წერილი თ. მ..........ს
ეპისტოლარულ ჟანრში ბევრჯერ გამომიცდია ჩემი თავი, რადგანაც სიყვარულის ახსნა ან რაიმე პრობლემური სიტუაციიდან გამოსვლა წერილობით ხშირად მიხდებოდა, სხვადასხვა გარემოებებისა და ჩემი ხასიათის შტრიხებიდან თუ კომპლექსებიდან გამომდინარე, ამიტომაც მეგონა არ გამიჭირდებოდა შენთან წერილობით ურთიერთობა, მაგრამ შევცდი, არა იმიტომ, რომ ვერ დავწერდი, არამედ იმიტომ, რომ უნდა შემეფასებინა სტუდენტი, რომელმაც ჩათვლა ჩამაბარა, მე კი არ მინდოდა, რომ „შემეფასებინა“, „ნიშანი“ დამეწერა, რათა ეს საოცრად ფაქიზი ბუნება იადონის გულისა არ შემებღალა.
შენს ასაკში მეც ვარდისფერი სათვალე მეკეთა, რომელსაც დღემდე ვაყვედრი ჩემს დედას, რატომ აღმოვაჩინე ასე გვიან, რომ სამყარო არა მარტო მშვენიერია და ადამიანები არა მარტო კეთილები არიან, არამედ სასტიკები და დაუნდობლები, რატომ გამზარდეთ თითქოსდა ასე სტერილური, რომ კეთილი მუდამ იმარჯვებს და კეთილი ფერია დღეს თუ არა ხვალ მაინც მოფრინდება?......
.... დედაჩემი არაფერს მპასუხობდა გარდა იმისა, რომ ასე თვლიდა საჭიროდ...
რა არის აქედან პოზიტიური?.... აი ისევ რაციონალურად ვაზროვნებ რომელიც არასოდეს არ მიყვარდა, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, უფრო სწორად მე ვასწავლე ჩემს თავს, იმიტომ, რომ ასე არის საჭირო, რათა გამოიარო ის გვირაბი რომელსაც „აქაური“ ცხოვრება ჰქვია. „პრო,“ „კონტრა,“ „არგუმენტი,“ „საჭიროება“..... რას იზამ... როდესაც ასეთ ჰექტიკურ ეპოქაში ცხოვრობ უამისოდ ვერ გაძლებ..... ადამიანი კი თავის ბუნებიდან გამომდინარე არარაციონალური არსებაა, თავისი ინსტინქტებით, ან თავისუფლება ან ნევროზი, რომელიც აღზრდის შედეგად მოდის, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც რაღაცეებზე რაც ძალიან გვინდა უარი უნდა ვთქვათ, თუ უარს ვეუბნებით ჩვენს თავს ნევროზს ვღებულობთ ეს ცივილიზაციის მონაგარია, ამიტომაც რეცენზიის ნაცვლად რომელიც შენს ნაშრომზე წესით უნდა დამეწერა წერილს გწერ.... მაგრამ რას იზამ დათა თუთაშხიას დავესესხები „ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმე.“
ჩემი ნება რომ იყოს, ყველა საგანში ნოლებს დაგიწერდი ან უბრალოდ იესემიდან წასვლას გირჩევდი, რომ ფილოლოგიურზე ჩაგებარებინა და შენი რომანტიკული სულისა და ნაფიქრის ასე მშვენივრად რეალიზება მოგეხდინა, ბედნიერებაა, როდესაც ორივე – ფილოლგიური და მათემატიკური აზროვნება ასე თანაბრად გაქვს განვითარებული, თან ისეთ მეცნიერებებს სწავლობ როგორიც ბიზნესია და მაინც არაჩვეულებრივი უნარი გაქვს იგრძნო „თუ რარიგ ფაქიზი და მათრობელა სუნი ასდით ვარდებს“ შენისთანა ადამიანებს შეუძლიათ ბიზნესი გააკეთილშობილონ და სიფაქიზე შესძინონ მას თუ ეს რასაკვირველია შესაძლებელია ამ სფეროში.
უცებ წარმოგიდგენ როგორი ბავშვური გულუბრყვილობით, ფართოდ გეხელილი თვალებით შეჰყურებდი დედაშენს, ან ზოგჯერ იქნებ შენც მერსედესივით გინდოდა ზურმუხტებით პირის ჩატკბარუნება, საღამოობით ალბათ მორიგ სიუჟეტს იგონებდი, ან შენს თავს რომელიმე ზღაპრის ან წიგნის პერსონაჟად აღიქვამდი, ხშირად კი ალბათ შენთვის მარტო ჩამოჯდებოდი სადმე და ფიქრობდი, ფიქრობდი ან აკვირდებოდი, ამიტომაც ბევრისთვის მიუღებელი იქნებოდი, რადგანაც ადამინებს, რომლებიც შიგნიდან იკვებებიან და არა საზოგადოების ხარჯზე, ზუსტად ის საზოგადოება არ ღებულობს, რადგანაც ასეთ საზოგადოებას სტანდარტულები და ერთფეროვნულები უყვარს......
