მშობლები, შვილები, შვილიშვილები
......
არ ვიცი რატომ
გამახსენდა მამაჩემის გარდაცვალების მომენტთან დაკავშირებული ეს დეტალი... ზერელედ ვუყურებდი ამ დეტალს და არასდროს გამიცნობიერებია
ეს ნაბიჯი.
- როგორ დაურეკე,
არ მოგერიდა? -აი შეხედეთ ამ ბავშვმა რაიკომის
მდივანს დაურეკა და პირადად ელაპარაკა ..
მაშინ ისეთ სტრესში ვიყავი რომ ეს არაფრად მიმაჩნდა
იმ უბედურებასთან შედარებით რაც თავს დაგვატყდა.
თან დეტალურად მახსოვს რას ვეუბნებოდი ...
-მერი დეიდა მე
ჟორას გოგო ვარ
-ჰო შვილო, ვიცი
ვისი გოგოც ხარ
-თქვენ პირველადი
ინფორმაცია გექნებათ აუცილებლად და იმიტომ გირეკავთ, მითხარით სიმართლე.
-კი ახლახან ველაპარაკე
თბილისს და კარგი არაფერია
-მე წასვლას ვაპირებ
და მინდა ვიცოდე მამაჩემი რა მდგომარეობაშია
-არ ვიცი, შვილო,
არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი რა გითხრა
აქ უკვე წყდება
მოგონებების ჯაჭვი, მხოლოდ ემოციები მახსოვს, რომ ტელეფონი დავახეთქე და მტკიცედ გადავწყვიტე
მეც წავსულიყავი „მამას სანახავად“ ვერც ვუშვებდი, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო.
დღევანდელი
გადასახედიდან მიხარია, რომ მაშინ ეს შევძელი. ადამიანებს ჩვეულებრივად აღვიქვამდი, სულაც არ მადარდებდა
მისი „ჩინი“. შეიძლება ეს იმიტომაც იყო ასე,
რომ ბაბუაჩემი მაღალი რანგის თანამდებობის პირი იყო ყოველთვის, ასე იყო მამაჩემი, მაგრამ
ისინი სრულიად უბრალო, წესიერი ადამიანები
იყვნენ და ჩვენც ამას გვასწავლიდნენ. როცა ვხედავდი, რომ ვიღაცა მათ ელაქუცებოდა ან
მოწიწებით ელაპარაკებოდა, ძალიან ვღიზიანდებოდი. ხშირად ვფიქრობდი, რომ იქნება მართლაც
გულწრფელია ეს ადამიანი რა გინდა მეთქი. შირად ბაბუაჩემთან ან მამაცემთან მოსაუბრეს
თვალებში ვუყურებდი და ვფიქრობდი „აი ეს კარგი ბიძიაა, რადგან არ შეუძლია მოკლას კაცი.... აი ეს ცუდი ბიძიაა, რადგნ მას შეუძლია მოკლას კაცი...“
არ ვიცი საიდან მომდიოდა ეს აზრები, ვინ მიგზავნიდა ამ ინფორმაციას, მაგრამ ბევრმა
გაამართლა. ცხოვრებამ მალე მაჩვენა, რომ ის
ადამიანები, ვინც მამას ჯგუფებად ემეგობრებოდნენ,
სულ რამდენიმე კინკილღა შეგვრჩება ბოლოს.....
თვისება,
რომ ჩემთვის ჩინი და რანგი არაფერს წარმოადგენს,
ოჯახიდან მომყვება და ამან თავისი დადებითი და უარყოფითი როლი ითამაშა ადამიანებთან
ურთიერთობის დროს.
