Friday, November 15, 2013

"კლიმტის ფერები"

"კლიმტის ფერები"

დაბრუნდა, ისევ დაბრუნდა, ის სევდიანი შემოდგომის ფერები, რომელსაც ბაჯაღლოსფერი მომაკვდავი სიმშვენიერე ახლავს თან.
რომანტიკულობის, ესთეტიურობის აღქმის და შეგრძნებების დაჩლუნგებას მოჰყვება ყოველგვარი სისასტიკე და ბოროტება, გაუფასურება და ბანალურობა, რაც ასე ცივსა და უკარებას ხდის სამყაროს.
ბევრისთვის ასე სჯობს, რადგანაც მშვიდად არის.
არის და არის..... სხვა არაფერია ან არრრარა..... მათთვის
რომელია უკეთესი?
16.06.06


ვინც სწორად ეძებს ის პოულობს. \
რომ იპოვო, ზემოდან უნდა ნახო, მაღლიდან უნდა გადახედო....   
ვერ ნახავ თუ არ იფრენ .... მაღლიდან თუ ვერ დახედავ,  ვერც იპოვი ..... .

იყო,  ცხოვრობდა, დაფრინავდა, პატარა, რომელმაც ფრთები მოიჭრა თავისი სიყვარულისათვის, რომელსაც სახელად ხან მიზანს, ხანაც მოსვლის არსს, ან აზრს, დანიშნულებას და ათასგვარ რამეს არქმევენ.  
მას სიგიჟემდე უყვარდა ფრენა, დაფრინავდა დღისით, ღამით, მაშინაც როცა იჯდა, როცა ჭამდა, როცა გიჟობდა, როცა უყვარდა, როცა ღალატობდა.... სულ დაფრინავდა, მაგრამ ეს ხომ უსასრულობა იყო. როგორ შეიძლებოდა მუდმივად ეფრინა, ოდესმე ხომ უნდა „დამჯდარიყო“, ვერ ჯდებოდა.
 ყველაზე უზენაესისგან  მიიღო დახმარება, შველა, რომელსაც იგი მუდმივად ითხოვდა, მაშინ როდესაც „დასაჯდომ“ ველს ეძებდა,......  მან კი მიუთითა.... აი აქ არის შენი ადგილიო.... და ისიც დიდის ვაი ვაგლახით  მიფრინდა იმ ადგილას. დიდხანს მოუნდა  გზის გავლას, ბევრჯერ  შეეშალა ამ უკიდეგანო სივრცეში, ბევრჯერ გონებაც აერია და დაავიწყდა სად მიუთითეს, მაგრამ ერთხელ გაბრწყინდა, გაბრწყინდა და ნათლად იხილა ის ადგილი. ჩამოფრინდა, მაგრამ არა ციდან არამედ, იქვე ახლოს... თითქოსდა მის გვერდით ყოფილა ის ადგილი. უბრალოდ დაივანა, ფრთები აღარ სჭირდებოდა და მოიჭრა.  მოიჭრა იმის შიშით, რომ ისევ არ ეფრინა, რადგანაც მთელი ცხოვრება ხომ დაფრინავდა და შეჩვეულიც იყო..... ნახა ის, თავისი, რომელსაც ყველა ეძებს, ზოგი პოულობს, ზოგიც ვერა..... მან იპოვა, რადგანაც ეძებდა, მუდმივად ეძებდა და ამიტომაც სულ დაფრინავდა, რადგანაც ეშინოდა შეჩერების, რომ არ ეფრინა ეშინოდა, რომ ვერასოდეს ვერ იპოვიდა იმას რასაც ეძებდა, იმას რისთვისაც მოვიდა, და რისთვისაც მუდმივად დაფრინავდა...  ამიტომაც იპოვა....  იპოვა და ბედნიერია....
ვინ რას ეძებს და ვინ რას. ბევრნი ეძებენ და ჰგონიათ რომ იპოვეს, ზოგი თავს იტყუებს, რომ იპოვა, და არ აინტერესებ ნამდვილად ის იპოვ კი რასაც ეძებდა? ან ეძებდნენ ასეთები საერთოდ სწორად?
რომელი სჯობს?.......


