Friday, January 23, 2015

ბეღურა

ბეღურა 
დალი, 2000 წლის აპრილი


  ზამთარი ისევ ისეთი მკაცრია, ისევ და ისევ უშუქო, ისევ და ისევ ცივი, უკარება და რუხი, ძუნწი და ცარიელი. მე კი ისეც იმავე აივანზე ვცხოვრობ, ჩემი დიასახლისი კი ისევ და ისევ მიყრის პურის მარცვლებს, თუმცა უკვე არ მიფშვნის როგორც ადრე, მაგრამ იცის, რომ მოვალ... ამიტომ მთელს ნარჩენებს „ბალკონზე“ დებს.  ვეცოდები, ო, როგორ ვეცოდები. რარიგ საშინელია როდესაც ეცოდებით, ამის შეგრძნება უმწეობის, უსუსურობის განცდას ბადებს და თუ ჩაუღრმავდი შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდე, დეპრესია კი ბეღურასთვის სიკვდილს, განადგურებას ნიშნავს, მით უმეტეს თუ ბეღურა ზამთარში ცხოვრობს და მთელი მისი ცხოვრებაც ზამთარია. ამიტომაც მინდა, რომ არ ვეცოდებოდეთ, არ მეძახდნენ საბრალოს. ზოგჯერ მირჩევნია ვიშიმშილო და აღარ მივფრინდე ჩემს ნაჩვევ აივანზე, სადაც სარჩო მეგულება, მაგრამ ეს სულ ცოტა ხანს თუ გასტანს ..... მე ბეღურა ვარ და ამიტომაც ვცხოვრობ ალბათ ასე.  
  ზოგი ბეღურად უნდა დაიბადოს, ზოგი მერცხლად, ზოგიც კი არწივად. როდესაც ბეღურად დაიბადები თავიდანვე უნდა შეეჩვიო იმას, რომ არწივად ვერ გადაიქცევი და მხოლოდ იმისთვის უნდა იღვაწო, რომ იყო კარგი ბეღურა, გქონდეს არწივის შეუპოვრობა და სილაღე. და რომ მიუხედავად იმისა,  ბეღურა ხარ დიდი გული გაქვს, შენც ისეთი ფრინველი ხარ რომელიც ხედავს ამ ლურჯი ცისა და ამომავალი მზის სიმშვენიერეს, რომელსაც შეუძლია იფრინოს მაღლა ცაში, რომელსაც შეუძლია სიყვარული, სიხარული და სიმღერა, რომ შენ იგივე ფრინველთა სამყარო ხარ, მხოლოდ სხვა ჯიშის .....
  საშინელია, როცა საკუთარი ბუდე არ გაქვს და ხარ ვიღაცის აივანს შეკედლებული, ხომ შეიძლება ავი დიასახლისები ცხოვრობდნენ, ან კიდევ ბოროტი ბავშვები, რომლებიც გისაფრდებიან.
  ზამთარში ცხოვრება ხომ ძალზედ რთულია, სად გაიკეთებ ბუდეს, ხეები ტიტვლდებიან, ფოთლები ქრებიან, ყველაფერი ცივი და უკარებაა. საშოვარი არ არის და ელოდები გაზაფხულს, სანამ გაზაფხული მოვა იქნები ასე სხვის აივანს შეკედლებული.  
როდესაც იხსენებ იმ ბუდეს, რომელშიც გაიზარდე და დედის კალთებ ქვეშ რა ტკბილად ნეტარებდი, უნებლიედ თვალებზე ცრემლი გადგება ..... როგორ დაინგრა .... როგორ წაიშალა ..... და მასთან ერთად დაინგრ მთელი ბავშვობის ოცნებები.
ეხლა კი ველოდები გაზაფხულს და ასე მგონია, რომ ეს გაზაფხული არასოდეს მოვა, მოვა კი? ..........   ჩვენ კი ბეღურები მაინც ველოდებით, და რახან ველოდებით ალბათ მოვა.
ყოველი დღე იმის შიშით იწყება სად ვიშოვი პურის მარცვლებს, ვაი თუ აივანზე აღარ დამხვდნენ პურის მარცვლები ...  როდესაც დამხვდებიან იმასაც კი ვბედავ, რომ სტუმრები მომყავს და გვავიწყდება სადა ვართ. ვიწყებთ ჟივილს, დავხტივართ, ვანცობთ, ვყრით და ვფანტავთ პურის ნამცეცებს და დიასახლისის წყენასაც ვიმსახურებთ. მაგრამ მე უკვე ვიცი მისი ხასიათი, მაინც დაგვიყრის, რადგან იცის, რომ ზამთარია ... 
   მე ჩემდა თავად ჩემზე ვბრაზდები, როგორც კი თავზე საყრელად პურის მარცვლები გამიჩნდება ჟივილ-ხივილს ვიწყებ .... რა მიხარია მე საბრალოს, ცალად დარჩენილს და ზამთარში მცხოვრებ უსახლკაროს ....  
    .... რა მიხარია და სიცოცხლე, სიყვარული, მზის არსებობა და იმის მოლოდინი, რომ ოდესღაც მაგრამ მაინც მოვა გაზაფხული.
   ზამთარში ცხოვრება არწივსა და ბეღურას ერთნაირად თრგუნავს და თითქოს ამით ერთმანეთს უთანასწორდებიან, ერთნი ხდებიან, ისინი მხოლოდ ფიზიკურად თუ განსხვავდებიან ამ დროს ...  შინაგანი შეგრძნებები კი თითქოს ერთანაირი ხდება   ...... 
ზოგჯერ პატარა ბეღურას მეტი თავგანწირვით შეუძლია თავდადება, სიყვარული, ბოლომდე ბრძოლა და შეუძლია უფრო მეტი სიმძაფრით შეასკდეს კლდეს, სივრცესა თუ მტერს, ვიდრე ნებისმიერ არწივს.
   საშინელია ზამთარში ცხოვრება, როცა შენი ცხოვრება ზამთარია.  მაგრამ ზამთარშიც გამოკრთება მზიანი დღეები, რომელიც გახსენებს, რომ შეიძლება გაზაფხულიც მოვიდეს ...
   აი მაშინ კი,  როდესაც მოვა გაზაფხული .....



No comments:

Post a Comment