Tuesday, October 27, 2015

დრო რომელსაც აგროვებ

დრო რომელსაც აგროვებ

            დრო რომელსაც ვერ დააგროვებ, ვერ შეაჩერებ და ვერ დაბრუნებ ..  და კიდევ ბევრი გამოთქმა, რომელიც გვესმის.
          დრო, რომელსაც ძველ ეგვიპტეში გველის სახით გამოსახავდნენ, რომელიც თავის კუდს ჭამს.
           დრო რომელიც საიდუმლოებებით არის აღსავსე და თავისთვის ჩუმად მიედინება, მას არ ყავს მონები, დაქირავებულები, გამორჩეულები ის ყველასთვის ერთია ...
              დრო სამყაროა და ის ცხოვრებაა, რომელსაც შენ ამ სამყაროში გარკვეული დროით ცხოვრობ და იმ მონაკვეთში რაღაცის დაგროვებას ასწრებ. ვისთვის როგორ, ზოგი ფულს აგროვებს, ზოგი, წრმატებას, ზოგი ცოდნას, ზოგი შვილებს და კიდევ ბევრ რამეს. ამ თვალსაზრისით ალბათ პირობითად შეიძლება თქმა, რომ დროს აგროვებ.
             დროის დაგროვება ნიშნავს დროში ცხოვრებისას გამოცდილების ცოდნის და უნარების დამოკიდებულობების დაგროვებას, რომელსაც მერე ისევ დროში ცხოვრებისათვის იყენებ, ასე, რომ დროს აგროვებ.
              დროის დაბრუნებაც შეიძლება, ვინც მეტყვის, რომ ეს გახსენებაა, ჰოდა ეს გახსენება ხომ იმ დროში ისევ დაბრუნებაა, შენი ბავშვობა, ახალგაზრდობა და ბედნიერი წუთები, უბრალოდ იმ სიტუაციის შეცვლა არ შეგიძლია, ანუ ცვლილებებს უკვე ვერ შეიტან, კორექტურას ვერ გააკეთებ.
            დროის დაბრუნების მაგალითია ჩემთვის ზურიკელასა და ილარიონის საუბარი - მე ხომ ვიყავი შენხელა და შენც ხომ გახდები ჩემხელა? ჰოდა აბა რა განსხვავებაა ჩვენს შორის ....
              ურთიერთობები, სწავლა, შემეცნების პროცესები, განცდილი ბედნერი თუ უბედური წუთები, ყველაფერი დროის დაგროვებაა და შენში შეჩერებული წამებია, რომელმაც რაღაცა მოგცა, რაღაცა შეგძინა, გამოგცვალა, წინ წაგიყვანა, შეგაჩერა, ან დაგამუხრუჭებინა, ცაში აგიყვანა, მიწაზე დაგანარცხა და შემდგომ წამოდგომა გასწავლა ეს ხომ ყველაფერი დროში ხდება, შენ ხომ დროში ხარ. აი ამ ასოებს კრიფავ დროში,  ის რჩება ქაღალდზე, ანუ აგროვებ დროს და ამას კომპიუტერის საშუალებით ვიზუალიზებას უკეთებ.
          აკეთებ კარგ საქმეს, შობ შვილებს, რაღაცას საქმიანობ, რომელსაც შედეგი მოაქვს, არა აქვს მნიშვნელობა ცუდი თუ კარგი, ეს დროის დაგროვებაა, შენახვააა შენში და იმათში ვიზეც შენი ეს მოქმედებები ზეგავლენას ახდენს.
კარელინი ამბობს, რომ დრო თითქოს იმ პატარა ბავშვის ხელივითაა რომელის მზის სხივის დაჭერას ცდილობს მუჭში, მაგრამ ვერ იჭერს, მე ვერ დავეთანხმებოდი წმინდა მამა კარელინს იმიტომ, რომ როდესაც მზის ხივის ხელში დაჭერას ცდილობ, ხელის გული ისე გიხურსა და ტანში ისეთი თბილი ჟრუანტელი გივლის, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება ამ შეგრძნებით იცხოვრო.
           უბრალოდ უნდა მიხვდე როდის არის ის დრო, რომელსაც აგროვებ, გააცნობიერო და ეცადო რომ დააგროვო, შენივე და სხვისივე ბედნერებისათვის. 