 16.06.06

იქნებ თოლია იყო, „ჯონათანი“ /ფილაფოზობა/

იქნებ თოლია იყო, თოლია „ჯონათანი“  და პიკასოს მტრედი სულაც არ ყოფილა, უბრალოდ მე ვერ გავარჩიე

მომეჩვენა, რომ  მტრედმა ჩამიფრინა, თეთრი იყო, შუბლზე შემეხო, რომელიც მტკივა და კი არ მამშვიდებს, არამედ მაღიზიანებს, მაიძულებს რაღაცას, თითქოს მითხრა, „ნუ გძინავს... „ იქნებ მომეჩვენა და ეს მტრედი არც იყო ... თოლია იყო, თოლია ჯონათანი, იქნებ შემახსენა, რომ გაჩერება არ შეიძლება, ხავსმოკიდებული და დამყაყებული კი არა მბზინვარე და წინმსწრაფი ძლივს გადის ფონს. გუბეში წყალი ყროლდება და ბაყაყები ცხოვრობენ.......
            მტკივნეულ შუბლს ვისრეს, ვერ გამირკვევია საით წავიდე,
არისტოტელე – ამბობს, რომ ორი რამ არსებობს ადამიანში მატერიალური და სულიერი, საით ჯობს? მერე კი ამბობს, რომ სულიერი სიმდიდრე ჯობს.  მე საით მივდივარ?  გადასახადები, გაზის და შუქის ქვითრები, ბანკის პროცენტები, გზის, საჭმლის, წამლის, ტანსაცმლის, ყვავილების, სუნამოს, სწავლის .... ფული, ფული, ფული.........
            ჯონათანი –„ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს წყვდიადიდან გამოსასვლელად, უბრალოდ უნდა გავიცნობიეროთ ჩვენი შესაძლებლობა, ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ თავისუფლება, ჩვენ შეგვიძლია ვიფრინოთ.“
            პავლოვი –„ადამიანს ორი გონება აქვს, ერთი დიდი ერთი პატარა, პატარა გონება ეს არის ტვინში, რომელსაც ის თვლის გონებად, დიდზე დიდი გონება რაც მას აქვს ეს მისი გულია.“
            რით ასაზრდოებ გულს? იმ გარემო პირობებით სადაც ხარ, სადაც იზრდები, რითაც იკვებები, როგირადაც სუნთქავ, რაც გესმის, ვისაც ხედავ, ვისაც გრძნობ, ან ვერ და არ გრძნობ, რასაც ჭამ, ეხები, აღიქვამ....... ჰოდა ეს პატარა გონებაც მეტს ვერ უძლებს და დიდი გონებამდე ვერ აღწევ, აქედან გამომდინარე შეცდომებს უშვებ....  გამოდის, რომ ისევ ვერ აბარებ გამოცდას და ცდილობ, გამოხვიდე ისე, რომ არ ჩააბარო.
            დალი– როცა ბეღურად დაიბადები, ეცადე, რომ იყო კარგი ბეღურა და ნუ ცდილობ გახდე არწივი.
            მათე – „ნუ დაუყრი მარგალიტებს ღორებს, რამე თუ არა იციან რა არის“
დალი– პირიქით, დაუყარეთ ღორებს მარგალიტები, იქნებ ერთმა მათგანმა მაინც შეიცნოს.
მაინც მგონია, რომ ჯონათანი იყო და არა პიკასოს მტრედი....

12.06.2007

Tuesday, November 12, 2013

აგრარულის ერთი ცხელი დღე - მენეჯმენტის გაკვეთილები


              7.07.2012.

