Friday, January 23, 2015

ბეღურა

ბეღურა 
დალი, 2000 წლის აპრილი


  ზამთარი ისევ ისეთი მკაცრია, ისევ და ისევ უშუქო, ისევ და ისევ ცივი, უკარება და რუხი, ძუნწი და ცარიელი. მე კი ისეც იმავე აივანზე ვცხოვრობ, ჩემი დიასახლისი კი ისევ და ისევ მიყრის პურის მარცვლებს, თუმცა უკვე არ მიფშვნის როგორც ადრე, მაგრამ იცის, რომ მოვალ... ამიტომ მთელს ნარჩენებს „ბალკონზე“ დებს.  ვეცოდები, ო, როგორ ვეცოდები. რარიგ საშინელია როდესაც ეცოდებით, ამის შეგრძნება უმწეობის, უსუსურობის განცდას ბადებს და თუ ჩაუღრმავდი შეიძლება დეპრესიაშიც ჩავარდე, დეპრესია კი ბეღურასთვის სიკვდილს, განადგურებას ნიშნავს, მით უმეტეს თუ ბეღურა ზამთარში ცხოვრობს და მთელი მისი ცხოვრებაც ზამთარია. ამიტომაც მინდა, რომ არ ვეცოდებოდეთ, არ მეძახდნენ საბრალოს. ზოგჯერ მირჩევნია ვიშიმშილო და აღარ მივფრინდე ჩემს ნაჩვევ აივანზე, სადაც სარჩო მეგულება, მაგრამ ეს სულ ცოტა ხანს თუ გასტანს ..... მე ბეღურა ვარ და ამიტომაც ვცხოვრობ ალბათ ასე.  
  ზოგი ბეღურად უნდა დაიბადოს, ზოგი მერცხლად, ზოგიც კი არწივად. როდესაც ბეღურად დაიბადები თავიდანვე უნდა შეეჩვიო იმას, რომ არწივად ვერ გადაიქცევი და მხოლოდ იმისთვის უნდა იღვაწო, რომ იყო კარგი ბეღურა, გქონდეს არწივის შეუპოვრობა და სილაღე. და რომ მიუხედავად იმისა,  ბეღურა ხარ დიდი გული გაქვს, შენც ისეთი ფრინველი ხარ რომელიც ხედავს ამ ლურჯი ცისა და ამომავალი მზის სიმშვენიერეს, რომელსაც შეუძლია იფრინოს მაღლა ცაში, რომელსაც შეუძლია სიყვარული, სიხარული და სიმღერა, რომ შენ იგივე ფრინველთა სამყარო ხარ, მხოლოდ სხვა ჯიშის .....
  საშინელია, როცა საკუთარი ბუდე არ გაქვს და ხარ ვიღაცის აივანს შეკედლებული, ხომ შეიძლება ავი დიასახლისები ცხოვრობდნენ, ან კიდევ ბოროტი ბავშვები, რომლებიც გისაფრდებიან.
  ზამთარში ცხოვრება ხომ ძალზედ რთულია, სად გაიკეთებ ბუდეს, ხეები ტიტვლდებიან, ფოთლები ქრებიან, ყველაფერი ცივი და უკარებაა. საშოვარი არ არის და ელოდები გაზაფხულს, სანამ გაზაფხული მოვა იქნები ასე სხვის აივანს შეკედლებული.  
