Sunday, May 10, 2015

ტურიზმი და გასტრონომია. ღვინო - კარგი ცხოვრების ფორმულაში ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი

ღვინო - კარგი ცხოვრების  ფორმულაში ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი
ახალი ქართული ღვინის ფესტივალი

პირველად როცა ლუდის ფესტივალზე მოვხვდი 2000 წელს გერმანიაში, კეთილი შურით მშურდა მათი, რომ ასეთი დღესასწაულების მოწყობა შეეძლოთ, თუმცა მაშინ ლუდით დღეგრძელობა ქართველისთვის არ იყო თითქოსდა მიღებული, ამიტომაც ვინატრე ნეტა ღვინის ფესტივალები საქართველოშიც ჩატარდეს მეთქი. ამდენი განათლება გასტრონომიის კუთხით არ მქონდა, მაგრამ ალბათ ეს ჩემი „ბედისწერა“ იყო, რომ ამ სფეროში სიამოვნებით ჩამეყვინთა და აღარასოდეს ამომეყვინთა.  ღვინის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ  ვიცი, თუ როგორი საკრალური მნიშვნელობისაა ეს ღვთიური სითხე, როგორი დიდი დატვირთვა აქვს ბიზნესში და ზოგადად გასტრონომიული კულტურის ყველა კომპონენტში. ამიტომაც ინტერესით მივედი დედაენის ბაღში გამართულ ახალი ქართული ღვინის ფესტივალზე.

რასაკვირველია გუშინდელი ახალი ღვინის ფესტივალი თბილისში მაშინ ჩემს მიერ დანახულ პირველ ფესტივალის მასშტაბებს ვერ წვდება, მაგრამ ძალიან  ლამაზი და იდეურად კარგად ჩაფიქრებული იყო, აი ამინდმა კი გვიღალატა.

ცნობილი ქართული ღვინოები საფერავი, ხიხვი, ხვანჭკარა, მანავის მწვანე, ქვევრის შედევრები, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო დასალევად, თუმცა კარგი იქნებოდა ყველის ფესტივალთან ერთად ტანდემში ყოფილიყო. ყველის და ღვინის ტანდემის კულტურა ჯერჯერობით საქართველოში ფეხს ვერ იკიდებს. ამ აფეროში ხომ ფრანგებს წინ ვერავინ უდგას, მაგრამ იმედია ჩვენთანაც ნელნელა დამკვიდრდება ტურიზმის განვითარებასთან ერთად.  სამაგიეროდ ახალი ღვინის ფესტივალზე კარგ ღვინოებთან ერთად იყო მწვადი, შოთი, ნაჭუჭიანები და ქიშმიში.  იყო ქართული ხალხური სიმღერა და ძველი უკვდავი როკი .....

ყველაზე მეტად უცხო ენა ისმოდა, ინგლისური, რუსული, პოლონური და კიდევ თითქოს ვიღაცა თავს იმართლებდა  нет нет мы из белорусии ...  ნაცნობებს მოვკარი თვალი ბიზნესიდან, ასევე თსუ-ს ტურიზმის განვითარების ინსტიტუტისა და ტურიზმის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებიდან, რადგან ყველა გადაკრულში იყო, ერთმანეთის ნახვა განსაკუთრებულად გვახარებდა,  კარგია in vino veritas.

ტურიზმის დეპარტამენტმა სამომავლოდ ასეთ ფესტივალებს განსაკუთრებული დატვირთვა რომ მისცეს, ეს როგორც ტურიზმს, ასევე ქვეყნის კულტურის განვითარებას და რასაკვირველია ეკონომიკას დიდად წაადგება, რადგან ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს.
ვიღაცა ნამდვილად ვიცი შემომედავება, ღვინის დაყენებას და ღვინის სმას, ყველის და პურის ჭამას ქართველს ვერავინ ასწავლისო, კი ბატონო, მაგრამ დღეს XXI  საუკუნეა, გლობალიზაციის ეპოქაში გლოკალიზაცია სამყაროს  თან სდევს  და ეს პროცესი  სულ უფრო მძაფრდება, მაგრამ სხვა სახითამ მიმართულებით ბევრი უნდა ისწავლებოდეს, იკვლეოდეს და იწერებოდეს.