ბოლო შეხვედრას კახას კაბინეტში ნამდვილად ტრაგიკულს დავარქმევდი, ეს მერამდენე სტრესია, უფრო სწორად სტრესის აპოგეა .....
მას მერე ათი შრომატევადი დღე გავიდა, ბოსი აქ არ არის, რა ჩქარა გადის დრო როცა გინდა რომ უამრავი რამ მოასწრო, რაშიც პროფი არ ხარ. როცა ამას აცნობიერებ კიდევ უფრო მეტი მონდომებით ცდილობ ბევრი ისწავლო და პრაქტიკაშიც მოასწრო ამ ერთბაშად ნასწავლის რეალიზება, თან მაშინ, როცა პრესის ქვეშ და ცაიტნოტში ხარ. თუმცა შენი თავიც არანაკლებ გეცოდება, რადგან „ცუდია როცა დეზებს სცემენ ისეთ ცხენს, რომელიც ისე გარბის როგორც შეუძლია და კიდევ უფრო მეტად ვიდრე შეუძლია.“ მე მგონია, ეს მენეჯმენტმა უნდა გაითვალისწინოს, თუმცა რომელ მენეჯმენტზეა საუბარი? ველურზე? ქართულზე? ამერიკულზე თუ იაპონურზე? თუ საერთოდ მის უქონლობაზე?
ერთი კვირა ინტენსიურად ვიმუშავე პროფესიული მზარეულის IV საფეხურის სილაბუსებზე. მართალი ვთქვა ძალიან გამიჭირდა, რადგან სულ სხვა სპეციფიკაა, სხვა საგნებია და სხვა უამრავი დოკუმენტაცია, რომელიც უნდა გაითვალისწინო.  ყველა სასწავლებელს თავისი წესები აქვს, აკრედიტაციის კომისიას თავისი, არის  „სპეციალიზებული მარაზმები,“ რაც  აუცილებლად უნდა შედიოდეს ყველა პროგრამაში და სილაბუსებში, ოღონდ ზოგიერთი  პუნქტი არავინ იცის რატომ. შეიძლება არც იმ ურფინჯუსის ჯარისკაცებმა იციან, რომლებიც მერე აკრედიტაციის საბუთებისთვის უნივერსიტეტებში დადიან და ჩაწერილი ნუსხის მიხედვით „გალაჩკებს“ სვამენ საჭირო ადგილას, არადა როგორ დავიჯერო ყველა ის საგანი ესმით რაც ისწავლება ამა თუ იმ პროგრამის დროს? რა პარადოქსია, ადამიანი სპეციალობის აზრზე არ არის  და ამოწმებს სხვადასხვა საგნების თაიგულს, რომელმაც კომპეტენცია უნდა მისცეს ამ სპეციალობას. როგორ? როცა თვითონ გაგნებაში არ არის?  ეს საინტერესო ფაქტია, მაგრამ ამჟამად ეს ასეა, რადგან ამას ჯადოსნური „ბოლონიის პროცესი ითხოვს.“ ეხლა მესმის კახასი, ამ ბოლონიის გაგონებაზე რომ ბურძგლავს.  ამ ბოლონიის პროცესს რასაკვირველია თვისი პლუსები აქვს, მაგრამ ეს ფორმალიები გაგაგიჟებს, თან შთბეჭდილება გრჩება, რომ ბევრი რამ ისეთმა ადამიანებმა დაწერეს, რომლებსაც არ ემისთ სასწავლო პროცესის რეალური ფორმატი და სერთოდ არ იციან პედაგოგიკა და  დიდაქტიკა. მხედველობაში არ მაქვს რასაკვირველია ჟაკ დელორისნაირები.
მეოთხე სართული, სადაც დროებით ვიჯექი სანამ პროგრამებს და სილაბუსებს ვაკეთებდი ძალიან კარგად შემხვდა.  თეკლამ ყველაფერი გააკეთა ჩემს დასახმრებლად.
ზოგადად ის გარემო, სადაც  ვმუშობდი ეს ერთი კვირა, მომეწონა. მომეწონა ადმიანების თბილი და უშუალო ქართული დამოკიდებულება.
ქართული დამოკიდებულება მიყვარს და რა ვქნა. როგორ შეიძლება ადამიანები ერთ ოთახში ისხდნენ და ერთმანეთს არ იცნობდნენ ან არ ესალმებოდნენ. ამაზე სულ ლალის ძროხა ზოია მახსენდება, რამდენი წელია ლალიმ გაყიდა და ყოველ ჩვენს ჩასვლაზე ბედიანში, როგორც კი თვალს მოგვკრავს ბღავილით იკლებს იქაურობას „ჩამოხვედით გოგოებო როგორ ხართო.“ ზოგიერთი ნაცნობი ზოია კი ისე ჩაგივლის თავისუფალ უნივერსიტეტში, რომ თითქოს პირველად გხედავს და არა სამი ოთხი წელია.....