მედალს ყოველთვის აქვს ორი მხარე.... დადებითი იმ თვალსაზრისით,
რომ ადამიანებს მათი პიროვნული, ადამიანური და მორალური თვისებებიდან ვაფასებდი და
უარყოფითი იმ თვალსაზრისით, რომ ამ ეპოქაში და ამ
გაშანშალებული „თანასწორუფლებიანობისა და დემოკრეტიის გაფურჩქვნ-აყვავების“
გარემოში რანგირება „მოსული პონტია.“
იქ სადღაც პროვინციაში
მე ამაზე პროტესტი მქონდა. იმიტომ, რომ თვალნათლივ ვხედავდი ამას ჩემი ოჯახის წევრების
მაგალითზე. მამაჩემი ერთი ლაღი, უბოროტო, კეთილშობილი ადამიანი იყო. ძალიან ერუდირებული,
განათლებული და სხარტი გონების. მისი გამონათქვამები
ანეგდოტებად დაჰქონდათ. თუმცა თანამდებობის პირი იყო, ყოველთვის თავმდაბალი და ყველასთან
გულალალი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
ბაბუა ზვიადი
კაცი იყო, დისციპლინირებული, მომთხოვნი, მაგრამ ძალიან გულკეთილი და გულჩვილი. ყველა
საჭირბოროტო საქმის გადამჭრელი, როგორც სამეზობლოში ასევე სანათესაოში. რაიონში ბევრ საქმე სიცოცხლის ბოლომდე
ეკითხებოდნენ. იგი უშიშარი და გამბედავი ადამიანი იყო, იარაღი სულ სასთუმალთან ედო.
ბებიაჩემი იტყოდა, რომ აფრენილ შაურიანს ხვრიტავდა მაუზერით, მაგრამ სახლში თავის შვილიშვილებთან „ცხენობანას“
რომ თამაშობდა და დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნიც რომ მაგან გვასწავლა, ალბათ ბევრი
ვერც წარმოიდგენდა. დღევანდელი გადასახედიდან
ცოტა უცნაურად მეჩვენება რომ ასეთი წესიერი ადამიანიები რატომ იყვნენ ეს ჩემი წინაპრები.
მაშინ ხომ აღმასკომებს, რაიკომის მდივნებს,
პროკურორებს, მოსამართლეებს, ქალაქის მერებს, რომელ თანამდებობებზეც ჩემები ყოფილან,
ბევრი ფული ჰქონდათ, მათი ოჯახებს კი არაფერი არ აკლდათ. ხშირად მიკითხავს ბაბუასთვის,
რატომ არის ბევრი ფულის ქონა ცუდი მეთქი. ამაზე ირონიით ჩაიცინებდა და მეტყოდა -იცი რატომ ბაბუ? იმიტომ რომ ბევრი ფული რომ გქონდეს ჩვენს დროში, აუცილებლად უნდა მოიპარო,
სხვანაირად ვერ გექნება, ისეა ეს ჩევნი სახელმწიფო
მოწყობილი.
ამ შეკითხვით
მამაჩემისთვისაც მიმიმართავს ის ხუმრობანარევ პასუხს მაძლევდა ხოლმე, მაგრმ შინაარსით დახლოებით ისეთს როგორსაც ბაბუა
.... -იცი ქურდობა არ ვიცი როგორ ჩავიდინო,
ბაბუაშენმა არ მასწავლა. როცა ვკითხე -შეიძლება გარედან ჩანს, რომ ჩვენ ბევრი
ფული არ გვაქვს, მაგრამ ვინ დაგვიჯერებს, რომ მართლა ასე პატიოსნად ვცხოვრობთ? ყველას
გონია, რომ ვინც რაიკომში თანამდებობის პირია ყველა იპარავს, ასე რომ ჯობს მართლა გვქონდეს. მაშინ თავისი
საფირონისფერი თვალები ეშმაკურად ააკვესა და ღიმილით ასეთი შეკითხვა დამისვა - აბა
შენ თუ მეტყვი ჩვენს რაიონში კიდევ რომელ თანამდებობის პირს იცნობენ ყველაზე პატიოსან,
წესიერ ადამიანად? აი თუნდაც ერთი დამისახელე
და უკვე საკმარისი იქნება - მე უცებ დავფიქრდი
და ვუთხარი - კი, ლადო ეთერიას მეთქი ..... ჩაეცინა, თავზე ხელი გადამისვა და მითხრა
- აი, ხომ ხედავ, რომ იცი და გჯერა, ასე სჯერათ ჩვენი ოჯახის შესახებ ....
და მე ახლა მამაჩემზე
უფროსი ასაკის ვარ ის ახლაც 44 წლისაა, რომ გარდაიცვალა მე 16 წლის ვიყავი. ცა ჩამოინგრა,
მაშინ ჩემთვის, მიწა, მზე და ცა ერთმანეთში აიზილა იმ საშინელ თქეშში, რომელიც მისი
ჩამოსვენების ღამეს მოვიდა და ჩვენს ეზოში ჩამწკრივებული მსხლის ხეებს მეხი დასცა და
დაწვა... ისე დაიწვა ალბათ დედაჩემის ახალგაზრდული სიყვარულით აღსავსე გული.... დედაჩემი 77 წლისა გარდაიცვალა თბილისში და დაგვიბარა,
რომ აქ დაგვეკრძალა, რადგან ჩვენთან ახლოს უნდოდა ყოფილიყო. გაიმეტა თავისი „ჟორიკი“,
„Боже мой как я его люблю, он был моим
кумиром“ ჩუმად ჩაილაპარაკა მომაკვდავმა ....
