა გალახავს და შეაგინებს კიდეც, ქართული კაცური ღირსება მისთვის პრიორიტეტია....... ამის შესახებ მას საკუთარი კონცეფცია აქვს, ზოგჯერ ოდნავ აგდებული ტონი აქვს, მაგრამ ჩქარა ხვდება თუ საჭიროდ არ მიიჩნევს მყისვე ცვლის ამ ტონს.
გამოცდაზე მისაღებში ვიღაცა გოგონა ფეხმორთხმით იჯდა სკამზე და ისე წერდა მათემატიკას, კომისიის ერთ-ერთი წევრი მივიდა და უთხრა იქნებ გასწორდეთ ახალგაზრდა და ისე წეროთო. –თქვენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე როგორ ვიჯდები წერისას, იყო აბიტურიენტისათვის ცოტას არ იყოს უცნაური და თამამი პასუხი......... მას მერე აქ ცხოვრობს, ამ თანაცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, რადგანაც შეცდომებზე სწავლა მისი თვისებაა, გარეგნულად თითქოსდა ხისტს საოცრად ნაზი ბუნება აქვს, და შეუძლია ვაზის ფოთოლქვეშ შემალული მტევნის ერთ კურცხალის ცრემლი დაინახოს, მას შეუძლია მთელი დღეები ბალკონზე იდგეს და სამყაროს აკვირდებოდეს, შემდეგ კი მთელი ღამე ზღაპარში ან თავისსავე შექმნილ არარეალურ სამყაროში ან სასახლეში, სადაც თვითონ დაალაგებს ყველაფერს, თავისი წესების მიხედვით იცხოვროს, იგი ზოგჯერ დაბნეულია, ხანდახან უბედური, მაგრამ ხშირად რომანტიული და სხვა განზომილებაში მცხოვრები. რატომღაც მგონია, რომ მუდამ თავის ბავშვობას მისტირის და ენატრება თითქოს იმ ზღაპრულ ქვეყანაში დაბრუნება, რასაც ბავშვობა ჰქვია, სადაც ყველაზე ძვირფასი რამ დარჩა და ვერასდროს ვერ აინაზღაურებს იმ დანაკლისს. „მისი ასცედენტი 17. 30 –ია, კატის წელში დაბადებული თევზებია, უყვარს გაზაფხული და იდუმალებით გამოირჩევა, კითხულობს დოსტოევსკის, ბულგაკოვს, დოჩანაშვილს და გაგიჟებით უყვარს დედა, ამით ბედნიერია“. საოცარი ადამიანია, ერთხელ მისი შეყვარებული გამაცნო და მითხრა „აი ადამიანი რომელსაც ვუყვარვარ, და არ ვიცი რატომ.“
ვდგავარ აუდიტორიაში და ვხედავ ამ გოგონას გვერდით ვინც უზის, ამ ჭაბუკს ახლადგაღვიძებული უმანკო პატარას თვალები აქვს, მას სახეზე თითქოს კითხვის ნიშანი ახატია, როცა ესაუბრები მუდმივად აზრიანი და მეტყველი თვალებით გისმენს, გულუბრყვილო შეკითხვების დასმა იცის და პასუხის მოლოდინშიც ასევე პატარასავით შემოგყურებს. რატომღაც მგონია, რომ საშინლად ეშინია ადამიანების განაწყენების, იმიტომ, რომ ძალიან ჰუმანურია........ ვერ წარმომიდგენია როგორ ჩხუბობს, როგორ იგინება, ან როგორ ურტყამს ვიღაცას... ეხლა ვიცი, რომ შეყვარებულია და ამით ძალიან ბედნიერია. ის და ეს ყველაზე გამხდარი თეთრი ბიჭი სულ ერთად არიან, ძალიან განსხვავებულები არიან და შეიძლება ესეც კი იყოს მათი სიახლოვის მიზეზი. ამ გამხდარ თეთრ ბიჭს დიდრონი მომწვანო მოცისფერო თვალები აქვს, მოწესრიგებული, თითქოსდა პედანტურიც არის, რომელიც ცდილობს..... ცდილობს.... ცდილობს ..... ვიღაცას უმტკიცებს რაღაცას, ყველას თავის მოვალეობებს ახსენებს....., ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმეს გამო რამე დათმოს. უყვარს თავისი მხარე და ერთხელაც როცა პრაქტიკაზე მეგონა ვურეკავ და ვეკითხები: –სადა ხარ? და უცებ მამალი ყივის ..... – აი სადაცა ვარ, თქვენც ხომ გაგიხარდათ მისი ხმის გაგონება მასწ? .... მართლაც გამიხარდა....... მას თავისებური შეხედულებები აქვს რაღაც რაღაცეებზე, მიაჩნია, რომ „არ არის საჭირო მეგობარი, რადგანაც არ იქნები დავალებული“, მაგრამ ეს არასოდეს არ იგრძნობა ამ „ოჯახში“ თითქოსდა შეფუთული თემაა, არ ვიცი ამის ყველაფრის დირიჟორი ვინ არის, მაგრამ უხილავი მმართველი ამ პროცესებს ჰყავს, ეს ალბათ ის „დიდია“, რომელიც არასოდეს ყოფილა ბავშვი და მართლაც თავისი „ოჯახის“ წევრ ბავშვად დარჩენილ ამ გოგონასაც დედასავით უყურებს.