როდესაც იხსენებ იმ ბუდეს, რომელშიც გაიზარდე და დედის კალთებ ქვეშ რა ტკბილად ნეტარებდი, უნებლიედ თვალებზე ცრემლი გადგება ..... როგორ დაინგრა .... როგორ წაიშალა ..... და მასთან ერთად დაინგრ მთელი ბავშვობის ოცნებები.
ეხლა კი ველოდები გაზაფხულს და ასე მგონია, რომ ეს გაზაფხული არასოდეს მოვა, მოვა კი? ..........   ჩვენ კი ბეღურები მაინც ველოდებით, და რახან ველოდებით ალბათ მოვა.
ყოველი დღე იმის შიშით იწყება სად ვიშოვი პურის მარცვლებს, ვაი თუ აივანზე აღარ დამხვდნენ პურის მარცვლები ...  როდესაც დამხვდებიან იმასაც კი ვბედავ, რომ სტუმრები მომყავს და გვავიწყდება სადა ვართ. ვიწყებთ ჟივილს, დავხტივართ, ვანცობთ, ვყრით და ვფანტავთ პურის ნამცეცებს და დიასახლისის წყენასაც ვიმსახურებთ. მაგრამ მე უკვე ვიცი მისი ხასიათი, მაინც დაგვიყრის, რადგან იცის, რომ ზამთარია ... 
   მე ჩემდა თავად ჩემზე ვბრაზდები, როგორც კი თავზე საყრელად პურის მარცვლები გამიჩნდება ჟივილ-ხივილს ვიწყებ .... რა მიხარია მე საბრალოს, ცალად დარჩენილს და ზამთარში მცხოვრებ უსახლკაროს ....  
    .... რა მიხარია და სიცოცხლე, სიყვარული, მზის არსებობა და იმის მოლოდინი, რომ ოდესღაც მაგრამ მაინც მოვა გაზაფხული.
   ზამთარში ცხოვრება არწივსა და ბეღურას ერთნაირად თრგუნავს და თითქოს ამით ერთმანეთს უთანასწორდებიან, ერთნი ხდებიან, ისინი მხოლოდ ფიზიკურად თუ განსხვავდებიან ამ დროს ...  შინაგანი შეგრძნებები კი თითქოს ერთანაირი ხდება   ...... 
ზოგჯერ პატარა ბეღურას მეტი თავგანწირვით შეუძლია თავდადება, სიყვარული, ბოლომდე ბრძოლა და შეუძლია უფრო მეტი სიმძაფრით შეასკდეს კლდეს, სივრცესა თუ მტერს, ვიდრე ნებისმიერ არწივს.
   საშინელია ზამთარში ცხოვრება, როცა შენი ცხოვრება ზამთარია.  მაგრამ ზამთარშიც გამოკრთება მზიანი დღეები, რომელიც გახსენებს, რომ შეიძლება გაზაფხულიც მოვიდეს ...
   აი მაშინ კი,  როდესაც მოვა გაზაფხული .....