413 ში ვზივარ, ეს არის ძალიან დიდი აუდიტორია, დაახლოებით  150 კვ, იქნება.  აქ ზის პრორექტორი ზვიადი და ყველა დეკანი თავისი ასისტენტებით. შემოსასვლელიდან მარცხენა მხარეს ოთახის ბოლო კუთხეში გაყოლებაზე გრძელი მაგიდაა, სადაც ყავა, ჩაი, შაქარი ელექტრომადუღარა „მინუტკა“  და სხვა  “აქსესუარები“  ალაგია.  პრიანიკები, ბუბლიკები, ხაჭაპურის „ასკოლკები“ ხილი  „მჭამელს“  ელოდება.  არსად არ არის წყლის რეზერვუარი, არც სანაგვე ვედრო, ყველაფერზე ტუალეტში გიწევს სირბილი.  ამიტომ ყოველ დღე გზის ხრჯებს, წყლის ხარჯიც ემატება.  გრძელი მაგიდის თავში ლევან გულუა ზის, კვების დეკანი, ჩუმი, მაგრამ საინტერესოდ მოსაუბრე ადამიანია, მე მას  ზაზუნას ვადარებ, არ ვიცი რატომ, ფერადი კაცია, არც თეთრი და არც ქერა... ყოველთვის მზად არის რომ  დამეხმაროს, მიწევს კონსულტაციებს, როგორც კვების მეცნიერებების საკითხებში ასევე, ყველა იმ დოკუმენტაციის გაკეთების საკითხებში, რაც აკრედიტაციას სჭირდება.  გაყოლებაზე სხვადასხვა დეკანები და აკადემიური პერსონალი ზის. თეკლე გურიელიძე ჩემი ყოფილი სტუდენტი ბიზნესის სკოლის დეკანია. კარგი სტუდენტი, კარგი ბავში, უმეტესწილად კარგი კოლეგა იქნება. „ამოუცნობია შენი გზები უფალო.“  რომ ვუყურებ სულ მახსენდება როგორი იყო ბავშვობაში, დიდრონი კითხვისნიშნიანი თვალებით, წესიერი და გულმოდგინე, ასეთი სტუდენტი არასდროს მოგატყუებს. მე მისი ადამიანურობის გამოხატვის კონკრეტული მაგალითებიც მაქვს, თუნდაც ვაჟას პრობლემის მოგვარება ქეთასთან ერთად გერმანიაში.
ჩემს გვერდით ახლა ქალბატონი ნინო ზის, პირველად თითქოს ამრეზით შემხვდა, რადგან ყველას  ეშინია ახალი ადამიანების გამოჩენის, ვინ არის და რა უნდაო, აქ კონკურენტის შეგრძნებით გხვდებიან, მაგრამ სწორედ ეს ქალბატონი ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევს ეხლა, ასევე არიან სხვა ქალბატონებიც. ჩუმად ზის პრორექტორი, ზვიადი, მარინასგან გამიგია მის შესახებ, უფრო ახალგაზრდაა ვიდრე მეგონა.
ფანჯრიდან სიმწვანე მოჩანს და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებს, ირგვლივ უამრავი ნარგავია, რაც სიმშვიდეს მატებს. ადამიანებიც არ არიან ქოთქოთა და აგრესიულები.
ზოგადად აქ პერსონალი შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს, ძველები, რომლებიც ცდილობენ რომ მიმდინარე პროცესებს აუწყონ ფეხი და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.   თანამედროვე ტიპის ინტელექტუალი, საშუალო ასაკის პროფესორები-როგორიც დათო ბედოშვილია.  საქმოსანი საშუალო ასაკის სასტავი, როგრიც კანცლერი და მის ირგვლივ მყოფები არიან, და ახალგაზრდები-არა სტუდენტები, არამედ თანამშრომლები და კიდევ ახლადგამოჩეკილი უზრდელი ლექტორები. მათ შესახებ ბევრს ვისმენ სტუდენტებისგან თუ როგორ „აღადავებენ“ „გოიმების სასტავს.“  ზოგიერთ მათგანზე ვერაფერს ვიტყვი, თანამედროვე, ჭკვიანი ახალგაზრდები არიან, რადგან პირადად ვიცნობ, და მგონია, რომ კარგი შანსი აქვთ აკადემიაურ პერსონალად გაიზარდონ.  არიან ისეთებიც, რომლებმაც საზღვარგარეთ კორიდორებში გაირბინეს და ჰგონიათ, რომ ძალიან მაგრები არიან,  უცნაურობებით და ორიგინალობის მცდელობებით.   თანდათანობით ალბათ ყველაფერი დალაგდება, ასე სწრაფად ალბათ ვერ მოწესრიგდება, როგორც თავისუფალ უნიში, რომელიც დალაგებულ და საათის მექანიზმივით აწყობილ იესემის ბაზაზე გაკეთდა, აქ მასშტაბები დიდია და ყველაფერიც „ჩახრონძებული“ იყო. 