უნებლიედ გამახსენდა
დღეს ეს სატელეფონო ზარი მერი დეიდასთან...
ჩემი ბავშვობა, ის ტრაგიკული დღე, უმამობა, მისი მინაწერები წიგნების გვერდზე
და წიგნების ბოლოს, რომელთა გარჩევა მასთან ერთად ვერ მოვასწარი. სწორედ მისი და დედას
მაგალითებიდან ვისწავლე ტექსტის გარჩევის ტექნიკა ალბათ. მერე როცა „სწავლის სწავლის“ სახელმძღვანელოს ვაკეთებდი
და კითხვის ტექნიკებზე ვწერდი, სულ ჩემი მშობლების ხელნაწერები მედგა თვალწინ. ჩვენი
უზარმაზარი ბიბლიოთეკა ჩვენს სახლთან< ცვენს ოდაბადესთან ერთად ხომ დაიწვა....
მახსოვს მეცხრე
კლასში ვიყავი და ანა კარენინას ვკითხულობდი, დედაჩემი რა თქმა უნდა დაინტერესდა, ცოტა
ხნის მერე მოვიდა და რუსული ვარიანტი მომცა „моя дочь каренину должна читать на
русском.“ „Ты мне потом расскажещь почему тебе нравится Анна?“ დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია. ამ почему-თი ძალიან ბევრ რაღაცას რომ მასწავლიდა
მხოლოდ გვიან გავაცნობიერე ........
ბოლო ფურცლებს რომ ვკითხულობდი ვქვითინებდი,
ბაბუაჩემი მეორე სართულზე ამომივარდა მითხარი ვინ გაწყენინა და რატომ ტირიხარო, ვუთხარი
არავინ, ანა შემეცოდა მეთქი ... ჩაეცინა და უსიტყვოდ გავიდა...
მერე როცა პედაგოგიკაში
სადოქტოროს ვწერდი კვლევისას წაკითხული მასალები ბავშვის აღზრდის, გარემოს, მშობლების,
მასწავლებლების როლის, ურთიერთობების შესახებ და ვინ იცის კიდევ რის შესახებ, ყოველთვის მებადებოდა აზრი ყველაფერი დამეწერა ჩვენი
და ჩვენი მშობლების დამოკიდებულებებზე, ბებიაზე, რომელიც მუდმივად ანდაზებით გველაპარაკებოდა..
მახსოვს იყო ასეთი გაზეთი „სოფლის ცხოვრება“ ბოლო გვერდზე რუბრიკა ჰქონდა „იცი თუ არა
რომ...“ საინტერესო და უცნაური ამბები იწერებოდა,
აიღებდა და ხმამაღლა გვიკითხავდა ..... თუ არ მოვუსმენდით თავისთვის ჩაილაპარაკებდა
„ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის“ და მაინც აგრძელებდა დაწყებულის წაკითხვას...
მშობლებთან ურთიერთობის
აღწერაზე დიდ დისერტაციას ვერავინ დაწერს.
ყველაფერი იქედან იწყება, ამას განსაკუთრებით მონიტორინგის ასაკში გრძნობ, როცა
ხშირად იხედები უკან. კარგი იქნება, რომ ბევრმა ადამიანმა იფიქროს ამაზე და აქედან
შეიმეცნოს თავისი თავი და თავისი შვილები, მათთან დამოკიდებულება და ამ დამოკიდებულების
შედეგები...
იქნება იმიტომაც
გამახსენდა დღეს ის ივნისის ტრგიკული დღე და დანგრეული სტერეოტიპი, რომ რაიკომის მდივნისთვის
პირდაპირ დარეკვა ბავშვისთვის ცოტა არ იყოს თამამი თუ არა „თავხედი“ თემა იყო.
დალი 13.04.2014 ბზობა
დაკო... ფიქრები ამიშლე. <3
ReplyDelete