„ Марья боялась Кирьяка, и когда он оставался с нею, то она тряслась от страха и возле него всякий раз угорала, так как от него сильно пахло водкой и табаком. А Фекла, на вопрос, не скучно ли ей без мужа, ответила с досадой: — А ну его! /Антон Чехов “Мужики”/
მატარებელი მიდის და რაღაცა მიაქვს თან, რიტმში კაკუნებენ ბორბლები „დრგნცგნ, დრგნცგნ, დრგნცგნ,“ ჩემს წინ ცხრა მამაკაცი ზის, თავზე მე და კიდევ ორი დაახლოებით ჩემი ხნის ქალი ვადგავართ, ვხვდები, რომ ისინიც თავს შეურაცყოფილად გრძნობენ, ძალიან დაღლილები ვართ, როგორც ქართველი ქალების უმრავლესობა, იმპულსებით გადმოდის მათი ფიქრები ჩემზე, ვხედავ თუ როგორ ათვალიერებენ ცხრავე „მამაკაცს.“
„პირველი“ ორმოაცდაათიოდე წლის იქნება, გაქუცულ ჯინსის შარვალში და ასეთივე გაქუცულ ჯინსის ქურთუკში, ხელში გაზეთი უჭირავს და ხან ერთ ქალს შეხედავს ხან მეორეს, ღია ჭუჭყიანი ცის ფერი თვალები წითურ სახეზე გაიძვერულად უციმციმებს, რაღაც უხარია.
„მეორე“ ბატონ „კოტიტ–სქელოს“ ძლივს რომ შეუკრავს პიჯაკი, ღილები ისეთ დღეში აქვს, რომ მოწყდეს ვინმეს თვალებს დათხრის. ლოყები ყბებს ქვევითამდე ჩამოსვლია, ღიპი კი მუხლებს ქვევითამდე, თვალები კი დახრილი აქვს.
„მესამე“ და „მეოთხე“ ერთმანეთში გაცხარებით საუბრობენ, ვიღაც ანზორის ლანძღავენ და მას უგვანო საქციელს, უზრდელობას და უკულტურობას უწუნებენ.
„მეხუთე“ ნამდვილი „მაძუგაა,“ ზის გაჩაჩხული „გაწკვირინებული“ თვალებით, მაღალი კეხიანი ცხვირით, მოკუმული უტუჩო გაუპარსავი პირით, თითქოს ვიღაცეებში ნაკლს ეძებსო ისე ათვალიერებს მგზავრებს.
მის გვერდით „მეექვსე“ ზის მისტერ „მისტერი,“ შარვალ–კოსტიუმში, თეთრ პერანგსა და ჰალსტუხში, ხელში საქმიანი ჩანთა უჭირავს, ჭაღარა ლოყებღაჟღაჟა კაცია, რასაკვირველია ისიც ფეხებგაჩაჩხული ზის. უცებ თვალები გადმოქაჩა თითქოს საოცრება დაინახა, შემდეგ საფეთქელზე საჩვენებელი თითი მიიდო და დაატრიალა, ტუჩები კი ზიზღით დაპრაწა, თვალი გავაყოლე მის მზერას .......... ახალგაზრდა წყვილი კოცნაობს....... მისტერ „მისტერი“ თავს იქნევს და ნწ, ნწ, ნწს იძახის, ყველას თვალებში უყურებს და რეაქციას ელოდება, ხმას არავინ იღებს, მთელი ვაგონი აზარტში შესულ ვნებიანად მოკოცნავე წყვილს უყურებს, ზოგი სიყვარულით, ზოგი შურით, ზოგი ზიზღით.........
მისტერ „მისტერს“ „მეშვიდე“ მაღალი გამხდარი სპორტსმენი უზის, სპორტული ტანსაცმლით და ჩანთით, იგი უდარდელად ღეჭავს კევს, შემდეგ ბერავს და ატკლაჩუნებს. მის გვერდით მჯდომ „მერვეს“, ხანშიშესულ მამაკაცს ეს არ მოსწონს და რამდენჯერაც კი ის კევს გაატკლაჩუნებს იმდენჯერ შეხედავს გაბრაზებული, მაგრამ გამხდარ „სპორტსმენს“ ეს სრულიადაც არ ანაღვლებს. „მერვე“ საგრძნობლად გაბრაზდა და გვერდით მჯდომ „მეცხრეს“ შეხედა.
„მეცხრე“ ალბათ ოცდაათიოდე წლისაც არ იქნება, ხელში მობილურს ათამაშებს, ხანდახან ძალიან მაღლა აგდებს, შემდეგ ისევ იჭერს და ამით „კაიფობს“. ამ წვიმიანი და ცივი ამინდისთვის შეუსაბამოდ თეთრებშია გამოწყობილი, მისი თეთრი ფეხსაცმლები გვერდით მჯდომი „მერვეს“ საოცრად ჭუჭყიან და უკიდურესობამდე გაცვეთილ ტუფლებს უფრო გამოკვეთილად ხატავს.
მატარებელი ჩერდება, ვაგონი იცლება, ყველა ჩადის........ ალბათ „კაცები“ დაიღალნენ.
28.10.2005