დღეს მძიმე დღე ჰქონდათ აქაურებს ჩემსავით, მე სილაბუსების ქაოსში ვიჯექი, ისინი კი შეურაცყოფილად გრძნობდნენ თავს.  საპროფესოროში ყველა იმაზე ლაპარაკობდა, რომ ხალხის გაყრისთვის ისევ მოიგონეს უნარების ტესტი, რომელსაც ტექპერსონალს აწერინებენ. ვინც ეს ტესტი შარშან გაიარა, ძალიან ცუდ დღეშია. რასაკვირველია თანამშრომლები უფრო აკადმიური პერსონალი, რომელიც ამ ტესტს არ წერს, მათ თანაუგრძნობს. იგივე თეკლემ გუშინ, მითხრა, რომ ნინო, რომელიც მისი ასისტენტია, ფაქტიურად გაშვებული იყო, მერე მას დაუვალებია რაღაცეები და აღმოჩნდა, რომ ძალიან საჭირო ადამიანი ყოფილა თავისი უნარებით და ცოდნით.  მოკლედ რომ ვთქვა, ძალიან საინტერესო პროცესები მიდის.  
მე ვუკავშირდები სხვადასხვა საგნის პოტენციურ პროფესორებს, რომლებმაც შეიძლება, რომ IV  საფეხურზე ლექციები წაიკითხინ, რადგან ეს საფეხური უკვე კვების ობიექტების მენეჯერებისთვისაა. გულმოდგინედ ვსწავლობ სტანდარტს, კვალიფიკაციის ჩარჩოს და სხვა ჯოჯოხეთს, რასაც კანონი ითხოვს და მის მიხედვით ვგეგმავ კურიკულუმს.  აი საათების და კრედიტების დათვლა, მისი სწორად განაწილება საერთო კრედიტებთან მიმართებაში, სილაბუსების ზუსტად ისე გაკეთება როგორც აგრუნიშია მიღებული  და სხვა სატანჯველები ჯერ კიდევ წინ მაქვს.
ხვალ პროფესიული სასწავლებლის „იკაროსის“  მასწავლებლებს ვხვდებით, მათ III  საფეხურისთვის სილაბუსები უნდა მოიტანონ, რაც დიდად მეეჭვება, რადგან ფეხს ითრევენ. ბევრ მათგანს ეჭვი ეპარება, რომ ეს საქმე გამოვა. თან რაღაცნაირი შიშის გრძნობა აქვთ, რომ სამსახურს კარგავენ, არადა შეიძლება პირიქითაც იყოს, მაგრამ როგორ უნდა მისცე გარანტია?  ჯერ ამაზე მე და შაკოს პასუხი არ გვაქვს, რასაკვირველია კახას უნდა ვუამბოთ ეს ყველაფერი.
            გუშინ ლაშა გოცირიძემ  აგრარულის რექტორმა,  თამარ კაკუტია გაგვაცნო, რომელიც როგორც „პროფესიულების დედა“ ისე მოიხსენია. ის აქტიურად ჩაერთო ჩვენს საქმიანობაში, თუმცა ჩვენ ვის რა გვევალება და ვინ რაზე ვართ პასუხისმგებელი კონკრეტულად,  არ ვიცით, არ ვიცით რა პოზიციაზეა ეს ქალბატონიც, თუმცა ვიცით, რომ ის განათლების სამინიშტროს კადრი იყო ადრე, მერე კი ერთ ერთი პროფსასწავლებლის დირექტორი.  ეს ქალბატონი სულ „იკაროსში“ ზის, მას ზოგიერთი მასწავლებელი „იკაროსში“ ამრეზით ხვდება და ცდილობს ჩვენგან გაიგოს ვის რას უპირებს  „პროფესიულების დედა,“ თუმცა ჩვენ მით უმეტეს რა ვიცით ამის შესახებ?  თამუნამ, როგორც ის თავის თავს უწოდებს, ყოფილი თანაშემწე მოიყვანა დირექტორად ჩართოლანი, ერთი შეხედვით უწყინარი სვანი და დასვა „იკაროსში,“  ამბობს, რომ ყველაფერს თავიდან ალაგებენ ამ სასწავლებელში, რადგან ქაოსი და უამრავი დარღვევა იყო.  ჩვენ სამს უკვე, შაკოს მე და კაკუტიას, ლაშა რექტორმა კიდევ ერთი დოღლი კაცი   შეგვტენა, პაატა ჩიქოვანი, რამეში გამოიყენეთო, მე და კაკუტიამ ვერაფრით გავიგეთ რაში უნდა გამოვიყენოთ ეს ტიპი. ისე კი ამბობს, მე ეს გამიკეთებია, მე ის გამიკეთებია, კახამ ერთხელ ასე მითხრა, კახამ ერთხელ ისე მითხრა....ო, ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს, ბევრ რამეს....  
ჯერ წინ კახასთან შეხვედრაა,  ბოლო „დაბომბვის“ მერე რა გველოდება მხოლოდ ერთმა  ღმერთმა უწყის ..... გარეთ კი ზაფხულის ხვატია,  აქ კი გაჯის, საღებავების, ვინილის, სამშენებლო მასალების და ნაგვის სუნი დგას...
           