Wednesday, January 14, 2015

გასტრონომიული ტურიზმი და ქვეყნის იმიჯი

გასტრონომიული ტურიზმი
გლობალიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი და  ქვეყნის იმიჯი

მოვლენა, რომელსაც დღეს  როგორც გასტრონომიულ ზოგჯერ კი კულინარიულ ტურიზმს ისე განიხილავენ, შეიძლება ითქვას შორეული წარსულიდან მოდის, როდესაც ვაჭრები შორეულ მოგზაურობაში მიდიოდნენ სხვადასვა სანელებლების, საკმაზების,  სამკურნალო მცენარეების, ჩაროზების, ღვინისა და სასმელებისათვის.
გლობალიზაციამ თანამედროვე სამყაროში ყველა ეს პორბლემა თითქმის უკვე გადაჭრა.  სუპერმარკეტში შესაძლებელი გახდა ნებისმიერი მსოფლიო პროდუქტის ყიდვა. ტრაპეზი კი მაკდონალდიზაციის პროცესმა თითქმის ერთიანი და ერთნაირი გახადა. მაგრამ მიუხედავად ამისა ტურისტების დიდი ნაწილი სწორედ გასტრონომიულ ტურებში მიემგზავრება იმ მიზნით, რომ დააგემოვნოს ნაციონალური სამზარეულო და გაიგოს ნაციის ავთენტური გემო ადგილზე,  სადაც ესა თუ ის კერძი თუ ღვინო წარმოიშვა და დღესაც ძველი წესით მზზადდება. ამიტომაც არის, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სულ უფრო და უფრო მზარდ ტენდენციად მიიჩნევს კულინარიულ ტურებს.
ბუნებრივია ნებიმსიერი ტურისტი, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში ჩადის, მაინც ეჯახება ქვეყნის სამზარეულოს, მის გასტრონომიულ კულტურას, და ამით მნიშვნელოვან წარმოდგენას იქმნის ზოგადად ქვეყნის შესახებ და საერთოდ ნაციის შესახებ.
კარგი და მაღალხარისხიანი ეროვნული სამზარეულო არის სწორედ კულინარიული ტურიზმის ეფექტურობისა და პოპულარობის განმსაზღვრელი ფაქტორი.
ტერმინი „კულინარიული ტურიზმი“ პირველად შემოიტანა ამერიკის ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა ლუსი ლონგმა. დღეისათვის კი ეს ტერმინი უკვე ტურისტული პროდუქტის მნიშვნელოვანი გამოხატულება გახდა მთელს მსოფლიოში. აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ ამ ტერმინის შემადგენელი ნაწილია ასევე ღვინისა და ლუდის თემატური ტურები, რომლებიც ცხადად გვაცნობენ ამა თუ იმ ქვეყნის ვაზის, ღვინის, და სხვადასხვა სასმელების კულტურას. როგორც ამ ბიზნესის და კულტურის სფეროს წარმომადგენელბი ვარაუდობენ, ტურიზმის ეს ნიშა ბევრი რამის მიზეზი გახდება სამომავლოდ.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ნებიმიერი ტურისტისათვის კვება და სასმელი უპირველესი კომპონენტია მოგზაურობის დროს, მით უმეტეს თუ ტური საერთოდ ეხება ნაციონალურ სამზარეულოს, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება შემდგომი მოტივაციისათვის, რომ ჩახვიდე იმ ქვეყანაში და ნაციონალურ სამზარეულოსთან ერთად კულტურა და სხვა ფასეულობებს გაეცნო.
კულინარიული ტურიზმი საშუალებას აძლევს ქვეყანას, რომ ტურისტს მთელი ეროვნული არამატერიალური თუ მატერიალური ფასეულობები, რიტუალები, ტრადიციები, ფოლკლორი, მუსიკა, ცხოვრების სტილი, სარეწაო საქმიანობა, ეკოლოგიურად სუფთა  პროდუქტის წარმოება, ეროვნული განსაკუთრებული ტექნოლოგიური პროცესები ადგილზე ავთენტურ სიტუაციაში გააცნოს.
კიდევ უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ეროვნული სამზარეულო ასევე შანსს აძლევს ტურისტს თვითონ მიიღოს ამა თუ იმ ეროვნული, ნაციისათვის განსაკუთრებული კერძის მომზადებაში მონაწილეობა. რისთვისაც ბევრი ტურ ოპერტორი ტურისტულ მარშრუტში დებს დეგუსტაციებს, კულინარიულ მასტერ კლასებს და ა.შ.
საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ასეთ ტურებს ხშირად სეზონი არ აქვს, რადგან ნებისმიეერ დროს შეიძლება მოეწყოს.  მნიშვნელოვანია ისიც, თუ კულინრიული ტური რამე ფესტივალს, ეროვნულ დღესასწაულს ან დიდ ზეიმს ემთხვევა.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაიხვეწოს, და პოპულარული გახდეს კულინარიული ტურიზმი?
შეიძლება ზოგერთი მოსაზრების განხილვაH
