Friday, September 12, 2014

მენეჯმენტის გაკვეთილები - ერთ ერთი - კარგია ალკოჰოლიიიი.....

ერთ ერთი
კარგია ალკოჰოლიიიი.....

ტახტზე მარცხენა მხარზე წევს, ბალიშები აქვს ჩახუტებული, ერთი შემომხედა ჩემს სალამზე და..  –ტ..................იიიიიიიიიიიიიიი დაუძახა
–აი ის წიგნი მომაწოდეთ  მუქი ლურჯი რომ დევს ჩემს მაგიდასთან....
–ათვალიერებს........ როგორც ყოველთვის ძალიან ახლოს მიაქვს თვალთან და გულმოდგინედ აკვირდება
–აი იქ  ხომ ხედავთ ყირგიზული კონიაკი დევს...
–კი ვზედავ „კრგზკონიაკ“
–წაიღეთ, დასალევად მაინც არ ვარგა, სამზარეულოში საჭმლის გასაკეთებლად გამოიყენებთ, ან ფლამბესათვის კარგია.
–ძალიან დიდი მადლობა
–ჰო..
–შეიძლება რაღაცა გითხრათ?
–მითხარით, მითხარით...
–თქვენ ხომ ამოგყავთ ყველი სახლში?
–მერე
–აი ფეხი რომ გტკივათ პოდაგრას გამო, ყველს რომ ამოიღებთ დარჩენილი შრატის ვანები გაიკეთეთ, ძვლების ტკივილის, ნერვის ანთების კარგი სამკურნალოა, დედაჩემს ბებიაჩემი უკეთებდა და მე თვითონ მაქვს ნანახი.
–რა შუაშია პოდაგრა ხომ რაღაც მოლეკულური წარმონაქმნია, თუმცა რატომაც არა ძალიან საინტერესოა.
–მოდულმა შეცვლილი პროგრამა გამოაგზავნა ..... ვუჩვენებ .....
–ვხედავ, არაფერს არ აკეთებთ, ყავა, ლანჩი..
–დაწიეთ..... კიდევ დაწიეთ...... ეხლა დაბრუნდით უკან......  –ამიხსენით რა არის Kitchen Management ? ეს ალბათ სამზარეულოს მართვას ეხება....
- ალბათ კი არა, ამიხსენით რა არის, რატომ არ კითხეთ?
–არ მივიჩნიე საჭიროდ, რადგან მენეჯმენტი, მართვაა, და თუ სამზარეულოშია, ის მომარაგებას, დასაწყობებას, ფუნქციების განწილებას, და ა.შ. შეეხება
–თქვენ ზარმაცი ხართ
–არა სულაც არა ვარ ზარმაცი,
–მაშინ დაინდეთ ხომ ის ვიღაცა, დედამოტ.... გერმანელები, ჩვენ ტყიურები ვართ და ამდენს ვერ შეგაწუხებთო?
–არა არ დამინდვია უბრალოდ ალბათ ჩემი შეცდომაა .....
–ჰო თქვენი შეცდომაა და ხშირად გაქვთ შეცდომები......   რატომ არის, რომ თქვენ ორთან შეხვედრის მერე მუდამ ცუდ ხასიათზე ვარ, რაღაცნაირად მუშაობთ......
–ეს კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლა რაღაა?
–ეს თუ როგორ მისცეს მასწავლებელმა ის ნაკრები რასაც კომპეტენცია ჰქვია, ცოდნა უნარები, დამოკიდებულებები;
–ეს  დაჭრის სწავლა რაში უნდათ?
–მასწავლებლებმა ცალსახად ყველამ  მთხოვა, რადგან, სხვადასხვა ნაჭრები, სხვადასხვა სადილებისთვის გამოიყენება, და ასევე საქონელს როგორ უდა ააცალო ნაწილები და დააფასოვონ.
–არა მაინც საჭმლის კეთების სასწავლად მიდიხართ
–არ მივდივართ საჭმლის კეთების სასწავლად. თუ მე მაგალითად „მგზავრის წერილბს“ ვასწავლი და ვცდილობ დიდაქტიკა და მეთოდიკა დავანახო მასწავლებელს,  ტექსტის გარეშე ხომ ამას ვერ გავაკეთებ, ჰოდა ამ შემთხვევაში ტექსტი საჭმელია, ის ხალხი ყველა პუნქტში აღნიშნავს, რომ ყველა ეტაპზე აქცენტი იქნება მეთოდებზე.
–რა ქენით საელჩოზე?
–შევიტანეთ საბუთები უპრობლემოდ, დავჯავშნით ბილეთებს.
–სამწუხაროდ ერთერთი მასწავლებლი ბ......ი ვერ მოდის ავადმყოფობის გამო
–რა მოუვიდა
–ზამთარში ვირუსი ჰქონდა და გაურთულდა ფილტვებში, ექიმი უკრძალავს ფრენას.
–უკვე მივწერეთ
–კიდევ კიდევ რა საკითხი გაქვთ?
–ფესტივალის მოსაწვევები
–გითხარით ეხლა არ ვაკეთებთ, მაგრამ მიჩვენეთ
–რა არის ეს ჩახუჭუჭებული, ხომ გითხარით არ გინდათ მეთქი
–გამოვბეჭდეთ....     ნახეთ...     შ....  მიაქვს და აძლევს, ეს ტექსტი შიგნით ჩაიდება...........   კითხულობს, აქ გაასწორეთ სად შედგება დააკონკრეტეთ
–კიდევ?
–კიდევ ტრიდეში იქნება ბანერი 1,5X2, კარგი.
–კიდევ?
–სულ ეს იყო
–კარგით, კარგით
–შ...     სხვა ალტერნატიულ ფართზე ხომ არ ვიფიქროთ ფესტივალისთვის?
–არა
–მადლობა კონიკისთვის
მ.....,   დ.....სი და ლ...... შემოდიან...   გ.....      ეუბნება –ჯერ არ დაგვიწერია ბატონო ....
–აბა რას შემოდიოდით, წადით, წადით და დაწერეთ  ტ ...იიიიიიიიიიიიიიი!