Saturday, November 9, 2013

მენეჯმენტის გაკვეთილები

ზაფხული, აგრარული,  სილაბუსები, ურფინჯუსის ხელები, ლიმნიანი ყავა, ერთ მხარეს გიენების ხროვა მეორე მხარეს ბებერი მგლების და ზოგიერთი უსინდისოდ დაბერებული ადამიანი, კახა „კაცების შოუში“ და შაკუნა ბათუმში

     დილა საკმაოდ ქიქინა იყო, თითქოს შემაცია კიდევაც.
   წყალი ღიჟეა,  ვიბანავე და ნათელას ხმას გავყევი, რადგან მაწონი მინდა, ჩავფორთხდი რასაც ჰქვია ქვევით - კიდევ კარგი რომ ლიფტი მუშაობს, თორემ ვერანაირი მაწონი ვერ ჩამიყვანდა, მეშვიდე სართულიდან - ნათელას როგორც ყოველთვის ხვითქი გასდის,  
-„გეძახდი და ვერ გაგაგონე“   -„აი ამასაც ათიანი აქვს, რაღა ვქნა“, ხურდას 20 თეთრს აკლებს და მეუბნება რომ შემდეგისთვის გაითვალისწინებს, ეს მერანდენედ..........
  დილის ლოცვები და დედას მოფერება, როგორ მენატრება, ჩემი დედუნა, იმის გაფიქრება, რომ ისე მოვკვდები ვერასოდეს ვნახავ, გულს მიკუმშავს თვალები ცრემლებით მევსება.
   კარგი მაწონია, რძის გემო აქვს და თან სულ ახალი შედედებულია, გრილი რძით და არა თბილით, მიყვარს ასეთი მაწონი, ლიმნიანი ყავა მოვიდა ყველთან ერთად  და ცოტა შავი ქინძიანი პურის ქერქიც.
   აუცილებლად უნდა დავწერო დღეს მოყვარულების სილაბუსები, დავურეკო შაკოს, შევუთანხმდე დიდი მაყალი ვინ, როგორ და რანაირად გააკეთოს, ან ალტერნატივა უნდა მოვძებნოთ რამე.  უნდა შევეხმიანო ჩემს შვილებს, ლალის და .... ეჰ კიდევ ბევრი რამ უნდა მოვასწრო, არა, ალბათ ვერა...
   ანგარიშზე არ მქონია, ძალიან ბევრი ფული მეხარჯება მობილურზე, განსაკუთრებით თუ აგრუნიში ვარ, ვინ გინაზღაურებს, ამას ეხლა ბედიანელების და გოგოების მოკითხვაც დაემატა, არა ჯერ ვერ ჩავალ ბედიანში ..... 
  დიზაინით ვიწყებ, შემდეგ ფირნველის ხორცის კვირა, ვწერ კერძების ჩამონათვალს, წარმოვიდგენ მთელ პროცესს და ვასკვნი, რომ წინა წარმოსახვაზე და კერძების მზადების დროის განაწილებაზე შეცდომა დავუშვი, რომ 3 კერძი ჩავწერე, ეს მხოლოდ მაშინ შეიძლება თუ ერთი კერძი მაინც საჩვენებლად ანუ მასტერკლასზე მზადდება და არა ინდივიდუალურად. რამდენჯერ იყო ამ საკითხებზე საუბარი მასწავლებლებთან ერთად და მაინც ვორჭოფობ, როგორ მიიღებს კლიენტი, როგორ გააკეტებენ დემონსტრირებას მასწავლებლები..... იმაზეც ვფიქრობ, ვინ წაიყვანს ამ მოდულს.  კახაიას რომ კითხო ის და ლარისა ყველაფერს თვითონ წაიყვანენ, მაგრამ ეგრე სადაა, დარწმუნებული ვარ შეძლებენ. აი მაკო არ ვიცი რას და როგორ შეძლებს.. მოკლედ .... ვაგრძელებ ....
   ნინჩო რეკავს, ჩემი ნუგეში და მალამო, ენაცვალოს დედა, გონიოში პირველად არიან, არ ვიცი რატომ არჩიეს ბათუმს, აივნიდან მთა და ზღვის ხედი გვაქვსო, მე წარმოვიდგინე და ტანში ჟრუანტელმა დამიარა, გული მწყდება, რომ იქ არ ვარ.   როგორ მინდა, როგორ მინდა....  მახსენდება  „ცა იყო ზღვა და ზღვა იყო ცა, ისინი იყვნენ ერთ სულ და ერთ ხორც....“