| შესწავლილი უნდა იქნეს, ქყვეყნის სარესტორნო ბიზნესი, მათი მენიუები, განსაკუთრებით კი ნაციონალური კერძების მიწოდების ფორმები  და ნედლეულის ხარისხი.
|ასეთი ტიპის რესტორნებისადმი მოთხოვნები და სტანდარტები უნდა იყოს ძალიან მკაცრი და მაღალი ხარისხის, რომ ტუროპერატორმა სწორად შეარჩიოს მისი ტურისტებისათვის ობიექტი.
|შესწავლი უნდა იქნეს ასევე ქვეყნის ისეთი დაწესებულებები,  სადაც ტარდება კულინარიული მასტერკლასები, მათი ნორმები, შინაარსი და ხარისხი. შეფ-მზარეულების დონე და სერტიფიცირებულობა. მიწოდებული ნედლეულის ხარისხი და ავთენტურობა, რადგან სწორედ ასეთი დაწესებულებები  არიან კულინარიული გიდები, ისტორიის, ანთროპოლოგიის, კულტურის, მიმწოდებლები, რომელიც მრავალმხრივ  განათლებასა და ცოდნას მოითხოვს.
|ტუროპერატორი, რომელიც კულინარიული მარშრუტს გეგმავს, კარგად უნდა იცნობდეს  საკვები დაწესებულების მთელ შინაარსს, და პერსონალს, უნდა იცოდეს რომ იქ მას „კულინარიული ექკურსიათმძღოლი“ დახვდება, რომელსაც სათანადო ცოდნა აქვს, რადგან სწორედ ეს რეფლექსიური ნაწილი განსაზღვრავს წარმატების დიდ ნაწილს.
|რეფლექსიური ნაწილი მნიშვნელოვანია ქვეყნის გასტრონომიული კულტურის იმიჯისათვის. უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს თავისი კულინარიული ბლოგი, სახელმწიფო დაწესებულებებმა კი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი ასეთ ბლოგებს, სატელვიზიო გადაცემებს, ინტერნეტ გამოცემებს, მასტერ-კლასებს, რადიო თუ პრესის ინფორმაციებს, რომლებიც ნაციონალურ სამზარეულოს უწევენ პოპულარიზაციას, და ეცადონ რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარი დაუჭირონ მათ ინიციატივებს.
|ყუარდსაღებია ის ფაქტი, რომ კულინარიული ტურისტი უკვე გამოცდილი გურმანია ან მოყვარული დეგუსტატორი, ამიტომაც კლიენტების ამ კატეგორიას, განსაკუთრებული სიფრთხილე ჭირდება, რადგან მათი მოტყუების მცდელობაც კი თავშივე უკვე განწირულია. ასეთი ადამიანები ბევრი ქვეყნის სამზარეულოს იცნობენ და სწორედ ამიტომაც ირჩევენ კულინარიულ ტურებს. ისინი გამოცდილები არიან და კარგად იციან, რომ ინტერნეტში ვერ იგრძნობ სუნს და გემოს, ამიტომაც დებენ ინვესტიციას, რომელსაც ტუროპერატორისთვის შემოსავალი მოაქვს, ქვეყნისთვის კი იმიჯი და ეკონომიკური სიძლერე.
|საინტერესო შემოთავაზება იქნებოდა ტურისტისთვის ასევე ტური, რომელსაც რომელიმე საწარმო ან დიდი კორპორაცია შესთავაზებდა, ისეთი საწარმო ან გაერთიანება, რომელსაც ქვეყნის ბაზარზე იმიჯი აქვს და სოფლის მეურნეობასთან საკვების ინდუსტრიაში მოღვაწეობს. რასაკვირველია ასეთ საწარმოებს შეუძლიათ ტუოპერატორებთან ერთად კულინარიული ტურების მოწყობა და ქვეყნის როგორც ნაციონალური სამზარეულოს ასევე კულტურის სხვა სფეროების გაპიარება. ამ ნიშას ძალიან დიდი მომავალი აქვს, ამიტომაც ბევრმა ორგანიზაციამ უნდა გაითვალიწინოს ეს პერსპექტივა და ჩაერთოს სამომავლოდ ყველაზე პოპულარულ ბიზნესში.
მთელს მსოფლიოში მაკდონალდიზაციის პროცესმა, რომელიც გლობალიზაციასთან ასოცირდება კიდევ უფრო გაამძაფრა გლოკალიზაცია. პირიქით, ადამიანები სულ უფრო და უფრო ეძებენ ახალს, განსაკუთრებულს და ეგზოტიურს, რომელიც მათთვის ნაცნობს არ გავს. კვების საკითხიც ხომ ინდივიდუალურია, ვიღაცეები ვისაც შემწვარი კარტოფილი უყვარს მისურის შტატში დაგემოვნებულ ჭრიჭინებს შემწვარ კარტოფილს ადარებს, ქათმის ხორცის მოყვარულები კი სიამოვნებით აგემოვნებენ კამბოჯაში ტარანტულებს, ვიღაცეები ღამურას საქონლის ხორცის გემოს ადარებენ  და ა.შ. ასეთი ტურის მოწყობით შეიძლება ქვეყნის სხვა მიმართულებების განვითარება და წინ წამოწევა, რადგან, მაგალითად საფრანგეთში ტურისტი როგორი გურმანიც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ ბაყაყის თათების გასასინჯად არ ჩავა, ან კამბოჯაში გველის სუპის და გველის სისხლის დასაგემოვნებლად ან კიდევ საქართველოში ხაჭაპურის გასასინჯად.