ამ სფეროში წარმატებული ქვეყნების, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრალია და .. ღვინის გასტრონომიულ ტურებში შეგიძლია არა მარტო  ღვინოს გაეცნო, არამედ ყველის უამრავ სახეობას, დააგემოვნო ისინი, ისწავლო მისი მომზადება და ღვინოსთან სწორი შეხამება, ყველაზე კომპეტენტური ფრანგები თვლიან, რომ ღვინოს არა მარტო სწორი დალევა სჭირდება, არამედ სწორად კერძის და ყველის შეხამებაასეთი ტურიზმის განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ეს ყველაფერი სარესტორნო ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ხელოვნების დონეზე ავიდა. მსოფლიოში ახლა  ამ ბიზნესის ბუმიაღვნის ტურიზმის ბიზნესი ისევე მოდურია, როგორც საიუველირო, სათეატროკინო და მოდის ხელოვნება, რადგან საფრანგეთში ალან დიუკასის რესტორნში სადილი, ან ლონდონში გორდონ რამზის რესტორანში შესვლა, ისეთივე პრესტიჟის და იმიჯის განმსაზღვრელია, როგორც შანელის და ვერსაჩეს ტანსაცმლის ტარება და როლს როისით სიარული.

მარშრუტების შექმნა და მარკეტინგი  აკავშირებს ერთი და იგივე კატეგორიის სხვადასხვა ობიექტებს  ერთგვარი სინერგიის ეფექტის შესაქმნელად. სწორედ ასეთი სინერგიის შედეგი შეიძლება გახდეს დიდი ბიზნესი, რომელსაც ღვინის ტურიზმის ბიზნესი ჰქვია.  

ყველასთვის ცნობილია, რომ კარგი ცხოვრების ფორმულაში ღვინო ერთ ერთ პირველ ადგილზეა,  ღვინის ტურიზმი კი დღეისათვის მასიური მოვლენა გახდა და სულ უფრო და უფრო  ყვავის.  ეს ის ადგილია, სადაც მილიონობით დოლარი ბრუნავს. აქ საუბარი არ არის მხოლოდ ტუროპერატორებზე, რომელთა მოვალეობაა რომ ტურისტი ღვინის რეგიონში მოიყვანოს, არამედ აქ საუბარია ღვინის ტურიზმის ბიზნესზე, რომელიც დანიშნულების პუნქტი ხდება იმ ადამიანებისათვის ვისაც აინტერესებს ღვინო, სწავლობს მას და ამასთანავე ქვეყნის გასტრონომიულ კულტურასა და ისტორიასაც ეცნობა. საქართველოს კი ღვინის ქვეყანას უწოდებენ უხსოვარი დროიდან. 

ასირიული წყაროები ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნის დასაწყისში, აპოლონ როდოსელი, ქსენოფონტე, ჰეროდოტე, სტრაბონი, პროკოფი კესარიელი, ჰომეროსი - გვაწვდიან მასალებს, რომ საქართველოში უძველესი დროიდან ხარობდა ვაზი და ადგილობრივი მოსახლეობა შესანიშნავ სუფრის თეთრ და წითელ ღვინოებს ამზადებდა. მრავალი არგუმენტის მოყვანა შეიძლება ისტორიიდან, მითოლოგიიდან, მაგრამ თანამედროვე ანთროპოლოგებისა და მეცნიერების დასკვნები უმნიშვნელოვანესია დღეისათვის - პატრიკ მაკგოვერნი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი თავის ერთერთ სტატიაში „საქართველო მეღვინეობის და მევენახეობის ქვეყანა“ წერს:.. საქართველოს თავისუფლად შეიძლება “მეღვინეობის აკვანი” ეწოდოს.“

ღვინის ფესტივალები ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ უამრავი კომერციული და არაკომერციული ელემენტის ტურისტებისათვის ის გამოწვევად იქცეს. აქვე, საჭმელთან და სასმელთან ერთად წარმატებით შეიძლება გაიყიდოს ის, რაშიც და რითიც ეს საკვები და სასმელი მზადდება.

ღვინის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სწორად დაგეგმილ მედია-აქტოვობაზე. ამ ბიზნესმა თავიანთი სამუშაოს ნაწილად უნდა აქციოს მედიასთან მჭიდრო ურთიერთობა.

გასტრონომიული ტრადიციებისა და რესურსების უტილიზაცია  დამოკიდებულია ახალი და შეძლებული მომხმარებლების მოთხოვნაზე. ეს დაკვირვებები მიგვითითებს, რომ საჭიროა ახალმა გასტრონომიულმა ორგანიზაციებმა გაიზიარონ გლობალური გამოცდილება და მუდმივად ჩართულნი იყონ ამ მიმართულებით მიმდინარე გლობალურ მოვლენებში.

თუ ტურიზმის ამ ბიზნესს და სამრეწველო ბიზნესს გავაერთიანებთ მივიღებთ დიდი ბიზნესის ისეთ შერწყმას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ცალკეული რეგიონის ასევე კონკრეტული ქალაქების განვითარებას და წინსვლას.

და ღვინო ხომ კარგი ცხოვრების ფორმულაში ერთ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.


დალი ცატავა 2015 წლის 9 მაისი.

No comments:

Post a Comment