   სახლში ქეში არ მაქვს, ანგარიშზე საცოდავი რამდენიმე ლარი მაქვს მხოლოდ, როგორ ვიმყოფინო ხელფასამდე? გზაში უამრავი მეხარჯება, საჭმელში, წყალს ყოველთვის ვყიდულობ, რადგან აგრარულში ვერსად დალევ ... ყულაბიდან რომელშიც ფულს ვაგროვებ,  ვიღებ 20 ლარიანს, ბორჯომს ვყიდულობ და 7 ლარს ვრიცხავ ამ უსინდისო და უნამუსო ჯეოსელში...
     -შაკო - „დიახ ქ/ნო დალი“ - ვიცოდი რომ ასე მიპასუხებდა, როგორც ყოველთვის.
    -სად ხარ, ბათუმში? გულაობ? 
   - არა ქ/ნო დალი, აღრიცხვას ვაკეთებთ და ძალიან დავიღალე, ამონაგები არის თუ არა. რა ხდება, ყველაფერი ხომ უნდა დავითვალოთ?“
 -ჰო, ხვალინდელზეც გირეკავ, რომელ საათზე დავიბარო მაყალის თაობაზე მასწავლებლები? და ვინ დავიბარო? 
    ვთანხმდებით, რომ ყველას ვისაც ვთვლი, რომ გამოცდილია ან ვიზეც მეტყვიან, რომ ამ საკითხის გაეგება ვუკავშირდები და ვიბარებ აგრუნიში;
     -მანუელის მემაყლეს დაურეკე შაკო? 
    ტელეფონში ისტერიული ხარხარი ისმის, ეს რა თქვით რა მაგარია „მემაყლე“ ....         დიდხანს იცინა.     მეც ვიცინი,      -აბა როგორ უნდა თქვა? –
     -მაყალის კაცი, კვდება შაკუნა სიცილით.
   მე კახაიას „დიდებულ გამოსვლებზე მოვუყევი“ რასაკვირველია გაკვრით... შაკუნა გაცხარდა და საქმიანი ტონი შემატა ხმას.....
      რეკვებს ვიწყებ, პირველი იოსავა, მოდის, მეორე კახაია...  მოდის მანუელი... მეკითხება მის „მემაყლეს“ დაურეკეთ თუ არა, მე ვეუბნები, რომ მობილურზე არ პასუხობს, ის სახლის ტელეფონს მაძლევს. მე ისევ ვურეკავ შაკოს და ვაძლევ „მემაყლეს“ რომელსაც გუჯა ჰქვია,  სახლის ნომერს და მობილურს.  მანუელმა თავისი რემონტის ამბავით დაიწყო, მაგრამ დროს გამონახავს, თუ დრო არ ექნება წინასწარ დამირეკავს. ამით როგორც ყოველთვის ცდილობს თავის მნიშვნელოვნებას ხაზი გაუსვას, მერე რჩევა ვკითხე ვის შეიძლება რომ კიდევ დავურეკო, რადგან იქ თონის ამბავი, ფაცხის ამბავიც არის დასაგეგმი, მირჩია ლევანი და როდამი. ვრეკავ ლევანთან,  ბავშვების ისეთი კივილ-წივილი ისმის, რომ ძლივს ვარჩევ რას მეუბნება, მოდის......    როდამმა იმავე წამს მიცნო, მანუელს გადავურეკავო და ვეცდები მოვიდეო-„ჩემი ყოველი საათი გაწერილია და რა ვქნა“ო ...
    -„მესმის, ბ/ნო როდამ,  ჩვენი დროც გაწერილია და თუ ვერ შეძლებთ მოსვლას არ არის პრობლემა“
    ბედიანელებს ვურეკავ, ელენეა, კარგად ვართო, ლაკუნა გიჟს გავს, მას ხომ პრესის და ტელევიზიის გარეშე არ შეუძლია, უკანასკნელ ჯუნგლებში არ იქნება ასეთი პირობები რაც ბედიანს დამართნიაო, კვირაში ერთხელ რომ ვიღაცა პურს შემოიტანდა ისიც არ არისო. ბაბილინა ცუგას და ეკას მდინარეზე ყავდათ, არ ვიციო როგორ შეეგუება ბინას, რადგან აწყვეტილი გიჟი არისო ისე უხარია მთელი დღე ეზოში.....
     ტელეფონში 1 ლარი დამრჩა.....
   ვსადილობ - შემწვარი ქათამი ვიყიდე გუშინ, ყველაზე მწარე მწვანე წიწაკასთან და ვარდისფერ პამიდორთან გაასწორა...  მოვიდა ყავა ლიმნით და ყველით......
      ვაგრძელებ სილაბუსების წერას.....