ჩამოვდივარ და ტირილს ვიწყებ, მრცხვენია შ.....სი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ, მერე კონიაკს ვსვამ ცოტა ხანში ვწყნარდები...........  კარგია ალკოჰლიიიიიიიიიიიიი..............

გასტრონომიული კულტურის ისტორია

გოჭი ქარდულად

დედაჩემს მუდმივად ყავდა ღორი, თანაც ჯიშიანი,  ერთ დედა ღორს მაშას, ეძახდა საღამოობით მაშას ცოტა თუ შეაგვიანდებოდა „მარშ დამოიი“ო რომ დაუძახებდა ღორი ძუნძულით მოდიოდა ხოლმე იქვე მდინარე ოჯოღორეს ნაპირას მდგარ საღორესთან.
ოჯახში სულ ძუძუთა გოჭს კლავდა, რომელიც განსაკუთრებულ კვებაზე იყო. მიუხედავად ამისა, მე მაინც დიდად არ მიზიდავდა შემწვარი გოჭი, მაგრამ მაშინ ხომ არ ვიცოდი ქარდულად შემწვარი გოჭი.
ალიოშა ქარდავა ჩემი მამამთილი საოცარი გურმანი იყო, მისი რეკომენდაციებით და მისი პირის გემოზე მზადდებოდა ოჯახში ყველაფერი ....  და  რასაკვირველია გოჭი, რომელიც მთელს სანათესაოში და სამეზობლოში იყო პოპულარული და მას  „ქარდულო ჭვილ თუ“ს ეძახდნენ.
პირველი და აუცილებელი რასაკვირველია თვითონ პროდუქტი იყო, ანუ გოჭი  როგორც ცხონებული ალიოშა იტყოდა „შინთალი“ ანუ გრძელტანიანი და მოზრდილი. მეორე აუცილებლობა კი „ჯამანგარი“ ანუ კარგი ხარისხის შეშა, წიფელა რცხილა და არამც და არამც თხმელა მესამე აუცილებელი და მთავარი კომპონენტი მწვანე აჯიკა და  ტყემლის კარგი წვენი.
გულღვიძლი და მთელი შიგნეულობა კარგად რომ გაირეცხებოდა  უნდა შენელებულიყო აჯიკით, ოღონდ „მწვანე“ აჯიკით, ამას  ემატებოდა ძალიან წვრილად დაჭრილი ოხრახუში, შეიძლებოდა ჭყინტი ყველის დამატებაც. ამის შემდეგ გოჭს შიგნიდან ესმებოდა მწვანე აჯიკა და იტენებოდა შენელებული კუჭმაჭით, ამოკერვის შემდეგ გამზადებულ გოჭს აცვამდნენ  დიდ ხის წკირზე, რმელიც  რამდენიმე სიგრძის და სიდიდის იყო მანდარინების ჩეროში  ჩაფლულ მეგრულ ჯარგვალში.  ჯარგვალი საერთოდ სხვა თემაა, ამ ოჯახის გასტრონომიაში. 
გიზგიზა ცეცხლი რომ ალს მოიგდებდა,   ნაღვერდალი გოჭის მთელს პერიმეტრზე თანაბრად ნაწილდებოდა  და იწყებოდა გოჭის ტრიალი, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. 
 და აჰაჰა, უკვე შემწვარიაო რომ იტყოდი, რომელიც დანის წვერითაც მოწმდებოდა, გოჭს  სხვა პროცედურა ეწყებოდა....