2015. 15.1

გასტრონომიული კულტურა - კალანდა და "სანწალე კუჩხა"

კალანდა და  "სანწალე კუჩხა"

     „კუჩხა - კალანდა“   ძველით ახალი წლის აღნიშვნაა, კალანდა რომაულიდან მოდის და თვის დასაწყისს ნიშნავს.   გურიასა და სამეგრელოში კალანდა არის ძველით ახალი წლის პირველი დღე.  13 იანვარს შუაღამის შემდეგ ვინც პირველი შემოვიდოდა ოჯახში მას სამეგრელოში „მაკუჩხური“ ერქვა, მასზე იყო „დამოკიდებული“ ოჯახის ბარაქა, სიუხვე და წარმატებები, ამიტომ ოჯახი ირჩევდა ვინ უნდა შემოსულიყო. ზოგჯერ ეს შეიძლებოდა ახლობელი ყოფილიყო, ვისაც „ჯგირ კუჩხი“  ქონდა. 
„ახალ წანა სერს“ როგორც კი მაკუჩხური შემოვიდოდა, ოჯახის ზღურბლთან შაქარი იყრებოდა, ადრე თურმე ღომის მარცვლებს ყრიდნენ, როგორც სიუხვის და ბარაქის სიმბოლოს.
     როგორც კი ახალი წელი შემოვიდოდა მოდიოდნენ მომღერლები, რომელთაც „მეალილეს“ ეძახდნენ, ოჯახს განსაკუთრებული საჩუქრები ჰქონდა „მეალილეებისთვის. ეს შეიძლებოდა ყველაფერი ყოფილიყო, ჩირეული, თხილეული, ხორცეული თუ ცომეული.
     მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა სამეგრელოში 15 იანვრის დილას ქონდა, ანუ ახალი წლის მეორე დილას, მას „სანწალე კუჩხას“ ეძახდნენ.   სანწალე ძალიან მწარეს, ძალიან მძიმე და მნიშვნელოვან დღეს აღნიშნავს.  წესით პირველი „მაკუჩხური“ ვინც იყო ის უნდა მოსულიყო „სანწალე კუჩხა“ დილასაც.
     „სანწალე კუჩხასთვის“  ოჯახში სპეციალურად ირჩევდნენ „მაკუჩხურს“ რომელიც ალიონზე დგებოდა და ოჯახს „აკუჩხებდა. “  წესით  კარმიდამოს სამჯერ შემოუვლიდა, ხელში ღვინით ან წყლით სავსე დოქი ეჭირა, მარილი, პური,  ტკბილეული, მარადმწვანე ხის ტოტი ეს იქნებოდა ნაძვი, სუროს ხის ტოტები თუ თხილის ხვიხვილი,  აუცილებლად უნდა ქონოდა ხელში. ადრე  „მაკუჩხურს“ ხელში ღომის ღომით სავსე გობი ეჭირა, რომელშიც  კვერცხები და ბროწეულები ელაგა.  „მაკუჩხური“  სამჯერ დააკაკუნებდა კარებზე, სახლიდან გამოსძახებდნენ „ რა მოგაქვს“ ის კი იწყებდა ლოცვას „ხვამა ჯგირობუა, გომორძგუა,   აშინება, აფშხირება და კიდევ ვინ იცის რა .....   კარის გაღების მერე სახლში შემოყრიდა ტკბილეულს და მარადმწვანე ტოტს ყველაფერს გადაუსვამდა.
     „სანწალე კუჩას“ „მაკუჩხური“ იმ დღეს არავის სახლში არ შედიოდა, რომ ეს სიუხვე მის ოჯახში დარჩენილიყო.   წესით ყველა ადამიანი თავს იკავებდა ყოველ შემთხვევაში ალიონზე,  „სანწალე კუჩხა“ დღეს  პირველი  არ ეფეხა ვინმეს ოჯახში - არ მინდა „მაკუჩხური“ ვიყოო.   სამეგრელოში თქმა იცოდნენ უბედურების დროს „მიქ აკუჩხუუ ჩქიმ ცოდა თე წანას.“
„სანწალე კუჩხას“   სუფრა ძალიან რიტუალური იყო,   ეს არ იყო არც წვეულება და არც ღრეობა,  ეს იყო, მსუყე, ბარაქიანი, უხვი, მშვიდი, ლოცვის და ხვეწნის, სიყვარულის რიტუალი. მთავარი ფიგურანტი როგორც გურიაში, ასევე სამეგრელოში ღორი და დაკოდილი მამალი იყო, რომელსაც მეგრელები „ყვარილს“  ეძახდნენ. ყვარილს და ღორს დიდი ხნით ადრე უწყებდნენ გასუქებას, რასაკვირველია სიმინდით და ყველის შრატით. ღვინოც ზედაშე იყო, რადგან „სანწალე კუჩხასთვის“ ცალკე ინახებოდა.  თუ გურიაში ბასილას აცხობდნენ, სამეგრელოში მუხუდოგარეული ჭვიშტარი ცხვებოდა ღორის თეთრი ქონით, რომელსაც „ცნარი“  ერქვა და მაწვნით იზილებოდა,  ზემოდანაც  ეყრებოდა ჭყინტი ყველი.  ხაჭაპურიც განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო,  რასაკვირველია მორთული, ოღონდ თუ შიგნით ჭყინტით იყო სავსე, ზემოდან სულუგუნის ფენებით და კვერცხით იფარებოდა. კეთდებოდა ფელამუში ნიგვზით, და რასაკვირველია ელარჯი. ელარჯს, როგორც დესერტს ხშირად კამეჩის მაწონზე მოსხმული თაფლით  მიირთმევდნენ. 
     ადამიანებ ამ დღეს ცდილობდნენ, რომ ყოფილიყვნენ, მშვიდები, მხიარულები, კეთილები და მოსიყვარულეები. პირველი აუცილებლად სახლში სადილობდნენ და უკვე დღის მეორე ნახევარში იწყებდნენ სამეზობლოში გადასვლას „კუჩხა-კალადას“ მისალოცად.
2015