ამ გოგონას მაყვალივით თვალები აქვს, რომელიც ხშირად შინაგანი ენერგიისაგან უელავს, სადაც მივა, ვისაც დაეკონტაქტება ყველასთან ახლოს მიდის, არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც სულ მგონია, რომ ებრაელია. მას შეუძლია ღიად გაგრძნობინოს თავისი განწყობა შენს მიმართ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს ასე უნდა, მეორე იმიტომაც, რომ ძალიან ემოციურია, თბილი ადამიანია და ვერც შეძლებს გრძნობების და დამოკიდებულებების შენიღბვას, მახსოვს ერთხელ ლექციის ბოლოს მთხოვა ჩაგეხუტებიო, და ჩვენ ერთმანეთს ჩავეხუტეთ, ეს ერთ ერთი უბედნიერესი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში. ის მუდმივად სითბოსმაძიებელია, თითქოს ყველგან სიყვარულსა და სიხარულს, სოთბოს ეძებს, მაგრამ არა ეგოისტურად, თვითონ საოცრად ბევრს გასცემს, ის ბედნიერია, რომ „წმინდანის სახელი ჰქვია“, ძალიან შემოქმედებითია. ცნობილი საბავშვო ანსამბლის ყოფილ წევრს, არა მარტო სიმღერა და ცეკვა, არამედ ხატვა, კარგად წერა, ულამაზესი სამკაულების კეთება შეუძლია. მე დიდხანს ვატარებდი მისი ხელით გაკეთებულ ულამაზეს სამკაულს. ამჟამად შეყვარებულია და ამბობს, რომ „ამქვეყნად ყველაზე კარგი ადამიანი უყვარს.“ მას გამოჩეული მეგობარი ჰყავს ამ „ოჯახში“ , „ოჯახის“ დედას თითქოს არ ემეგობრება, მაგრამ ეს მაშინ ჩანს თუ კარგად დაუკვირდები. მისი მეგობარი კი მუდმივად საქმიანი და „მსწავლელის“ კლასიკური მაგალითია, კლასიკური განსახიერება. ეს „მსწავლელი“ გოგონა უბრალოდ ასეთია და რა ქნას. ძალიან გონიერმა აღმოაჩინა, რომ რაღაცა არის იასეთი, რასაც ის მარილს ვერ აყრის, ამის გამო გემოს ვერ ატანს ვერაფერს, იცის თითქოსდა ეს რა არის, მაგრამ როგორ დაამარილოს არ იცის, თანაც ეშინია არ გადაამლაშოს თუ მიეცა ამის საშუალება. მასაც მისი მეგობარივით მაყვალივით თვალები აქვს, და იგივე სიცოცხლით და შინაგანი ენერგიით სავსე, რომელსაც მუდმივად აკონტროლებს და ეს თითქოსდა არ უნდა, მაგრამ საჭიროდ თვლის, რატომ? ...... როცა ამ კითხვას უფიქრდება ხშირად ვარდება უკიდურესობაში...... მის ცხოვრებას დიდი დაღი აფხაზეთის ომმა დაასვა, ომში მყოფი მამის მოლოდინი, შიში, შედეგად კი მის სახლში მყოფი უამრავი ლტოლვილი ნათესავი, ტრავმირებული და გატანჯული ადამიანები „ასეთმა სიტუაციამ ჩამოაყალიბა იგი კეთილ ადამიანად, მაგრამ იგივე სიტუაციამ ასწავლა ისიც, რომ ღირსების გრძნობა არასოდეს, არ უნდა დაკარგო.“ თვითონაც „რეიტინგის ბავშვს“ როგორც აქ ვიცით ხოლმე თქმა, თავი ღირსეულად უჭირავს ყოველთვის და ამბობს, რომ რეიტინგმა საკუთარ ძალებში კიდევ ერთხელ დაარწმუნა და იმაშიც, რომ „თუ მოინდომებ, აუცილებლად მიაღწევ.“
აუდიტორია ცარიელია, მაგრამ ისინი აქ არიან, მათ ყველას ამ „ოჯახში“ თავისი „ადგილები“ აქვთ ამ „აუდიტორია“–ში , ამ კორიდორში, ამ მკერდში. ამ გონებაში თუ მახსოვრობაში, ალბათ ასე ტოვებს ადამიანი კვალს, ყველგან ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, და ვერ წარმოიდგენს ბევრჯერ განსაკუთრებით მაშინ, როცა „პატარაა“ რომ მასაც შეუძლია ვიღაცის ცხოვრებაში კვალი დატოვოს, ვიღაცა შეცვალოს, ვიღაცა რაღაც რაღაცეებში დააფიქროს „ეს არის ყველაფერი ის რასაც ვტოვებთ ჩვენს შემდეგ და ეს არის ყველაფერი ის რაც მიგვაქვს თან.“
ხშირად ადამიანი ვერ ხვდება თუ ვერ აცნობიერებს, რომ ის უყვერთ, უყვართ უბრალოდ ყოველგვარი ანგარების, მიზეზების, ან რაიმე მიზნების გარეშე. უბრალოდ უყვართ იმიტომ, რომ ასეთები არიან. შეიძლება ეს „ბავშვები“ ან ადამიანები ზოგჯერ ძალიან პრაგმატულები არიან და ამიტომაც მოსდით ასე, ან „ბავშვობაშივე დაიღალნენ,“ მაგრამ რაც მთავარია როცა ამას გრძნობენ ყოველთვის ადეკვატური პასუხი აქვთ მიუხედავად გაოცებისა....
