Thursday, June 23, 2011

Your mother adopts teen-age fashions. What do you do? დედაშენი იცვამს როგორც თინეიჯერი, რას იზამ შენ?



დეე, რას აკეთებ, მუშაობ თუ შენც დასვენების საათი გაქვს? 

დილიდან ოფიციალურ წერილებს ვაგზავნი, ძალიან დავიღალე, შენი მოფერება მინდა, სწრაფად დავმშვიდდები და შესვენების შემდეგ გასაკეთებელ საქმეს უკეთ გავაკეთებ. ეხლა მერიზე მინდა გეჭორაო, დილას გამაბრაზა, შენზე თქვა „რა იყო რა თინეიჯერივით აცვია, მაინც ვერ დამალავს თავის ასაკს.“

დედუნა, ძალიან მიყვარხარ როცა თინეიჯერულად გაცვია, მთელი კვირა სამსახურში დაძაბულ რეჟიმში მუშაობ, თან იძულებული ხარ ასე თუ ისე  business casual დაიცვა.

ვიკენდებზე ძალიან მიხარია შენთან ერთად სასერინოდ ან სადმე ქალაქგარეთ წასვლა, რადგან მიყვარს როცა სპორტულად იცვამ, მიუხედავად იმისა, რომ სულ წუწუნებ სქელი ვარო მაინც თავისუფალი ჩაცმა გიყვარს და მე ეს მომწონს, ამიტომაც შენი ახალი ყვითელი მაისურისთვის რომელსაც ბეტმენი ახატია, ყვითელი სპორტული ფეხსაცმელები უნდა გიყიდო  წითელი ზონრით. 

ჩემი აზრით, ტანსაცმელს ასაკი არა აქვს, ტანსაცმელს აქვს დანიშნულება, შესაბამის სიტუაციაში, რომ შესაბამისად გეცვას. ვინ დაადგინა, რომ კვასკვასა წითელი ან ყვითელი 12 და 19 წლამდე უნდა ეცვათ? ტანსაცმელი ხომ კომფორტისთვის, სიამოვნებისთვის იქმნება და არა შეზღუდვებისთვის.  მიმაჩნია, რომ ტანსაცმელმა ხელი არ უნდა შეგიშალოს თვითრეალიზაციაში. არ მომწონს, როცა ამობენ, ბალზაკის ასაკის ქალისთვის ცოტა უხერხულია ასეთი ჩაცმა, მე კი,  რატომღაც პირიქით მგონია,  მგონია, რომ თუ შენ ასე ჩაიცვამ მე და ჩემს თაობას, რომელთანაც შენ გიხდება მუშაობა უკეთ გაუგებ, რადგან თავისუფალი ადამიანი ხარ. რადგან ასეთ ფორმაში თავს უფრო მხნედ, ხალისიანად და ახალგაზრდად გრძნობ, ადამიანი, ხომ სულით არის ასაკოვანი და არა ფიზიონომიით. ზოგიერთი ადამიანი თავიდანვე მოხუცი და ნაცრისფერი იბადება, ზოგიერთი კი მთელი ცხოვრება სულით ახალგაზრდა და პროგრესულია. 

როცა შენ თინეიჯერულად ჩაცმულს გიყურებ, ვიცი თუ რატომაც გიყვარს პატარა პრინცი,  „ყველა დიდი ხომ თავიდანვე პატარა იყო“,  და ასევე რატომაც მოგყავს ხშირად ილარიონისა და ზურიკელას დიალოგი – „მე ხომ ვიყავი შენხელა, და შენც ხომ გახდები ჩემხელა – აბა რა განსხვავებაა   ჩვენს შორის?“ .   როცა ოფიციალურად იცვამ მგონია, რომ ის მხიარული და საყვარელი დედიკო აღარ ხარ და ისეთი წარმოდგენა მაქვს, თითქოს სახლშიც სამსახურეობრივ მოვალეობებში ხარ, რომელმაც ეხლა ტრეინინგი უნდა ჩამიტაროს. თინეიჯერულად ჩაცმული კი ჩემი დედიკოც ხარ, მეგობარიც ხარ და თანამოაზრეც,  რომელთანაც შემიძლია ძალიან თავისუფალი ვიყო და არ ვიფიქრო რაღაც შეზღუდვებზე,  რომელიც არ ვიცი ვიღაც ვიღაცეებმა რატომ დააწესეს და ჩვენ საზოგადოებამ რატომ მივიღეთ ასე აპრიორულად.   

პრობლემას ჩვენს თავში ვხედავ, რადგან ეს შეზღუდვები ჩვენ თვითონ დავუწესეთ ჩვენს თავს, ამას თქვენი თაობა გაცნობიერებულად არ აკეთებს, ის არ არის ამაში დამნაშავე, რადგან მან უნებურად დაიბუდა თქვენს ცნობიერებაში,  ამაზე გავლენა თქვენმა ეპოქამ, რომელშიც იზრდებოდით და გარემომ, სკოლამ მშობლებმა, ეკლესიამ იქონია. ასევე გავლენას ახდენს ინფორმაცია, რეკლამა და სხვა უამრავი საშუალება, რომელიც რაღაცას გიწესებს და შენ გაუცნობიერებლად  იღებ, როგორც ჭეშმარიტებას. აბა დაფიქრდეს თითოეული ჩვენგანი, რატომ არ უნდა გავაკეთო ის რაც კანონით არ მაქვს აკრძალული? რა ზიანს მოუტანს ჩემი საქციელი საზოგადოებას  და რა ზიანს მომიტანს მე? თუ ზიანის მომტანი არ არის, რატომ უნდა მოვიკლო ის სიამოვნება რასაც ჩაცმა მანიჭებს? 

თუ სიამოვნებას განიჭებს წითელი კოლგოტკები და სალათისფერი შორტები, რატომ არ უნდა ჩაიცვას დედაჩემმა, ვერაფრით გამიგია, იმიტომ რომ ვიღაცას ეს არ მოეწონება?  

მე კი სწორედ ის მომწონს შენში, რომ შეგიძლია  ამ ასაკშიც თინეიჯერი იყო.

გკოცნი დე, ისევ სამსახურს ვუბრუნდები, ეხლა ჩემს ბიზნეს პარტნიორს სასიამოვნო წერილი–მადლობა უნდა გავუგზავნო.

შენი შვილი
7 ივნისი, სამშაბათი 2011 წელი.


No comments:

Post a Comment