ტყემლის წვენში, იხსნებოდა მწვანე აჯიკა, ემატებოდა ცოტა ძმარი და მარილი, ეს სოუსი დანის წვერით მთელ ტანზე დაცეხვილი გოჭისთვის უნდა წაგესვა. ამის შემდეგ იწყებოდა რაც იწყებოდა, წკირი ისე სწრაფად უნდა გეტრიალებინა, ისე სწრფად, რომ ცხიმი ერთი წვეთიც კი არ დაცემულიყო მიწაზე,  რადგან სწორედ ამ ცხიმსა და სოუსში იყო მთავარი „ფიშკა.“  ცხიმი და სოუსი რომ შეაშრებოდა მეორეჯერაც წაუსვამდნენ, და აი  კანი ტკაცუნს რომ დაიწყებდა ეს „ტანამო რკვანილი“ მთელი ტანით შენელებული  გოჭიც მიეყუდებოდა შესაგრილებლად ჯარგვალის კედელს.
ამის ყურება ერთი სიამოვნება იყო და ასევე დიდი ტანჯვაც, რადგნ მთელი სენსორული ორგანოები კანკალს იწყებდნენ ისე, რომ ყურებიდან და პირიდან ნერწყვი გდიოდა, სანამ ჯარგვალის კედელზე მიყუდებულ არომატიან გადარდალებულ „შინთალ თუს“ ყურებს მაინც აახევდი ან კუდს მოგლიჯავდი და დააცხრობდი კულინარიულ  სურვილებს.
შემდეგი ეტაპი გოჭის დაჭრა ანუ მეგრულად „ნწყმა“  იყო, პირველი ამოკერილი მუცელი იხსნებოდა, მთელი კუჭმაჭი თავისი დიდებულებით ცალკე ლანგარზე იდებოდა,  ხორცის ნაჭრები კი ცალკე ლანგარზე ლაგდებოდა.  დანაწევრების დროს ლანგარზე დარჩენილი  ნარჩენები და წვენი, როგორც სოუსი ისე გამოდიოდა, ან შეიძლებოდა ტყემლის წვენს ან პომიდვრის საწებელს დამატებოდა, ასეთი რამ შემდეგ ვენაში ვნახე ერთ ერთ ჰოირიგეში და რომ მივხვდი რა იყო, ძალიან გაუკვირდა ჰოირიგეს მეპატრონეს.
ასეთი იყო გოჭი ქარდულად.   ამის არდაგემოვნება და არშეყვარება იქნებოდა, რაოდენ კანიბალურიც არ უნდა იყოს?  მთელი გოჭი გაჟღენთილი იყო აჯიკის, ცხიმის, კვამლის არომატით, მთელს უბანში მისი სუნი ტრიალებდა და ბევრის ცხვირის ნესტოს გვრიდა ცრემლებს, თუმცა ქარდების კარი ყველასთვის ღია იყო.
კუჭმაჭს რასაკვირველია პირველს მიირთმევდნენ ცხელ ღომთან ერთად, მაგრამ ტკაცუნა კანის დაგემოვნება კულინარიული განცხრომა იყო, მუქი აგურისფერი, კრატუნა კანი პირში დნებოდა და მთელი არომატიების ბუკეტი პირდაპირ ჟრუანტელისმომგვრელი იყო, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ სჭირდება ამას ან ღომი ან რამე საწებელი მეთქი.
მეორე დღესაც არანაკლები იყო გაცხელებული ხორცი გაფიცხინებულ ღომთან, რასაკვირველია ისეთი არა როგორიც ჯარგვალიდან პირველ გამოსვლაზე.
რამდენი რამ დავაგემოვნე, აქაც, იქაც, შორს და ახლოსაც, მაგრამ არსად არ მინახია ასეთი ტექნოლოგია  და მიგრძვნია ის კულინარიული ტკბობა.

 დალი 12.09.2014