არის შემთხვევები, როცა ამ „აუდიტორიის“ „ბავშვებს“ ჰგონიათ რომ შენ გეშლება, ან სწორადაც ჰგონიათ, იმიტომ, რომ ჩვენც ხშირად გვეშლება, ამას რასაკვირველია არ გპატიობენ, მაგრამ ამ ოჯახის ბავშვები პროტესტს „ბავშვი დიდების“ ფორმით გამოხატავენ – ეს არის ჩუმი და დელიკატური პროტესტი. ეს მაშინ თუ შენი ხათრი აქვთ ან მოწიწება ან კიდევ სიყვარული, რაც იშვიათია. ეს არის არგუმენტებისა და ფაქტების გადმოლაგება, რასაკვირველია თუ არსებობს, რომელსაც ცდილობენ, რომ კარგად დაგისაბუთონ და ბოლოს შეიძლება ვინმემ ჭკუაც კი დაგარიგოს – მიზნის მისაღწევად. ამას ჩემი აზრით იმიტომ კი არ აკეთებენ რომ ამბიციები აქვთ, რომ ძალზედ ჭკვიანები არიან, უბრალოდ შეიძლება წვლილის შეტანა უნდათ ან სურთ რომ დაამტკიცონ, „ცხვრები“ არ არიან, ან კრიტიკულად აზროვნებენ რაც თავისთავად კარგია, ან უბრალოდ ინტელექტი, ემოცია, თავისი „სახლის“ სიყვარული და თანადგომა ამოძრავებთ. თანდათან მათ სხვა „ოჯახებიც“ „დააინფიცირეს,“ რადგან დიდ დასვენებაზე მათსავით „ერთი ყველასათვის“ მიდის და საჭმელი მოაქვს, ასევე ბევრი აკეთებს ისეთივე ე. წ. „ოჯახურ გასვლებს“ ცალკე თუ საყვარელ ლექტორებთან ერთად.
„აუდიტორია“ ცარიელია, მე მარტო ვზივარ და ვიხსენებ თითოეულ მათგანს, ეს მერამდენე ჯგუფი გავაცილე, ზოგი მათგანი არ მახსოვს, ერთეულები კი გამოკვეთილად კარგად, ეს განსაკუთრებული „ოჯახია“ , რომელიც ერთ „ოჯახად“ გამახსენდება და იცხოვრებს ჩემს ცხოვრებაში, მათ ჩემში ძალიან ბევრი შეცვალეს. მენანება, რომ ასე ხშირად ვერ შევხვდებით და ჩვენებურად ვერ „ვიფილაფოზებთ“ (ასე ვეძახდით მუსაიფს ხუმრობით) ამ ცხოვრებაზე, მუსიკაზე, ლიტერატურაზე, კინოზე, შეყვერებულებზე ...
ისინი თავიანთ გზაზე დიდ გზაზე გავიდნენ, როგორც ყველა „ოჯახის“ წევრები მიდიან ხოლმე, და თან თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი გაჰყვათ.
ძალიან მომენატრებიან ........
ასე ტოვებს ყველა ადამიანი თავის კვალს
შევჩუკი კი ისევ მღერის „ეს არის ყველაფერი ის, რასაც ვტოვებთ ჩვენს შემდეგ და ეს არის ყველაფერი ის რაც მიგვაქვს თან“ .
დალი ცატავა 2008 წელი
No comments:
Post a Comment