ამისთვის მთელი ცხოვრებაა საჭირო, ყოველი დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი, რამდენჯერაც სუნთქავ იმდენი .... რომ ძალიან ბევრი მოასწრო და აკეთო ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული საქმე, სადაც უცხოს, ახალს, და თავიდან რთულს პოულობ, რომელიც მერე უმარტივესი გეჩვენება. პოულიბ, საქმეს, ცოდნას, ადამიანებს, რომლებიც რთული და საინტერესონი არიან, მერე კი მარტივდებიან, ან პირიქით საინტერესო ხდებიან და შენი დროის, წამების და წუთების განუყოფელ ნაწილებად რჩებიან.
როდესაც ასე ცხოვრობ ყველა წამი შეგიძლია დაიჭირო და მთელი ცხოვრება შეინახო, ასე, რომ დრო შეგიძლია დააგროვო.
          დაჭერილი წამის გამოყენება არის დროის შეცნობის, გამოყენების, დაგროვების, შედეგის რეალიზების უბედნიერესი კიდევ ახალი წამი, რომელიც ისევ  დროის ახალი დაგროვების საშუალებას გაძლევს.
              ასე შედიხარ აზარტში და ხდები მიზანსწრაფული თოლია ჯონათანივით, რადგან ხვდები, რომ ვინც მაღლა დაფრინავს შორს ხედავს. მაღლა ფრენისათვის კი ფრენის ტექნიკის დახვეწაა საჭირო, ოღონდ დროში.  სწორედ ეს გასწავლის თუ როგორ უნდა დაიჭირო ის წამი, დაიჭირო და დააგროვო, რომ უფრო უკეთ შეძლო სხვა წამების დაჭერა და შენარჩუნება. აქ მთელი შენი ენერგიის, უნარების და შესალებლობების დაძაბვა და ბევრი მსხვერპლის გაღება გჭირდება და ეს უნდა გაიღო თუ გინდა რომ მაღლა იფრინო იმისათვის, რომ დრო დააგროვო, შეინახო და შორს მომავალი დრო დააფიქსირო. ამიტომაც აქ უკვე, მიზანი საშუალებას ამართლებს. აქ თავის მოტყუება კრახის ტოლია, რადგან შენ უნდა იცოდე, რომელ სიმაღლეზე გინდა ახვიდე, რა დროში და როგორ, რა ფასეულობებით და რა შედეგით.
              ბევრი განცდა, სტრესი, და სხვა ბევრი რამ მოყვება დროის დაგროვებას, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია, რადგან ჩვენს ტვინს განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს დაააგროვოს და იცხოვროს დრო, უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი გონივრულობა.
ასეთი აზროვნებით წარსულის გამოსწორებაც შეიძლება უბრალოდ გასული სცენარის შედეგების კორექტირებით. შეცდომას ხომ ყველა უშვებს, ეს პრო - არის ჩვენთვის და არა კონტრა, მაგრამ შიში, რომ ისევ დაუშვებ შეცდომას და დროს ვერ დააგროვებ, კლავს მიზანს და ყველა სურვილს, ასე რომ ასეთი ადამიანი დროის დაგროვებას ვერასდროს შეძლებს.
           დროა, რომ დრო არ მოვკლათ, ამით ხომ იმ საოცარ საჩუქარს ვკლავთ რაც ჩვენში განგებამ ნიჭის, მრავალფეროვანი გრძნობების, შემეცნების უნარის სახით ჩადო.
              ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ დრო, შევიგრძნოთ დრო, მივყვეთ დროს ეს ეპოქის შეგრძნებას ნიშნავს, დავაგროვოთ დრო ჩვენში, ჩვენივე ბედნერებისათვის.  
            ჩვენ ეს შეგვიძლია.

დალი
2015 წლის ოქტომბერი


No comments:

Post a Comment