შენც რაღაცით გავხარ ალბათ ზემხას, (შენ რომ წასაკითხად მომეცი), რომლის მე დავარქმევდი ჩანაწერები, და არა მოთხრობებიც მოგწონს, რადგანაც არასტანდარტულები არიან ასეთი ადამიანები, ასეთ ადამიანებს, რომელთაც უამრავი ინტელექტუალური საკვები აქვთ მოვლენებს სხვანაირად აღიქვამენ და აფასებენ, ასეთი ადამიანების „პრობლემა იმაშია, რომ ისინი რეალურ სამყაროში არ ცხოვრობენ“..... აქ კი მინდა შეგაჩერო, როგორც დედამ, რადგანაც შენ რეალური სამყაროსათვის ემზადები, ან უნდა გაჩერდე ან მოუხვიო და გააგრძელო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს თუ არა რომ ოქროს შუალედი არ არსებობს?..... მე ვთვლი, რომ არის, თუ რასაკვირველია იპოვი.... ვისაც სურს მუდამ პოულობს, მთავრია იცოდეს, თუ რა უნდა ეძებოს და რა უნდა რომ იპოვოს. რიგითად ყოფნა ყოველთვის ადვილია, არანაირი ძალისხმევა არ არის ამისათვის საჭირო, მაგრამ თუ დაფიქრდები რატომ ხარ „აქ“ მაშინ მოვალეობების, ვალდებულებების, პასუხისმგებლობების და ვინ იცის კიდევ რის მთელი გროვა დაგიდგება წინ.
მიიღე ცხოვრება ისეთი, როგორიც არის, ნუ ეძებ იდეალურს, რამეთუ იდეალური არ არსებობს, ყველაფერს იმას რაც იცი, შეეცადე რეალიზება გაუკეთო პოზიტიური მხრიდან, ამაში რწმენა დაგეხმარება, რომელიც შენ გაკლია, რადგანაც ჩვეულებრივი მოკვდავი მამაოდან გამომდინარე შეხედე შედეგს, ამის მიღება პროცესია და არა მოვლენა, შენ კი მოვლენამ გადაგიწყვიტა შედეგი.
შენ უმდიდრეს ადამიანთა რიგს ეკუთვნი, რადგანაც „ყველაფერი რაც გაბადია თან დაგაქვს.“ ცოდნა ცეცხლივითაა, რომელიც გათბობს, ძვალსა და რბილში გატანს, გასაზრდოებს, მაგრამ თუ არ გასცემ დაგწვავს და დაგფერფლავს, თუ გაეცი უანგაროდ, მშვიდად და მთელი არსებით, სხვებიც გათბებიან და მთელი სამყარო „თბილი“ იქნება......
შენისთანა ფართო ჰორიზონტის ადამიანებს შეუძლიათ პროცესების ხანგრძლივი დროით მიღება და მათი სისტემურად ერთმანეთთან დაკავშირება, ამას მოწმობს შენი თუნდაც ამ ბიზნეს სკოლაში წარმატებული სწავლა და შენი ნაწერი, როგორ შეიძლება აბა სხვანაირად „ბაციკუკუ“ და „სამოსელი პირველი“ ერთმანეთს ასე კარგად დაუკავშირო ორიოდ ბრწყინვალედ შერჩეული ფრაზით, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეიძლება ეს ნაწარმოები ზეპირად იციან, მაგრამ არა აქვთ ასეთი ხედვის უნარი, რომ ასეთ ჰარმონიაში წარმოაჩინონ ყველაფერი ეს. ადამიანი რომელიც ასეთ ღრმა სულიერ ფენებს სწვდება ბედნიერია და თანაც უბედური, ბედნიერია, იმიტომ, რომ მუდმივ განვითარებაში და ძიებაშია, წინ უამრავი სიბრძნის შესრუტვა და მისგან მიღებული სიამოვნება ელოდება, ბედნიერია, რომ მას ხვდა წილად ენახა და შეეგრძნო უამრავი ისეთი რამ, რასაც სხვა ვერ შეიგრძნობს და ხედავს ან მიაქცევს ყურადღებას, უბედურია იმიტომ, რომ მაინც ამ სამყაროში უნდა იცხოვროს. ბევრისათვის მიუღებელი და გაუგებართათვის კი „სასაცილო“ იქნება მისი აზრები და შეფასებები, მაგრამ ჩვენი რაციონალიზმიც იმაშია, რომ მივიღოთ ეს ყველაფერი რასაკვირველია ნევროზთან ერთად....
მთავარია შენ შეგეძლოს ... რომ შეგეძლოს უნდა იცოდე რა უნდა შეძლო. ამ შემთხვევაში კი ..... იყავი თავისუფალი, მშვიდი, ლაღი, ჩათვალე, რომ ყველაფერი რაც ხდება ასე უნდა იყოს და სულიერად მშვიდად შეხვდი ყველაფერს, გამოიტანე გარეთ ის, რაც შიგნით გაქვს, არა იმიტომ, რომ ვიღაცას დაანახო..... არა... შენი სიამოვნებისათვის, ყოველთვის მოიძებნება ისეთი ვინც მიიღებს და ყოველთვის მოიძებნება ისეთი, რომელიც არ მიიღებს მხოლოდ იმიტომ, რომ ან ვერ იგებს ან სხვა ბოროტი გრძნობა აქვს. აზრი, შეხედულება, საგნის საზომი არ არის, მთავარია თვითონ ეს საგანი, შენი სულის მელანქოლიურობისაც ნუ მოგერიდება, ასეთი ადამიანები მერწმუნე ბევრნი არიან... მას ოდნავ აკლია სინათლე, სულის სინათლე რაც რწმენას მოაქვს, ეს რწმენა არის არსის რწმენა, უმაღლესისა და უმთავრესის რწმენა, რომელიც ჩვენ გვაძლევს შანსს ვიყოთ „თავის უფლები“. რატომაც არ გამოვიყენოთ ყველაფერი ეს?......
„მე შემიძლია აზროვნება, მე შემიძლია ლოდინი, მე შემიძლია მარხვა.. _ სულ ეს არის?.......
_ ეს ყველაფერია....!“ /Herman Hesse/
დალი ცატავა 2006 წლის დეკემბერი
No comments:
Post a Comment