  თავაუღებლივ ვიმუშავე ....  7 საათი გამხდარა, წამოვდექი, საშინლად დამცხა, კონდიციონერი ჩავრთე და პიანინიოს მივუჯექი........... „ნოსტალგიას“  შევუდექი, ეს ინვალიდი თითი მიშლის ხელს და ნერვებსაც... დიდი ტექნიკით არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ეხლა „ურფინჯუსის“  ხელებივით მაქვს.....
   სარეცხს ვფენ, გვერდითა მეზობელ დიანას საბნები აქვს გამოტანილი, ზემოთა მეზობლის ჩამოსვლამდე უნდა რომ მოასწროს გამზეურება, რადგან ისინი ნაგავს უყრიან ან რამეს აწუწებენ  თურმე....  მისი მეუღლე „მისტერ ულვაში“  რატომღაც დღეს არ დგას და არ ეწევა ძველი პარავოზივით.....
    სამაგიეროდ ქვევით ეზოში „ერთადგილფხანიები“ ლუდის და თევზის პონტს აგდებენ და არის ერთი ბჭობა.....
   ერთი პერიოდი ვაჟას ჩხუბიც ისმოდა... ნეტა ვის ეჩხუბა ეს „უსინდისოდ დაბერებული,  დღეს სანამ კარებთან მივედი ეთერის და ზურას ეუბნებოდა -"მაგათი პლაშადკის შუქის 2 ლარი თქვენ მოეცით მე, ხომ იცით ისინი კარგი გადამხდელები არინ და მოგცემენ-„ო.
   საინფორმაციოს ვუსმენ, აქეთ მიშა და გიენების ხროვა.... იქეთ ბიძინა და ბებერი მგლების ხროვა... იმედზე კახაა „კაცების შოუში.“ ნერვებს მიშლის ეს გადაცემა და უაზრო და ნაძალადევი თითიდან გამოწოვილი ჰა,ჰა, ჰა ხა, ხა,ხა, მაგრამ ეხლა უნდა ვუყურო, აშკარად არ არის ღადაობის ხასიათზე „ბუთქუჩა“ ბენდუქა, როგორც ჩვენ ვეძახით, ნაძალადევი მგონია მისი ღადაობა,  მერე ეს შეკითხვაზე პასუხის დროსაც გამოჩნდა....
      ვაგრძელებ მუშაობას......
    პიმენი.... რასაკვირველია, პრობლემით, როგორც ზოგადსაკაცობრიო, ასევე პირადი და ეხლა უკვე თავისი შვილების ბედიღბალზე მზრუნველი მამიკო...... მე არ მინდა რომ რამეში შევეპასუხო, უბრალოდ ძალა არ მაქვს და სურვილი, და გატრუნული ვუსმენ მის ქადაგებას, შიგადაშიგ ვპასუხობ.... ის თანდათან გადადის სრულიად ჭკვიანურ და ჰუმანურ, მშობლის ტალღაზე და რბილდება..... „დამეხმარე რომ თიკუნამ ყველაფერი სწორად დაალაგოს.“ თიკუნას გათხოვებაზეა საუბარი, რასაკვირველია განიცდის.....  მე ვთანხმდები და მერე თიკუნას ვუხსნი ყველაფერს. ისიც იგებს, ჩემი ცუნციკი... წარმოვიდგენ როგორი ზაგრიანია, თვალებს როგორ აკვესებს და აბრდღვიალებს, ნინო კი ქინდლით ხელშია ალბათ და კიბორჩხალასავით წითელი, ზრუნავს, საუზმეზე, სადილზე, წასვლა-წამოსვლაზე, ბინაზე, თიკო კი მშვიდად მოიხმარს მის ამ სერვისს....
    კვირა დღეა, ზაფხულის ცხელი დღეები, სწორედ ისეთი ზღვას რომ ჭირდება, ზღვას,  თოლიების თავზე სრიალ სრიალით გადაფრენას და ყივილს, მზის ჩასვლის დიდებულ ცერემონიალს სანაპიროზე და ბუჩქებში შეყვარებული დაზაგრული წყვილების მოსიყვარულებას........  ვზივარ და სილაბუსებს ვწერ კულინარიის მომავალი აკადემიისთვის.... რა არის ეს?.... ჩემი მისია? მოვალეობა? ვალდებულება? ანაზღაურება? სურვილი? პასუხისმგებლობა? თუ ....
    ვიღაცეები ამონაგებს ითვლიან, ვიღაცეები „კაცების შოუში“ ღადაობენ, ვიღაცეები ერთმანეთს ჭამენ, ვიღაცეები ბოზობენ, ვიღაცეები ჩემს თვალწინ პატიოსნად უბიწო სახით ატყუებენ ბოსს, ვიღაცეები ზღვაში ლივლივებენ....
      ო, რა ტკბილია სილაბუსების წერააა..........

12 აგვისტო, კვირა, 2012 წელი